მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობას აღდგომა მიულოცეს, რამაზან ბაირამი — არა
მაშინ, როცა სახელმწიფო უწყებებს არასდროს ავიწყდებათ მართლმადიდებელი მრევლისთვის რელიგიური დღესასწაულების მილოცვა და მეტიც — ხშირად მათ პრივილეგიებსაც ანიჭებენ, უყურადღებოდ რჩებათ რელიგიური უმცირესობები, მათ შორის იმ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ან არცთუ მცირე ნაწილი მუსლიმია. ალბათ ყველას შეგხვდებოდათ აღდგომის მილოცვა სხვადასხვა უწყების ოფიციალურ Facebook გვერდზე, მაგრამ ასეთივე სიხშირით ვერ ნახავდით ბაირამის მილოცვას.
მაგალითად, დმანისის, ბოლნისის, ქობულეთის, ახმეტისა და სხვა მუნიციპალიტეტების სააღდგომო მილოცვები ოფიციალურ Facebook გვერდებზე ოპერატიულად გამოქვეყნდა, თუმცა ბაირამის შემთხვევაში ან მერების პოსტები გააზიარეს, ან საერთოდ არ გამოხმაურებიან, ან მილოცვა "დაავიწყდათ". საპასუხოდ, აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში საპროტესტო კამპანია წამოიწყეს და ადგილობრივ თვითმმართველობებს ბაირამი მიულოცეს.
მილოცვები გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაიწყო და რამდენიმე საათში სხვებიც შეუერთდნენ. კერძოდ, პროცესში ჩაერთნენ აქტივისტები ბოლნისიდან, დმანისიდან, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან. ასევე, მუსლიმები წალკიდან და აჭარიდან.
"ადგილობრივ დონეზე მოლოცვის არარსებობა ნათლად გვიჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ თვითმმართველობებს მუსლიმი თემის მიმართ და როგორ არიან ისინი გარიყულები თვითმმართველობის მუშაობიდან", — აცხადებენ აქტივისტები.
"პატარა მანიფესტაცია რეგიონებში არსებული დიდი პრობლემებისა", — ასე ხსნის ამ ქმედებას ერთ-ერთი აქტივისტი, ქამრან მამმადლი. ის On.ge-სთან საუბრისას ამას პოზიტიურ პროტესტს უწოდებს.
"ეს აქტივიზმი, თვითორგანიზების პრაქტიკები და სოციალური ქსელების გამოყენება საკუთარი ხმის გასაგონებლად, საკუთარი ხმის წართმეული ყოფის შესაცვლელად, არის ახალი რეალობა ჩვენთვისაც. ჩვენი ეს რეაქცია და პოზიტიური პროტესტი სოციალურ ქსელებში იყო წელს, თუმცა წლების განმავლობაში ეს არმილოცვის პრაქტიკები არის ჩვეულებრივი მოვლენა ყველა მუნიციპალიტეტში", — აღნიშნავს ის.
ქამრან მამმადლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "არმილოცვა" ადამიანების ყოფაზე დიდ გავლენას არ ახდენს, ის არსებული რეალობის საილუსტრაციო მაგალითია.
"ყველაზე დიდი გამოწვევა, ალბათ, არის ის, რომ ამ მუნიციპალიტეტებში, საჯარო სამსახურში დასაქმებულები ვერ ხედავენ, რომ ისინი ადგილზე მცხოვრები ადამიანების წუხილებს, გამოწვევებს, რეალობას უნდა ასახავდნენ", — ამბობს ის.
მისი ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ იქ დასაქმებულები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იქნებოდნენ, კითხვები თავადაც გაუჩნდებოდათ.
ქამრან მამმადლი
ფოტო: GoGiTa Chikvaidze / Vimeo.com
"მაგრამ ამ კითხვის არარსებობა ზუსტად სისტემაში არსებულ დიდ ხარვეზზე მიუთითებს — თვითონ დასაქმების პოლიტიკაც პრობლემურია ეთნიკური უმცირესობების მიმართ და მთლიანად მოშლილია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტერესები", — აღნიშნა მან.
მამმადლი გვეუბნება, რომ არსებული რეალობის შესაცვლელად სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, საჯარო სამსახურების რეფორმირებაც მნიშვნელოვანია.
On.ge სხვადასხვა მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. როგორც ბოლნისის მერიაში განაცხადეს, მილოცვა მერისა და მაჟორიტარი კანდიდატის გვერდებზე გამოქვეყნდა. უწყების განმარტებით, მუნიციპალიტეტის გვერდიდან "ასეთ დღესასწაულებს" არ ულოცავენ. თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მერის მილოცვა გაზიარებული აქვს, ბაირამის — არა.
"მილოცვები ბაირამთან დაკავშირებით იდება მუნიციპალიტეტის მერის გვერდიდან, კმაყოფილი მოსახლეობაც გამოგვეხმაურა და ჩვეულებრივად, მადლობებიც ეწერა", — გვითხრეს უწყებაში.
რაც შეეხება ქობულეთს, მერიაში ამბობენ, რომ ოფიციალურ გვერდზე ბაირამის მილოცვა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აიტვირთა, თუმცა, მათივე თქმით, პოსტი გამოქვეყნდა მერის, მირიან ქათამაძის ფეისბუქგვერდსა და ქობულეთის მერიის ოფიციალურ ვებსაიტზე.
