რა მოსდის შენს სხეულს და გონებას, როდესაც ერთი წელი საწოლიდან მუშაობ
საწოლიდან მუშაობის ცდუნება ძალიან ძლიერია, მაგრამ ლეიბის კაბინეტად გადაქცევამ თქვენს ფიზიკურსა და მენტალურ ჯანმრთელობას მრავალი პრობლემა შეიძლება შეუქმნას.
ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანისთვის სახლიდან მუშაობამ საწოლიდან მუშაობის მნიშვნელობა შეიძინა. ჩაცმა და სამსახურში წასვლა სახეზე წყლის შესხმამ და ისევ საბნის ქვეშ დაბრუნებისას ლეპტოპის გახსნამ ჩაანაცვლა.
სამუშაო ადგილად საკუთარი ლეიბი გასაოცრად ბევრმა ადამიანმა აქცია. 2020 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად, გამოკითხული ათასი ამერიკელიდან 72% ამბობს, რომ პანდემიის დროს ისინი საწოლიდან ადგომის გარეშე, დისტანციურად მუშაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში პანდემიის პირობებში საწოლიდან მუშაობის მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა. ამასთან, გამოკითხულთაგან ყოველი მეათე აღნიშნავს, რომ მთელ სამუშაო კვირას ან მის დიდ ნაწილს — 24-40 საათს ან მეტს — საწოლში ატარებს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა დასაქმებულებს ეხება. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანებს სამუშაოსთვის შესაფერისი მაგიდა და სკამი ნაკლებად აქვთ. ამიტომ მათზე ასაკოვან დასაქმებულებთან შედარებით, ისინი საწოლიდან მუშაობას ორჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ.
მაგრამ საწოლიდან მუშაობა მხოლოდ შესაფერისი სივრცის არარსებობას არ უკავშირდება — ბევრი თავს ლეიბზე უფრო მყუდროდ გრძნობს და მოხერხებულად არის მოკალათებული. Instargam-ზე ჰეშთეგით #WorkFromBed (საწოლიდან მუშაობა) იმ ათასობით მომღიმარი ადამიანის ფოტოს შეხვდებით, რომლებიც პიჟამებში გამოწყობილნი, ყავით ხელში კომფორტულად მუშაობენ და ზოგ შემთხვევაში ლანგარზე დაწყობილი საუზმეც გვერდით აქვთ.
რეალურად კი საწოლის ოფისად გადაქცევა თქვენს ფიზიკურსა და მენტალურ ჯანმრთელობას უამრავ პრობლემას უქმნის. თუ ახლა იმ არასასურველ შედეგებს ვერ ამჩნევთ, რომლებიც მუდმივ პრობლემებად შეიძლება იქცნენ, დიდი შანსია, რომ თქვენს ცხოვრებაში ისინი მოგვიანებით გამოჩნდნენ.
ერგონომიული კოშმარი
მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ სახლიდან მუშაობა პრივილეგიაა, რომელიც ასობით მილიონი ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ზოგიერთ დისტანციურად დასაქმებულს მუშაობისთვის შესაფერისი პირობების მოსაწყობად საკმარისი სივრცე არ აქვს, ასე რომ, საწოლიდან მუშაობა მათთვის ერთადერთი გამოსავალია.
მიუხედავად ამისა, საწოლიდან მუშაობა ბევრისთვის ყველაზე მარტივი ვარიანტი და სიზარმაცის დაძლევის საუკეთესო გზაა — პანდემიისას მოტივაცია ხომ განსაკუთრებით დაბალია. ადამიანებს სამუშაო ან სამზარეულო მაგიდა შეიძლება ჰქონდეთ, რომელზეც კომპიუტერს განათავსებენ, მაგრამ მათ ამის გაკეთება, უბრალოდ, არ სურთ.
იმისგან დამოუკიდებლად, საწოლიდან მუშაობის თავიდან აცილება შეგიძლიათ თუ არა, ექსპერტების ერგონომიული რჩევა ერთნაირია: მთელი დღე წოლა სხეულისთვის საზიანოა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოზა ხშირად შეცვალოთ და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუწყოთ.
რბილ ზედაპირზე ყოფნისას თქვენი კისერი, ზურგი, თეძოები და სხეულის სხვა ნაწილები დაძაბულია. ამის გამო კი, ცდილობთ, ისეთი პოზა იპოვოთ, რომელიც მაქსიმალურად მოდუნების საშუალებას მოგცემთ. "ამაში არაფერია ოპტიმალური", — ამბობს სუზან ჰოლბეკი, სამედიცინო სისტემების განვითარების დირექტორი მაიოს კლინიკიდან, — "ასე მუშაობა თქვენი საქმისთვის ხელსაყრელი სულაც არ არის".
