2020 წლის დასაწყისში ჩინეთში წასვლის გეგმებს ვაწყობდი. როცა ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დიდი ხანი იმედს არ ვკარგავდი. იქამდე, სანამ მკაცრად არ გამომიცხადეს, რომ სახლიდან ცხვირი არ გამომეყო.

ფოტო: dribbble/Nick Matej

ამ პერიოდის განმავლობაში, ნებით თუ უნებლიეთ, ყველამ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენი მეხსიერება ახლა უკვე ისეთ რაღაცებს მოიცავს, რაც ჩვენი თაობისთვის აქამდე უცხო იყო. ამიერიდან სულ გვემახსოვრება ცარიელი ტურისტული ადგილების, გადავსებული საავადმყოფოების, თავიდან-ფეხებამდე შეფუთული ექიმების და პირბადეს ამოფარებული ადამიანების კადრები.

შეუძლებელია ამ ყველაფერმა შენზე გავლენა არ იქონიოს, არ შეგცვალოს და სამყარო სხვა თვალით არ დაგახანოს, თუნდაც გაუცნობიერებლად.

ფოტო: dribbble/Kim Baschet

დროის მანქანა რომ გვქონდეს, წარსულში დავბრუნდეთ პანდემიამდე და ჩვენს თავს შევხვდეთ, შეიძლება საერთოდ ვერ ვიცნოთ საკუთარი პიროვნება. თუმცა მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იქნება. ნამდვილად შეგვიძლია, ახალი გამოცდილებით რამდენიმე რჩევა მივცეთ.

1. ისეირნე ბევრი და ღრმად ისუნთქე სუფთა ჰაერი

ფოტო: gfycat

ჩემს ბავშვობაში ცნობილი იყო ასეთი ფრაზა: "მალე ჰაერზეც მრიცხველს დაგვიყენებენ". მაშინ კარგად ვერ აღვიქვამდი მას, მაგრამ პანდემიის დაწყებისას, ხშირად მახსენდებოდა ის. მართალია, არავინ გვითვლის, რამდენი ჩავისუნთქეთ ან ამოვისუნთქეთ, მაგრამ თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა ნამდვილად დავკარგეთ. ღრმად ჩასუნთქვა მხოლოდ პირბადეში შეგვიძლია, რაც ყველამ ვიცით, რომ არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია.

2. ჩაეხუტე რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რაც შეიძლება ხშირად

ფოტო: dribbble / Alessia Margarita

ყველაფერთან ერთად, პანდემიამ ადამიანებთან თავისუფლად კონტაქტის საშუალება წაგვართვა. არადა უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ჩახუტება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

ჩახუტების დროს ვგრძნობთ ერთმანეთის სითბოს და სიყვარულს, ასე გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას სიტყვების გარეშე. მეტს აღარ გავაგრძელებ, ვიცი ისედაც გენატრებათ სხვებთან თავისუფლად ჩახუტება. იმედია მალე ეს პროცესი კოვიდის გადადების რისკთან აღარ იქნება დაკავშირებული.

3. იყიდე ველოსიპედი

ფოტო: dribbble/ Anastasiia Andriichuk

კომენდანტის საათმა და მანქანების აკრძალვამ, ველოსიპედი ჩემი სავაჭრო სიის მოწინავე რიგებში გადაანაცვლა. უცნაური იყო იმის აღმოჩენაც, რომ თურმე ჩემ გარშემო იმაზე მეტ ადამიანს ჰყავს ველოსიპედი ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. თუმცა ალბათ ველოსიპედი იყიდეს ნაცვლად ჯერ ვეტყოდი, ველოსიპედის ტარება ისწავლე და მერე აუცილებლად იყიდე, გამოგადგება.

4. შოკოლადი პრობლემებს არ გადაგიჭრის

ფოტო: dribbble / Qais Sarhan

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ სტატიის წერის მომენტშიც კი შოკოლადით ვცდილობ ჩემი პრობლემების გადაჭრას, ვხვდები, რომ ეს არარაციონალური გადაწყვეტილებაა და გამოსავალი არ არის.

მესმის, ძნელია გასაჭირის დროს, შველა ტკბილეულში არ ეძებო, მაგრამ სანამ შემდეგ შოკოლადს შეჭამ, ხუთი წუთი დაფიქრდი, მართლა გინდა ის თუ უბრალოდ შენი ემოციების გაანალიზებას ცდილობ. მეც ამ წამს, სწორედ ასე მოვიქცევი.

5. ბევრი პრობლემა, რაც ახლა გაქვს, მალე უმნიშვნელო გახდება

ფოტო: dribbble / Lemons (ex-Lemon Digital)

გეგმების გაუქმების ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მათ შესასრულებლად დაგეგმილი საქმიანობების გაკეთება საჭირო აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ბევრი ახალი პრობლემა გააჩინა, ზოგიერთი ძველი გააქრო ჩვენი ცხოვრებიდან.

ალბათ ასეთ დროს ხვდები, რომ ხანდახან შეგიძლია შენს პრობლემებს უფრო მსუბუქად შეხედო და თავი დაარწმუნო იმაში, რომ ყველაფრის გადალახვას შეძლებ, იმიტომ რომ გლობალური პანდემიაც კი გამოვლილი გაქვს.

6. ცოტა ფული დაზოგე

ფოტო: dribbble/Lucas Ferreira

ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთულად შესასრულებელი პუნქტია. თუმცა აშკარაა, რომ ყოველთვის უნდა სცადო, რაიმე დანაზოგი გქონდეს.


