ინვესტირების ტრადიციული გზა — რა ტიპის აქციებით ვაჭრობენ საფონდო ბირჟებზე
თუ გსურს ფინანსურ წარმატებას მიაღწიო, გაიარე ამ მიზნამდე მისასვლელი ტრადიციული გზა — ივაჭრე აქციებით საფონდო ბირჟაზე. ადამიანთა უმრავლესობას ეს საქმე რთულად ეჩვენება, რაც, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. სწორედ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ამ სტატიაში აქციების იმ ტიპებსა და კლასიფიკაციებს წარმოგიდგენთ, რომელთა შესახებაც ინვესტირების დაწყებამდე უნდა იცოდეთ.
ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები
ადამიანთა უმრავლესობა ჩვეულებრივ აქციებში აბანდებს ფულს. ჩვეულებრივი აქციების უპირატესობა ისაა, რომ ის ინვესტორისთვის ხმის მიცემის უფლებას ითვალისწინებს — ერთი წილი, როგორც წესი, ერთ ხმას უდრის. ინვესტორები, რომლებიც ჩვეულებრივ აქციებს ფლობენ, კომპანიის ყოველწლიურ საერთო შეკრებებს ესწრებიან და კორპორაციულ და სტრატეგიულ საკითხებზე ხმას აძლევენ — ირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მსგავსი სახის ფასიანი ქაღალდის მფლობელები არიან აქციების ისეთი მეწილეები, რომლებიც კომპანიის დაშლის შემთხვევაში საკუთარი წილების პროპორციულ აქტივებს მიიღებენ.
ის ინვესტორები, რომლებსაც კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა არ აინტერესებთ და დივიდენდების მიღება სურთ, პრივილეგირებულ აქციებს ირჩევენ. პრივილეგირებული აქციების მფლობელები კომპანიების გაკოტრების შემთხვევაშიც კი გარკვეულ თანხას იღებენ. მსგავსი აქციების მფლობელები დივიდენდების მიღების პრივილეგიასაც ფლობენ. ამასთან, პრივილეგირებული აქცია ძალიან ჰგავს ფიქსირებული შემოსავლის მქონე ობლიგაციებში ინვესტირებას — ეს ის ძირითადი ფაქტორია, რაც ამ ფასიან ქაღალდს ჩვეულებრივი აქციისგან განასხვავებს.
მსხვილი, საშუალო და მცირე კაპიტალის აქციები
აქციები კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვითაც შეიძლება დაიყოს. ამ კატეგორიებით მსხვილ, საშუალო და მცირე კაპიტალის აქციებს გამოარჩევენ.
ზუსტი განსაზღვრება, რომელიც ამ კატეგორიებს ერთმანეთისგან გამიჯნავს, არ არსებობს, თუმცა ზოგადად მიღებული კრიტერიუმების მიხედვით, კომპანიები ზომებიდან გამომდინარე, ამგვარად შეიძლება გავარჩიოთ:
- მსხვილი კაპიტალის აქციები — ასეთი აქციები იმ კომპანიებს აქვთ, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 10 მილიარდ დოლარს აღემატება;
- საშუალო კაპიტალის აქციები — კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 2-დან 10 მილიარდამდე დოლარია;
- მცირე კაპიტალის აქციები — ფირმები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ დოლარამდეა;
როგორც წესი, მსხვილი კაპიტალის მქონე აქციები უფრო მეტად უსაფრთხოა. ამასთან, შესაძლებელია, რომ მცირე და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს ზრდის მეტი პერსპექტივა ჰქონდეთ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მათი აქციების ფასი ხშირად უფრო არამდგრადია და მეტი რისკიანობით ხასიათდება.
ადგილობრივი და საერთაშორისო აქციები
აქციების კატეგორიზაცია იმის მიხედვითაც არის შესაძლებელი, თუ რომელ გეოგრაფიულ არეალში საქმიანობს ფირმა. ინვესტორთა გარკვეული ნაწილი ფულის დაბანდებას იმ კომპანიებში ანიჭებს უპირატესობას, რომელიც მის საცხოვრებელ, ან სამუშაო ქვეყანაში ოპერირებს. აქ გეოგრაფიული დივერსიფიკაციის საკითხიც იჩენს თავს, რომლის შესახებაც უფრო დეტალურად ფინანსური პორტფელის დივერსიფიკაციის თემაზე საუბრისას გიყვებოდით.
