გაზომე სიმართლე — MDF-ის მედიაწიგნიერების კამპანიის ახალი ვიდეო ყალბი ანგარიშების პრობლემას ეხება
იყო დრო, როდესაც ადამიანებს სივრცეში ორიენტირებისათვის კომპასი სჭირდებოდათ, ამ ნივთის გარეშე კი თავს გზააბნეულად გრძნობდნენ. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კომპასის ფუნქცია GPS-მოწყობილობებმა შეითავსეს, თუმცა, სწორედ ამ პროგრესს უკავშირდება პრობლემა, რომელიც არანაკლებ გზააბნეულად გაგრძნობინებთ თავს.
მედიაწიგნიერება — ეს ის GPS-ია, რომელიც ციფრულ სამყაროში თქვენი ყველაზე სანდო მეგზური იქნება. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის გავრცელების საზღვრები მოიშალა და სიტყვა სამყაროში სინათლის სიჩქარით მოძრაობს, დეზინფორმაცია, უზუსტო და გამიზნულად შეცდომაში შემყვანი ცნობები ყველა ადამიანის პრობლემად იქცა.
საზოგადოებაში ამ გამოწვევასთან გასამკლავებელი საჭირო უნარების გაძლიერებისთვის, უკვე წლებია, მედიის განვითარების ფონდი (MDF) სხვადასხვაგვარ საგანმანათლებლო კამპანიას აწარმოებს. მედიაწიგნიერების კამპანია პრობლემური საკითხებისა და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ეს საკითხები მოიცავს სიძულვილის ენას, კიბერუსაფრთხოებას, იდენტობის მითვისების პრობლემას და სხვა.
ყველა ეს თემა MDF-სთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ორგანიზაცია წლის განმავლობაში მართავს ტრენინგებს, ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და ფორუმებს, რომელთა მიზანი მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ონლაინ-პორტალ www.MilLab.ge-ის დახმარებით MDF განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მედიისა და ინფორმაციის წიგნიერების საკითხებს, გვასწავლის ფაქტების ყალბი ინფორმაციისგან გარჩევის ხერხებს და გვთავაზობს სხვადასხვა სახის ონლაინ რესურსსაც, რომლის შესახებ მოგვიანებით მოგითხრობთ.
მედიაწიგნიერება რამდენიმე სასარგებლო უნარის მთლიანობაა. მოკლედ რომ ავხსნათ, ეს არის "ასი ყურისა და ასი თვალის გამობმა" — მასალის გაცნობის, შეფასებისა და დასკვნის გამოტანის სიღრმისეული პროცესი. ინტერნეტში ალბათ არაერთხელ წაწყდომილხართ მკურნალობის საეჭვო მეთოდს ან მომხმარებლის უცნაურ ანგარიშს; ამ შემთხვევებში თქვენ მათი გადამოწმება და შესაბამისად მოქმედება უნდა შეძლოთ — მაგალითად, გასაჩივრება საიტის ადმინისტრაციასთან.
სწორედ ამ თემებზე, მედიაწიგნიერების კამპანიის ფარგლებში, MDF-მა ახლახან ორი ვიდეორგოლი გამოუშვა. პირველი ვიდეორგოლი ინტერნეტში გავრცელებულ მკურნალობის ცრუ მეთოდებს შეეხება. სახალისო სიუჟეტის მიხედვით, გმირი აღმოაჩენს, რომ "კორონას მკურნალი" ექიმი, რომლის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო, სინამდვილეში პორნოვარსკვლავია. ამავე ვიდეოში ვიგებთ, როგორ გადავამოწმოთ ინფორმაციის ნამდვილობა ქუჩაშიც კი და გავზომოთ სიმართლე:
წყაროების ძიება, კონტექსტის გათვალისწინება, ავთენტიკურობის შეფასება და კვლავაც ძალიან ბევრი კითხვის დასმა — მედიაწიგნიერი პიროვნების მიერ მასალის გაცნობის პროცესი ასე გამოიყურება. ამის შედეგად, თანამედროვე მედიაპროდუქტების მომხმარებელს საკუთარი თავისა და სხვების დაცვა შეუძლია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც MDF-მა მედიაწიგნიერების კამპანიის ფარგლებში სახალისოდ გადმოსცა, სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელებული ყალბი პროფილების პრობლემაა. როგორ გავიგოთ, ნამდვილ ადამიანთან გვაქვს შეხება თუ სოციალური ქსელის მიმზიდველი ანგარიშის უკან სულ სხვა ვინმე იმალება? რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს ან ჩვენი მეგობრის ფოტოებს სხვა ადამიანი იპარავს? ამას ამ ვიდეორგოლიდან უკეთ შეიტყობთ:
ამ ვიდეოს სცენარი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლას ეკუთვნის, რომელიც MDF-ის "ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის" გამარჯვებული გუნდი გახდა. გუნდმა გადაწყვიტა, საკითხის პრობლემურობის მიუხედავად, აუდიტორიისთვის ის მსუბუქად მიეწოდებინათ. შესაბამისად, ქართული რეალობისთვის ნაცნობი "რძალ-დედამთილის" სიტუაცია სცენარისათვის ხელჩასაჭიდ იდეად იქცა.
ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა და "ქართველი ელფები"
"ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის" კონკურსის ფარგლებში მაღალკლასელებისგან შემდგარ გუნდებს მულტიმედიაპროდუქტის ან აქტივობის პროექტი უნდა შეექმნათ, რომელიც მედიაწიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ქუთაისის 41-ე სკოლის გუნდის, "ქართველი ელფების" მიერ შექმნილი სცენარის მიხედვით მედიის განვითარების ფონდმა, თომა ჩაგელიშვილის სტუდია T-studia-სთან თანამშრომლობით, ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც იდენტობის მოპარვისა და ყალბი ანგარიშების პრობლემას ეხება.
"როდესაც ყალბ ინფორმაციასა და ინფორმაციულ ოპერაციებზეა საუბარი, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ეს მათ არ ეხებათ", — ამბობს ფონდის დირექტორი, თამარ კინწურაშვილი, — "თუმცა, როგორც კლიპიდან ჩანს, ახალ მედია ეკოსისტემაში იდენტობის მოპარვამ, შესაძლოა, ოჯახურ ბედნიერებასაც კი შეუშალოს ხელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი მოქალაქე ფლობდეს ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტებს, რათა მან საზიანო შინაარსის გონებაში გაფილტვრა თავადვე შეძლოს.
კითხვების დასმა რომ ოჯახური ბედნიერებისთვისაც მნიშვნელოვანია, სწორედ ეს გახდა "ქართველი ელფებისთვის" ამოსავალი წერტილი.
კონკურსში ჩართვის ინიციატორი ფიქრია მასწავლებელი იყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დიდი ხანია, მედიაწიგნიერებითაა დაინტერესებული და სურს, სხვების ინტერესიც გაიზარდოს ამ კუთხით. მას მხარი მოსწავლეებმაც აუბეს; გიგი კაკოიშვილმა, მარი მამაგეიშვილმა, ლუკა ესართიამ, თამუნა ტორაძემ და ლიზა თორდინავამ ახლა თავად შეითავსეს სხვებისთვის სწავლის ფუნქცია.
"მედიაწიგნიერება ამ საუკუნის საჭირბოროტო საკითხია — თუკი წარსულში ხალხის დარწმუნებისთვის სხვა გზებს, მაგალითად, პროპაგანდას მიმართავდნენ, ახლა ამის საშუალებად მედიაპლატფორმები იქცა. ამიტომ, საკითხის წინ წამოწევას ჩემს სკოლაშიც ვცდილობდი. როცა კონკურსის შესახებ ბავშვებს ვუთხარი, იმდენად დაინტერესდნენ, რომ მოგვიანებით თავად შეითავსეს სხვებისთვის სწავლების ფუნქცია. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ხშირად თვითონვე ხდებიან დეზინფორმაციისა და სხვა ხრიკების სამიზნე", — აღნიშნავს ფიქრია მაჩიტიძე
"მედიის განვითარების ფონდი წლებია მედიაწიგნიერების მიმართულებით მუშაობს და მოხარული ვართ, რომ შემეცნებითი ვიდეორგოლის მომზადების ასეთი კრეატიული იდეა ქუთაისის 41-ე სკოლაში დაიბადა და სწორედ ეს გუნდი გახდა ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის ერთ-ერთი გამარჯვებული", — ამბობს თამარ კინწურაშვილი.