ჰოლბეკი აღნიშნავს, რომ ასეთი მავნე ჩვევების მსხვერპლნი ახალგაზრდები უფრო ხშირად ხდებიან, რადგან დაჭიმულობას დაუყოვნებლივ ვერ გრძნობენ. თუმცა სამომავლოდ ტკივილი გამძაფრდება და მისი ინტენსივობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მავნე იყო თქვენი ჩვევები ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ეს პროცესი ინდივიდუალურია, მაგრამ ისეთი ერგონომიული პრობლემების მოგვარება, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს, დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს.
ინტენსიურმა წოლამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ზურგის გაშეშება, ართრიტი და ცერვიკალური — ძვლების, იოგებისა და მოძრაობაზე პასუხისმგებელი კისრის კუნთების ტკივილი. "მავნე ჩვევებით ცხოვრების გაგრძელებას ყველაფერი სჯობს. ასე რომ, როდესაც გაჩერება შეგიძლია, გაჩერდი", — ამბობს ჰოლბეკი.
თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და მუშაობა საწოლიდან უნდა გააგრძელოთ, საზიანო შედეგთა შემსუბუქება მაინც შეგიძლიათ. თქვენ წოლისას უნდა წარმოიდგინოთ, რომ თითქოს საოფისე სკამზე ზიხართ. მიზნად დაისახეთ ისეთი "ნეიტრალური პოზის" შენარჩუნება, რომელიც თქვენი სხეულის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნაწილს არ დატვირთავს.
აიღეთ ბალიში და ზურგის უკან ისე მოათავსეთ, რომ წელის საყრდენად გამოდგეს. ბალიშები ასევე მუხლქვეშაც დაიდეთ. შეეცადეთ, ეკრანი და კლავიატურა ერთმანეთისგან გამიჯნოთ (თუ ეს შესაძლებელია) და ეკრანი თვალების პირისპირ ან უფრო მაღლა განათავსოთ. რასაც უნდა აკეთებდეთ, ბეჭდვისას მუცელზე წოლას მოერიდეთ, რადგან ასე კისერი და იდაყვები ძალიან იძაბება.
ამ მეთოდში თუ ეჭვი გეპარებათ, პრობლემას შემოქმედებითად მიუდექით და, მაგალითად, საუთოო მაგიდა სამუშაოდ გადააკეთეთ. მაგრამ თუ ეს შესაძლებელია, პირად კომფორტში ნამდვილად ღირს ინვესტირება. "თუ თქვენ სახლიდან დიდი ხნით აპირებთ მუშაობას — და ექსპერტთა უმრავლესობა პროგნოზირებს, რომ ასეც იქნება — ნამდვილად ღირს კარგი სამუშაო მაგიდის შეძენა, თუნდაც ის ძალიან მცირე ზომის იყოს", — დასძენს ჰოლბეკი.
ტვინის გაფუჭება
როდესაც მთელი წელი საწოლიდან მუშაობთ, ეს მხოლოდ თქვენს სხეულს არ ვნებს — ზიანი თქვენს პროდუქტიულობასა და ძილის რეჟიმსაც ადგება.
"როგორც ძილის სპეციალისტები, გირჩევთ, რომ საწოლი მხოლოდ ძილისთვის, სექსისა და ავადმყოფობის დროს გამოიყენოთ. სულ ეს არის", — ამბობს რეიჩელ სალასი, ნევროლოგიის ასოცირებული პროფესორი და ძილის ექსპერტი, — "საწოლში თუ ხშირად უყურებთ ტელევიზორს, თამაშობთ ვიდეოთამაშებს და ფხიზლობთ, თქვენი ტვინი ასე იწყებს ფიქრს: აჰ, გასაგებია, ანუ საწოლში ასეთი რაღაცების კეთება შეიძლება. ტვინი ამგვარ ასოციაციებს იყალიბებს, რაც საბოლოოდ განპირობებული ქცევის სახეს იღებს".
ექსპერტები ძილის ჰიგიენას იმ პრაქტიკას უწოდებენ, რომელიც საწოლში ყოფნის ეტიკეტს უკავშირდება. ღამით პიჟამის ჩაცმა კარგი ძილის ჰიგიენაა, რადგან ეს ქმედება თქვენს სხეულს ეუბნება, რომ დროა, მოდუნდეს. წოლისას სოციალური ქსელების სქროლვა და შეტყობინებების გაგზავნა კი ცუდი ძილის ჰიგიენის ნიშნებია.
ასე რომ, როდესაც საწოლში თქვენი ლეპტოპით, ტელეფონით და სამუშაოსთვის საჭირო სხვა მოციმციმე ეკრანებით მთელ დღეს ატარებთ, ტვინი და სხეული საწოლს დასვენებასთან ვეღარ აკავშირებს. სწორედ ამიტომ პანდემიამ კორონასომნია გამოიწვია — ამბობს სალასი და ამაში უძილობის დონის იმ გლობალურ ზრდას და ძილის დარღვევებს გულისხმობს, რომლებიც COVID-19-ს თან ახლავს.
"საწოლიდან მუშაობისას თქვენს ტვინს ასწავლით, რომ აქ აქტიურად უნდა იფიქროს სხვადასხვა იდეაზე და მუდამ მუშაობის რეჟიმში იყოს", — ამბობს სალასი, — "და როდესაც საწოლში მოსვენებასა და დაძინებას ცდილობთ, ამ დროს თქვენი ტვინი ასე ფიქრობს: მოიცადე, რას ვაკეთებთ? ახლა მუშაობის დროა!"
შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში საწოლიდან მუშაობამ ინსომნია ან ე.წ. ცირკადული რიტმის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროს ჩვენი სხეულის ბუნებრივი საათები — რომლებიც გვეუბნებიან, როდის არის ძილის დრო — თანდათანობით წყობიდან გამოდის. სალასი ამბობს, რომ ძილის ჰიგიენის დარღვევა სხვა ისეთ პრობლემებსაც ამწვავებს, როგორიც მაგალითად, მოუსვენარი ფეხის სინდრომია.
ექსპერტების მიხედვით, დაძაბული ღამეები, სხეულის ტკივილი ან ორივე ერთად იმას ნიშნავს, რომ მუშაობის თვალსაზრისით თქვენ პროდუქტიული, კრეატიული ან კონცენტრირებული ნაკლებად ხართ. ეს კი თქვენს სამუშაოზე ცუდად აისახება.
პრობლემა ყველასთვის?
ამ საკითხის ყველაზე მუხანათური ასპექტი ის არის, რომ ეს ყველა პოტენციური პრობლემა შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ დისტანციურად მომუშავეს შეექმნას.
"ზოგიერთი ადამიანი დაიფიცებს, რომ მსგავსი პრობლემები არ აწუხებს. ისინი ფიქრობენ, რომ საწოლში მუშაობა და ძილი თანაბარი წარმატებით შეუძლიათ", — ამბობს სალასი, — "ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, საწოლში რაც უნდათ, ის აკეთონ და ეს მათ ძილზე უარყოფითად არ აისახება".
გენეტიკა, გარემო ფაქტორები, მავნე ჩვევების ხარისხი და ხანგრძლივობა, ასაკი — ეს ყველაფერი თავის როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად საზიანო იქნება თქვენთვის საწოლიდან ერთი წლით ან უფრო მეტი დროით მუშაობა. "ეს არ არის დოზა-რეაგირების პირდაპირპროპორციული ურთიერთობა", — ამბობს ჰოლბეკი.
შეიძლება, საწოლიდან მუშაობაზე უარის თქმა არ გსურთ ან სხვა გზა არ გაქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენი სხეული და ტვინი შეიძლება ამჟამად ვერ გრძნობენ მძიმე შედეგებს, რომლებსაც სამომავლოდ ვერ გაექცევიან. "ისინი ახლა ამას ვერ იგრძნობენ", — ამბობს ჰოლბეკი განსაკუთრებით ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც მთელი დღე საწოლიდან მუშაობენ. "წლების სვლასთან ერთად მძიმე შედეგებიც გამოჩნდება", — დასძენს ის.
საწოლიდან მუშაობა COVID-19-ის ეპოქაში შეშფოთების კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. თუ ამ პერიოდმა რამე გვასწავლა, ის არის, რომ სჯობს, ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, ვიდრე შემდეგ ვინანოთ. "თუ მავნე ქცევას უარყოფითი შედეგი არ მოსდევს, შესანიშნავია", — ამბობს სალასი, — "მაგრამ ეს, შეიძლება, ყოველთვის ასე არ იყოს".
კომენტარები