ინვესტირებისას მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ სად მდებარეობს კომპანიის მმართველი შტაბი. გლობალიზაციის პროცესში, უამრვი კომპანია საკუთარ საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. თუ გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით გსურთ თქვენი ინვესტიციების დივერსიფიკაცია, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რომელი ქვეყნებიდან იღებს კომპანია საკუთარი შემოსავლების დიდ წილს.
მზარდი პოტენციალისა და ღირებულებითი აქციები
ინვესტორები გადაწყვეტილებას იმის მიხედვითაც იღებენ, თუ როგორი ღირებულება და პოტენციალი აქვს კომპანიის აქციას. ამგვარად, წარმოგიდგენთ კიდევ ორ საინვესტიციო მეთოდს, რომელთა მიხედვითაც აქციების ტიპებს განასხვავებენ.
ინვესტორთა ნაწილი მზარდი პოტენციალის მქონე აქციებს ეძებს. ისინი აკვირდებიან კომპანიის შემოსავლებსა და გაყიდვების ტემპს და ფულს მოლოდინებში აბანდებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პერსპექტიული კომპანიები სამომავლოდ დიდ მოგებას მოუტანენ. იმის მიუხედავად, რომ ამგვარ კომპანიებში ინვესტირება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, პოტენციური ამონაგებიც მაღალია, შესაბამისად, მსგავსი აქციების მიმართ ინტერესი არასდროს იკლებს. ასეთი კომპანიები როგორც წესი არ გასცემენ დივიდენდებს, რადგან შემოსავლების საკუთარ ბიზნესში რეინვესტირებას ახდენენ და ინვესტორები მოგების მიღებას აქციების ფასების სწრაფი ზრდიდან ელიან.
რაც შეეხება ღირებულების მქონე აქციებს, ეს ისეთი კომპანიების ფასიანი ქაღალდებია, რომელთა ფასიც ბაზარზე კონკურენტულია. ასეთი კომპანიების აქციები, მსგავსი რეიტინგის ფირმების ფასებთან შედარებით იაფია. ამასთან, მათი ფასები შესაძლოა შემცირებული იყოს უახლოეს წარსულში არსებულ ღირებულებასთან შედარებით. საუბარია ისეთი ტიპის კომპანიებზე, რომლებმაც განვითარების გარკვეული გზა უკვე გაიარეს და ახლა სტაბილურ ფირმებს წარმოადგენენ.
IPO აქციები
როდესაც კერძო კომპანია საჯარო ხდება და საკუთარი აქციები გასაყიდად გამოაქვს, ამას პირველად საჯარო შეთავაზებას უწოდებენ და მსგავსი ტიპის ფასიან ქაღალდებს IPO აქციების კლასში აერთიანებენ. ეს პროცესი ბევრი ინვესტორის დაინტერესებას იწვევს, რადგან ისინი იმედოვნებენ, რომ პერსპექტიულ ბიზნესს დაეუფლებიან. თუმცა მსგავსი ტიპის აქტივები გარკვეულ რისკებსაც შეიცავენ, რადგან შესაძლებელია, რომ კონკრეტული ბიზნესის პერსპექტიულობის შესახებ სხვადასხვა დაინტერესებულ პირს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს.
აქციები დივიდენდებით და მათ გარეშე
ზოგიერთი კომპანია საკუთარი აქციონერებისთვის დივიდენდებს რეგულარულად გასცემს, რაც წილების მფლობელებისთვის შემოსავლის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა. ბევრი ინვესტორი სწორედ ისეთი ტიპის აქციების ქონას ამჯობინებს, რომლებიც დივიდენდების მიღების საშუალებას მისცემს. როგორც წესი, დივიდენდებს გასცემენ ის კომპანიები, რომელთა ბიზნესიც მომგებიანია.
არსებობენ ისეთი ფირმები, რომლებიც დივიდენდების გაცემის ნაცვლად ამონაგებს რეინვესტირებისა და კომპანიის განვითარების მიზნით იყენებენ. ასეთი კომპანიის აქციების ქონის შემთხევაში დივიდენდების მიღებას არ უნდა ელოდოთ. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში, აქციების ფასების ზრდის შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ მოგება.
