მსოფლიოში მომაკვდინებელი სოკოთი ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს
როგორც Scientific American იუწყება, მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი გადაყავთ საავადმყოფოში სოკოვანი დაავადების გამო, თუმცა სინამდვილეში დაავადებას მილიონობით მოქალაქე მკურნალობს, რომელთა დიდი ნაწილი არ აღირიცხება.
ახლა ექსპერტებს ის აწუხებთ, რომ ეს ხშირად მომაკვდინებელი სოკო მთელ მსოფლიოში უფროდაუფრო ვრცელდება და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სოკოთი ავადდებიან და რომლებიც გამანადგურებელ სიმპტომებს განიცდიან.
ეს ერთგვარი შეხსენებაა იმისა, ვირუსული ინფექციები ერთადერთ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს. მეტიც, სოკოების და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი საშინელი ეფექტების შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით, ეს კი ხაზს უსვამს როგორც მათი შესწავლის, ასევე სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდების შემუშავების მნიშვნელობას.
Scientific American-ის მიხედვით, სოკოვანი ინფექციის, სახელწოდებით კოქციდიოდომიკოზის შემთხვევები აშშ-ში იმატებს, მთავარ სიმპტომებს კი დაღლილობა, ხველება, სუნთქვის უკმარისობა და ღამის ოფლიანობა წარმოადგენს.
მძიმე შემთხვევების დროს, ინფექცია შესაძლოა ფილტვებიდან მთელ სხეულში გავრცელდეს და საჭირო გახდეს ინფიცირებულისთვის სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება და ჰოსპიტალიზაცია. ინფექცია განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთში, თუმცა იშვიათია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. მის გავრცელებას ხელს უწყობს მშრალი პირობები, გასული ათწლეულის მანძილზე კი დედამიწაზე გვალვა არც ისე იშვიათ მოვლენად იქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ სოკო განსაკუთრებული სიმსუბუქით გამოირჩევა და ქარს მისი ასობით კილომეტრზე გადატანა შეუძლია.
სტატისტიკის მიხედვით, სოკოვანი დაავადების მქონე პაციენტებში დაახლოებით 100 შემთხვევიდან ერთი არის სიცოცხლისთვის საშიში. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახლო მომავალში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.
კიდევ ერთი სახეობის სოკო — Sporothrix brasiliensis სწრაფად ვრცელდება ბრაზილიაში და ადამიანებს უსახლკარო კატების ნაკაწრით, კბენით ან ახლო კონტაქტით გადაედება.
Scientific American-ის მიხედვით, 2004 წელს ბრაზილიაში ამ სოკოს მხოლოდ 759 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს კი — 12 000-ზე მეტი. Sporothrix brasiliensis უკვე გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთით და არსებობს შანსი, რომ მან უკვე აშშ-სკენაც იპოვა გზა.
ასევე იხილეთ:
კომენტარები