გუნდისთვის უნიკალურ შესაძლებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო საკითხი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მათთვისაც არანაკლებ პრობლემურია.
"ეს პროექტი ჩვენთვის საინტერესო, ინოვაციური და უცხოც კი იყო, რადგან ასეთ მრავალფეროვან კონკურსებზე ხშირად არ მიგვიწვდებოდა ხელი", — ამბობს გიგი, — "პირობების გაცნობისას მივხვდით რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის შეწუხებული იყო ყალბი ანგარიშებითა და სოციალურ ქსელში იდენტობის მოპარვის პრობლემით. შესაბამისად, გაგვიჩნდა სურვილი, რომ ამ მნიშვნელოვან პრობლემასთან გამკლავებაში და მის პრევენციაში ჩვენი წვლილიც შეგვეტანა. ასევე, სხვებისთვის გაგვეზიარებინა გამოცდილება და მედიაწიგნიერების უნარები, რომელიც დღეს ყველასთვის საჭიროა".
საკუთარი შესაძლებლობების და იდეების სხვებისთვის გაცნობა კონკურსის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო თამარისთვისაც. მარი კი, რომელიც პროექტში მეგობრის რჩევით ჩაერთო, ამბობს, რომ მასში მონაწილეობამ საკითხის შესახებ მეტის გაგების სურვილი გაუჩინა.
რა შემძინა პროექტში მონაწილეობამ
როგორც ბავშვები აღნიშნავენ, პრობლემის აქტუალურობის მიუხედავად, კონკურსამდე მედიაწიგნიერების მეთოდების შესახებ დიდ ინფორმაციას არ ფლობდნენ, შესაბამისად, განვითარებასთან ერთად, პროექტმა მათ თავდაჯერებაც შესძინა.
"დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის შემდეგ პიროვნულადაც განვვითარდი, რაც არა მხოლოდ ჩემს უნარებსა და გამოცდილებაში გამოიხატა, არამედ ჩემი წარმოდგენა და დამოკიდებულებაც შეიცვალა ვირტუალურ სივრცესთან მიმართებით", — აღნიშნავს გიგი, — "მივხვდი, რომ მთავარია, ვიყოთ ისეთი მოქალაქეები, რომელთაც [მედიაწიგნიერების] განვითარებული უნარები ექნებათ, რათა ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს პრობლემის გადაჭრაში და ეს ერთი ადამიანის საქმე არ იყოს. ამდენად, ამ პროექტმა მასწავლა, როგორ ვიბრძოლო საკუთარი თავის დასაცავად, როგორც ონლაინ, ასევე რეალურ სივრცეში. ამასთან, როგორ გადავცე საკუთარი ცოდნა სხვას".
ლიზა ამატებს, რომ კონკურსის საშუალებით ბევრი საინტერესო ადამიანიც გაიცნო და მათთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა, რაც, ასევე ბევრისმომცემი აღმოჩნდა.
"ახლა, როცა გამარჯვებულები ვართ, ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, თავდაჯერებულობა შემმატა და მისი შედეგი, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწორედ შემართებისა და მოტივაციის გაზრდა იყო", — აღნიშნავს ლუკა.
თავდაჯერებულობის და მოტივაციის გაზრდა ის შედეგებია, რომლითაც ფიქრიაც აფასებს კონკურსში მონაწილეობას. მისი თქმით, პროექტში მათ ჩართვას გარშემომყოფები ოპტიმიზმით არ უყურებდნენ, თუმცა, გამარჯვების შემდეგ მოსწავლეების შემართება იმდენად გაიზარდა, რომ სხვა კონკურსებშიც გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება და გამარჯვებაც მოახერხეს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იღებ იმას, რაც ცხოვრებაში გამოგადგება. როცა ჩამოვედით თბილისიდან, სხვებიც დაინტერესდნენ ჩვენი პროექტით და მას გაეცნენ. მართლაც განსაკუთრებული სტიმული იყო, რომ მომავალში უფრო დიდი საქმეები გავაკეთოთ".
მედიის განვითარების ფონდი ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ცალკეული კამპანიების გარდა, MDF-ს მედიაწიგნიერების რესურსების ბაზა — Millab.ge — აქვს, სადაც თავმოყრილია სტატიები, თამაშები, ქვიზები, სასარგებლო ბმულები თუ პუბლიკაციები, რომლებიც ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.
კომენტარები