გაეცანი პირველ კონსტიტუციას აქ.ახლა — თიბისის ანიმაცია ისტორიული დოკუმენტის შესახებ
წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წლისთავი აღინიშნება, თუმცა, 2021 წელი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის განსაკუთრებული იუბილეცაა — საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა.
100 წლის განმავლობაში საქართველომ რთული გზა გამოიარა, თუმცა, ღირებულებები, რომლებიც საუკუნის წინ ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტით განისაზღვრა, კვლავაც რჩება ქართული სახელმწიფოს საფუძვლად.
სწორედ პირველი კონსტიტუციისა და მისი ღირებულებების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა თიბისის მიერ შექმნილი ანიმაციის მიზანი. ანიმაცია 26 მაისის აღსანიშნავად შეიქმნა და მისი ნახვა უკვე შეგიძლიათ.
რა იყოს ანიმაციის შექმნის მიზანი და როგორ განხორციელდა ის — ამაზე თიბისის მარკეტინგული ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი, საშა მაყაშვილი, საუბრობს.
"უკვე რამდენიმე წელია, რაც თიბისი 26 მაისის აღსანიშნავად საინტერესო და შემეცნებით კონტენტს ამზადებს", — აღნიშნავს საშა, — "და რადგან წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავთან ერთად, პირველ კონსტიტუციასაც შეუსრულდა 100 წელი, გადავწყვიტეთ, მთავარი თემა სწორედ კონსტიტუცია ყოფილიყო. ამიტომ, ანიმაციასთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკისა და მისი დირექტორის, გიორგი კეკელიძის, მხარდაჭერით შევქმენით ფილმი, რომელიც უკვე განთავსებულია ჩვენს ფეისბუქგვერდზე. ფილმში გიორგი პირველ კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობის აქტზე გვიყვება, ხოლო ანიმაცია უკვე ამ თემის გაგრძელებაა.
"მისი მიზანია, ერთი მხრივ, თანამედროვე და საინტერესო ფორმით ამ საკითხზე ისაუბროს, მეორე მხრივ კი, მასში ყურადღებაა გამახვილებული პირველი კონსტიტუციის ცალკეულ მუხლებზე, რომლებიც ცხადყოფს, რამდენად თანამედროვე დოკუმენტი იყო ის და როგორ ხედავდა სხვადასხვა ფასეულობას, თუნდაც ადამიანის უფლებებს".
ანიმაციაზე მხატვარმა გიორგი ჯინჭარაძემ და სტუდია ანიმატორმა იმუშავეს. ტექსტის შესაქმნელად კი კოლაბორაცია შედგა მწერალ ტორესა მოსისთანაც. როგორც საშა აღნიშნავს, პროექტის განხორციელება მოკლე ხანში მოხერხდა, რაც წარმატებულ თანამშრომლობაზე მეტყველებს.
პროექტის მნიშვნელობას ხაზს უსვამს გიორგი ჯინჭარაძეც.
"ანიმაციის მთავარი თემა არის 1921 წლის კონსტიტუცია და ვეცადეთ, მასში ხაზი გაგვესვა იმაზე, რომ დიდი ხნის წინ ამდენად პროგრესული და დემოკრატიული დოკუმენტი მიიღეს — რამდენად თანამედროვე ფასეულობებზე დამყარებული კონსტიტუცია გვქონდა 1921 წელს, რომელიც, რეალურად, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციის ფუნდამენტიც არის", — აღნიშნავს გიორგი, — "შესაბამისად, ანიმაციაში აღნიშნულია ცალკეული მუხლები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს, თანასწორობას და სხვა".
ნამუშევარზე მხატვარი თითქმის ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა; თავდაპირველად, საჭირო იყო შესაბამისი მასალის მოკვლევა: იმდროინდელი სიმბოლიკისა და ფოტომასალის. ამასთან, ანიმაციაში ერთგვარი პარალელებიცაა გავლებული მაშინდელ და დღევანდელ სახელმწიფო სიმბოლოებს შორის, რაც, როგორც ჩანს, გამიზნული იყო.
"ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ის, პირველ რიგში, საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს", — აცხადებს გიორგი, — "კონსტიტუცია, ერთგვარად, სახელმწიფოს 'ტონია' — ვინ ვართ და რაზე ვთანხმდებით მთელი ქვეყანა. ამდენად, მჯერა, რომ რაც უფრო მეტად იქნება თითოეულ ჩვენგანში გამჯდარი ის ღირებულებები, რაც კონსტიტუციაში ნათლადაა აღბეჭდილი და რაც უფრო ხაზს გავუსვამთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით მეტად ეფექტური იქნება. სწორედ ამის განხორციელების საშუალება იყო ჩემთვის ანიმაციაზე მუშაობა".
პროექტის საგანმანათლებლო მისიაზე და თიბისისთვის ამის მნიშვნელობაზე საუბრობს საშაც.
"უპირველესად, უნდა ითქვას ის, რომ ჩვენთვის 26 მაისის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არ ვართ, უბრალოდ, მაღალტექნოლოგიური კომერციული კომპანია; ჩვენ ასევე ვართ მნიშვნელოვანი ძალა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საინტერესოდ მოვყვეთ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, როგორიც დამოუკიდებლობაა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს თემები ახალი თაობისთვის იყოს აქტუალური. თანამედროვე 'სთორითელინგის' მეთოდების გარეშე ადვილად შეიძლება დავიწყებას მიეცეს ისეთი ნიშანდობლივი ცოდნა, თუ რას წარმოადგენდა პირველი კონსტიტუცია და რამდენად მნიშვნელოვანია ის დღევანდელი გადასახედიდან. ამდენად, ჩვენი მიზანია, ადამიანებმა იცოდნენ, რას წარმოადგენდა ეს დოკუმენტი და, ასევე, წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ 'საიდან მოვდივართ' — რა არის საფუძველი ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა".
კომენტარები