შემოსავლიანი აქციები
როგორც წესი, აქციებიდან მიღებული შემოსავლები დივიდენდებია. ამასთანავე, შემოსავლიან აქციებს უწოდებენ ისეთი კომპანიების ფასიან ქაღალდებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული ბიზნეს-მოდელი აქვთ. ასეთი ფირმების აქციებს ზრდის სამომავლო პერსპექტივა არ აქვთ, თუმცა ისინი სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევიან. მსგავსი ტიპის აქციები იდეალურია კონსერვატიული ინვესტორებისთვის, რომლებიც საკუთარი ფულის დიდ ნაწილს შემოსავლებზე ორიენტირებულ ინვესტიციებში აბანდებენ და ნაკლები რისკის ფასად გარანტირებული შემოსავლების მიღებას თანხმდებიან.
ციკლური და არაციკლური აქციები
ეკონომიკის ზოგიერთ სექტორს ციკლურობა ახასიათებს. შესაძლებელია, ციკლურობა უკავშირდებოდეს როგორც ეკონომიკის განვითარების პერიოდებს, ასევე სეზონსაც. მარტივი მაგალითის მიხედვით, თუ ისეთი კომპანიის აქციებს შეიძენთ, რომელიც მხოლოდ ნაყინს აწარმოებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფირმის შემოსავლები ზაფხულის სეზონში გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ზამთარში.
როგორც წესი, ციკლური აქციები აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც წარმოების, მოგზაურობისა და ძვირადღირებული საქონლის რეალიზაციის სფეროში საქმიანობენ. გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა მსგავს კომპანიებს მომხმარებელთა დიდი არმია შეიძლება ჩამოაცილოს.
არაციკლური აქციები საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საქონლის მწარმოებელ ფირმებს აქვთ. მაგალითად, არაციკლური ბიზნესია სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც სურსათის რეალიზაციით არის დაკავებული. გაიხსენეთ, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი ჩააგდო კრიზისში — შეზღუდვები არ შეხებია სურსათის მწარმოებელ და რეალიზატორ კომპანიებს, რადგან კვება ადამიანის პირველად მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
უსაფრთხო აქციები
უსაფრთხოა ისეთი ტიპის აქცია, რომლის ფასიც საფონდო ბირჟაზე უმნიშვნელოდ მერყეობს. ასეთ ფასიან ქაღალდებს, სტაბილურ აქციებსაც უწოდებენ, რადგან მათი ძირითადი ნაწილი ისეთ კომპანიებს ეკუთვნით, რომლებიც ნაკლები რისკის მქონე ინდუსტრიებში ოპერირებენ. უსაფრთხო აქციების მქონე კომპანიები, როგორც წესი, დივიდენდებსაც იხდიან, რაც კრიზისის პერიოდში აქციების ფასების შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.
ESG აქციები
ESG-ს ტიპის აქციები აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც აქცენტს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე აკეთებენ. ნაცვლად იმისა, რომ მთლიანი ყურადღება მაქსიმალური მოგების მიღებაზე მიეპყროს, ESG-ს პრინციპები ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, რომლებმაც კომპანიის თანამშრომლებზე, მომხმარებლებსა და აქციონერებზე შესაძლოა მოახდინონ გავლენა. საუბარია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესზე, რომლის აქციების ღირებულების ზრდას ESG-ს პრინციპების ერთგულებამ უნდა უნდა შეუწყოს ხელი.
ლურჯი ჩიპისა და მონეტის აქციები
ლურჯი ჩიპის აქციები ისეთი ტიპის კომპანიებს აქვთ, რომლებსაც მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ, დიდი ფირმები არიან და მაღალ მოგებას იღებენ. როგორც წესი, ასეთ აქციებს ცნობილი ბრენდები და ბაზრის ლიდერები ფლობენ. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავს აქციებს მულტინაციონალური კომპანიები უშვებენ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ოპერირებენ.
ამისგან განსხვავებით, მონეტის აქციებს დაბალი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები უშვებენ, რომელთა აქციის ფასი საკმაოდ მცირეა. მსგავსი ტიპის აქციები რისკის მაღალ დონეს შეიცავენ, რის გამოც შესაძლებელია თქვენს ფულად სახსრებს საფრთხე შეექმნას. მსგავსი აქციების ქონა ისეთი კომპანიებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც სპეკულაციურ ბიზნეს მოდელების მიხედვით არიან შექმნილნი.
პორტფელის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას ხაზი უკვე გავუსვით, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა ტიპის აქციის ქონა რისკების დაზღვევისთვის კარგი საშუალებაა. გასათვალისწინებელია, რომ ინვესტირებისას მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან დაბალანსებული პორტფელი სტაბილური შემოსავლის მიღების გარანტიაა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები