შორეულ კოსმოსში ჩვენი გალაქტიკის "ტყუპისცალი" დააფიქსირეს

ფოტო: NASA/CSA/ESA, PANORAMIC
ასტრონომები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ადრეულ კოსმოსს დააკვირდნენ და იქ ირმის ნახტომის გალაქტიკის "ტყუპისცალი" დააფიქსირეს. ობსერვატორიამ დაინახა იქიდან წამოსული სინათლე, რომელიც ჩვენკენ დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1 მილიარდ წელში გამოემართა.
ამ დროს სამყარო ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა აღნიშნულმა გალაქტიკამ ბოლომდე ჩამოყალიბება უკვე მოასწრო. მის ცენტრალურ ნაწილში შედარებით ხნიერი ვარსკვლავებია თავმოყრილი, გარე რეგიონებში ახალდაბადებული მნათობებია და ორი გამოკვეთილი სპირალური შვერილი შეინიშნება. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს აქამდე ცნობილთაგან ირმის ნახტომის მსგავსი ყველაზე შორეული გალაქტიკაა.
ვებმა ადრეულ კოსმოსში უკვე რამდენიმე ასეთი ჩამოყალიბებული სისტემა დააფიქსირა, რაც ამჟამინდელ კოსმოლოგიურ თეორიებს თავდაყირა აყენებს. საქმე ისაა, რომ, პროგნოზების მიხედვით, ამგვარი გალაქტიკების ფორმირებას მილიარდობით წელი სჭირდება, რადგან ეს პატარა სისტემების შერწყმას მოიაზრებს.
ირმის ნახტომის "ტყუპისცალს" ჯულონგი ეწოდება, რაც ჩინურ მითოლოგიაში მზის ღვთაების სახელია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის ირმის ნახტომს ზომით, ფორმითა და ვარსკვლავური მასით ჰგავს. მის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
რა თქმა უნდა, ჯულონგი ირმის ნახტომზე ბევრად ხნიერია, მაგრამ მათ შორის მსგავსება მართლაც გასაოცარია. მისი ვარსკვლავთწარმომქმნელი დისკო 100 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და ის დაახლოებით 100 მილიარდ მზის მასას შეიცავს. ჩვენი გალაქტიკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1.5 ტრილიონია.
ჯულონგი პროექტ PANORAMIC-ის ფარგლებში აღმოაჩინეს, როცა კოსმოსის სხვადასხვა რეგიონს ვების ორი ინფრაწითელი კამერით ერთდროულად აკვირდებოდნენ. ეს დიდი არეალის შესწავლის საშუალებას იძლევა, რაც მასიური გალაქტიკების დასაფიქსირებლად მნიშვნელოვანია.
როგორ მოახერხა ჯულონგმა და მისმა მსგავსმა გალაქტიკებმა ასეთ მცირე დროში ჩამოყალიბება, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტის გასაგებად ასტრონომები მასზე დაკვირვებას ისევ აპირებენ.
კომენტარები