პარლამენტის დეპუტატი, სოზარ სუბარი, რომელიც დმანისში იმყოფება, ამბობს, რომ ვითარება დამშვიდებულია და ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა მხარეს ხვდებიან.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, 16 მაისის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ყველა პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის რაც მოხდა იყო არასწორი, იყო გაუგებრობა. მოჰყვა წუთიერ აღელვებას და დაწყნარდება ყველაფერი", — აღნიშნა სუბარმა.

დმანისში დაძაბულობა 16 მაისს დაიწყო. დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ "ჩვეულებრივი ჩხუბი იყო ახალგაზრდებში". მისივე ცნობით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას არ შეუწყონ ხელი. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ დმანისში მიმდინარე მოვლენების დროს რამდენიმე პირი დააკავეს.