საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, ნინო წილოსანის თქმით, ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებები "სრულ თანხვედრაშია" კონსტიტუციასთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რაზეა დამყარებული მათი უკმაყოფილება.

"ჩემთვის გაუგებარია, თუმცა, იმედია შემდგომ უფრო დეტალურად აგვიხსნიან რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან და რიგი მათგანი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით არის გაკეთებული. ასევე, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვისაც და მით უფრო ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, როდესაც ისინი ოპონირების რეჟიმში რეალურად შემოვლენ, დაამტკიცონ რაზეა დამყარებული მათი ეს უკმაყოფილება", — განაცხადა ნინო წილოსანმა.

ოპოზიციის ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, სალომე სამადაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა და იაგო ხვიჩიამ ისაუბრეს.

ასევე, ცნობილია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე სასაუბროდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. აღნიშნული ინფორმაცია On.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში

29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.

ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  1. ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
  2. მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
  3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.