"უბრალოდ, ქობულეთის მერიის ორი გვერდი გვაქვს ჩვენ. ერთი ხარვეზით მუშაობს, მეორე საერთოდ დაგვიბლოკეს, შესაბამისად, ტექნიკური ხარვეზის გამო, ჩემმა კოლეგამ ვერ ატვირთა მასალა. თუმცა მერიის ოფიციალურ გვერდზე და მერის ფეისბუქგვერდზე არის ჩვეულებრივად ატვირთული და ვერ მივიღებთ ამ შენიშვნას, რომ უყურადღებოდ ვტოვებთ მუსლიმ მრევლს", — გვითხრეს მერიაში.
რაც შეეხება აჭარის მთავრობას, მაშინ, როცა უწყება ოფიციალურ Facebook გვერდზე მილოცვასთან ერთად აქვეყნებს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფოტოს ეკლესიიდან, ბაირამზე მხოლოდ რიჟვაძის გვერდზე დაწერილი პოსტის გაზიარებას ჯერდება. მიუხედავად ამისა, მთავრობაში ამტკიცებენ, რომ მილოცვები მხოლოდ "პირველი პირების" ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე დევს. დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ აკეთებენ.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ორივე დღესასწაული მიულოცა, როგორც აღდგომა, ასევე, ბაირამი, თავის პირად გვერდზე. ის არის რეგიონის პირველი პირი", — აცხადებენ უწყებაში.
წალკის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ბოლოს 14 მაისის პოსტი იძებნება, მანამდე კი, 28 აპრილის შემდეგ არაფერი გამოქვეყნებულა. თუმცა მილოცვა გამოქვეყნებულია მერის ოფიციალურ გვერდზე.
ბაირამის მისალოცი პოსტი 14 მაისს გამოაქვეყნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, თუმცა როგორც Facebook-ზე ჩანს, პოსტი რედაქტირებულია და ატვირთვის ორიგინალი თარიღის ნაცვლად (14 მაისი, 14:12 საათი), აჩვენებს სხვა დროს (13 მაისი, 10:00 საათი). ანუ პოსტი რეალურად 14 მაისს გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა პროტესტი დაიწყეს, თუმცა თარიღი შეცვალეს და წინა დღე, 13 მაისი მიუთითეს.
ქამრან მამედლი მუნიციპალიტეტების ამ განმარტებებს პრობლემურს უწოდებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსები, არამედ უწყებებიც რამდენად ხედავენ საკუთარ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უმცირესობებს.
"ინდივიდუალური პოლიტიკოსი როგორ მოიქცევა, ეს მის პოლიტიკურ კარიერაზე ახდენს გავლენას და რა თქმა უნდა, შეიძლება, პოლიტიკურად ფიქრობდეს, რომ მისთვის მომგებიანია, მაგრამ სისტემურად, ორგანიზაციულად, უწყებების დონეზე არ ჩანს უმცირესობების ნაწილი და პრობლემურია", — აღნიშნავს ის.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე მუნიციპალიტეტების მიერ რამაზან ბაირამის არმილოცვას დისკრიმინაციულად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.
"როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ყოველთვის ჩანს და არის ცალსახად დისკრიმინაციული. თითქოს საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და განსხვავებული ეთნიკური ან რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები დაყოფილები არიან, როგორც "ჩვენ და ისინი". ეს დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა ბოლო და მიმდინარე წელს კორონავირუსის პერიოდში, როგორ გადაწყვეტილებებსაც იღებდა სახელმწიფო", — აღნიშნა მან.
მაკო ღავთაძე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრი
ფოტო: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
მისი თქმით, ეს განპირობებულია როგორც საკითხის მიმართ გულგრილობის, ასევე, სახელმწიფოს დამოკიდებულებით, ასიამოვნოს უმრავლესობა.
"სწორედ ეს ჩანს მერე უკვე ქმედებებში, პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებში, რომლებიც ცალსახად ძალიან უარყოფითად აისახება კონკრეტული ადამიანების ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე და ზოგადად, სახელმწიფოს იმიჯზე", — ამბობს ის.
ღავთაძის თქმით, მთავარი არის ის, რომ სახელმწიფოს მიერ თუნდაც ამ დღესასწაულის მილოცვა იძულებით და ადამიანების კამპანიით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ გააზრებით. მისი განცხადებით, ამ სტრუქტურების ვალდებულებაა, მუდმივად აკეთებდნენ მოწოდებებს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მხარდაჭერაზე.
მთავრობამ საპატრიარქოს წინასააღდგომოდ მორიგი პრივილეგია მიანიჭა და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე მოქმედებდა. გარდა ამისა, გადაადგილებაზე შზღუდვა მოიხსნა 6 იანვარსაც. გამონაკლისი მართლმადიდებელი მრევლისთვის იყო დაწესებული, რომელიც 7 იანვრის ღამეს შობას აღნიშნავდა. იმავე პრივილეგიით არ უსარგებლიათ სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშიშნავდნენ.
წაიკითხეთ ასევე:
კომენტარები