ჩემი ტაქტიკა ასეთია, ყოველი ხელფასის დროს 10% ვინახავ. არ აქვს მნიშვნელობა ეს თანხა რა რაოდენობისაა, მაინც გულს ვიმშვიდებ, რომ რაღაც დანაზოგი მაქვს. შენ რა თქმა უნდა, შენზე მორგებული სისტემის შემუშავება შეგიძლია, რომელიც დაგეხმარება შენი ფინანსები ისე წარმართო, რომ გლობალური პანდემიის დროსაც კი არ შეუშინდე სრულიად უფულოდ დარჩენას.

7. ხელები ხშირად დაიბანე

ფოტო: dribbble/Paul

გლობალური პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ჰიგიენის მინიმალური ნორმები დავიცვათ. ხელების დაბანა ჩვენი რუტინის ნაწილი უნდა იყოს, რომ ბაქტერიებმა ვერ მოახერხონ ჩვენი იმუნური სისტემის დამარცხება.

8. ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის

ფოტო: dribbble/ Edgar Vehbiu

ამ წინადადებას საკუთარ თავს ისედაც ხშირად ვეუბნებოდი. ალბათ ეს ის ფრაზაა, რომელსაც ჩემი თავი, პანდემიის დაწყებამდე, აქეთ მეტყოდა ერთმანეთს რომ შევხვედროდით. მე კი ვუპასუხებდი, რომ ჯერ კიდევ გრძელდება ეს პროცესი და უკვე აღარ ვიცით, რომელი ტალღა გვიახლოვდება. ის კი მიპასუხებდა: "საბოლოო ჯამში, დადგება მომენტი, როცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩება და მხოლოდ ჩვენი მოგონება იქნება, მანამდე კი უბრალოდ ეცადე და ხშირად დაიბანე ხელები".

9. კარგი რაღაცები აუცილებლად მოხდება

ფოტო: dribbble / Amy Webb

მიუხედავად ქაოსისა და არც თუ ისე სასიამოვნო ახალი ამბებისა პანდემიის დროს, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ კარგიც ბევრი რამ ხდებოდა. მაგალითად, ხელოვანი ადამიანები თავიანთ შემოქმედებას უფასოდ გვიზიარებდნენ, ოჯახის წევრებთან მეტ დროს ვატარებდით და შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანი მათ უფრო დაუახლოვდა. ადამიანებს საშუალება მიეცათ ახალი საქმიანობა აეთვისებინათ, ზოგიერთმა სამსახური დაკარგა, მაგრამ უკეთესი დაიწყო. ზოგმა კი დააფასა ის, რასაც აქამდე არ აფასებდა და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა.

ამ საკითხში ყველას გამოცდილება ინდივიდუალურია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი მაგალითი შენ არ შეგეფერება, დარწმუნებული ვარ, თუ დაფიქრდები და შენს ცხოვრებას გადახედავ, მიხვდები რომ შენ გარშემოც მოხდა რაღაც ძალიან კარგი.

10. არ გამოტოვო არც ერთი კონცერტი

ფოტო: dribbble / Illko Tkachenko

მწერალმა ფრენ ლებოვიცმა თქვა, რომ მუსიკა ერთადერთი "ნარკოტიკია", რომელიც ბედნიერებას განიჭებს და თან შენს ჯანმრთელობაზე ცუდად არ მოქმედებს. მისი მიღების საუკეთესო საშუალება კი კონცერტია.

ჩვენ ყველას გვაქვს მოგონება საყვარელ კონცერტზე, პირველ კონცერტზე, კონცერტზე რომელზეც ძალიან ბევრი ვიცეკვეთ, ბოლო ხმაზე ვიმღერეთ, ისეთი კონცერტებიც კი სასიამოვნო გასახსენებელია, როდესაც შენმა საყვარელმა ბენდმა, შენი საყვარელი სიმღერა არ დაუკრა. თუკი პანდემიამდე ვფიქრობდი, რომ რომელიმე კონცერტის გაცდენა შეიძლებოდა, ახლა უკვე მჯერა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ამიტომ ჩემს თავს ვეტყოდი, ნუ მოძებნი უარის თქმის მიზეზებს, აუცილებლად წადი ყველა კონცერტზე!

ბონუსი: ნუ ინერვიულებ მომავლის გეგმებზე, უბრალოდ ცხოვრებით დატკბი

ფოტო: dribbble/Lobster

ალბათ ამ დროს ჩემს პანდემიის წინა დროინდელ თავს გაეცინებოდა და მეტყოდა: "რა გინდა ისე ვიცხოვრო თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს?!", მე კი ვეტყოდი — "არა, მინდა ისე იცხოვრო, რომ დააფასო დღევანდელი დღე და გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. იოცნებო, გეგმები დააწყო, სურვილების ახდენა სცადო, მაგრამ იმედებს ნუ დაამყარებ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა".

როდესაც მომავალზე ვფიქრობთ, ხშირად წარმოვიდგენთ, რომ ის იმაზე უკეთესია, ვიდრე აწმყო. თუმცა ჩვენი მომავალი ჯერ არ არსებობს, სწორედ ამიტომ იმაზე ფოკუსირება სჯობს, რაც არის ჩვენს ცხოვრებაში და თუკი რაღაც არ გამოვიდა, არა უშავს, კიდევ ვცადოთ, როცა ფრენები გაიხსნება, ერთმანეთს ჩავეხუტებით და ბოლო პირბადეს მოვისვრით სანაგვეზე.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.