მეცნიერებმა უცხოპლანეტური სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინეს — კვლევის შედეგები

ფოტო: BBC
ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნებს მიაგნეს. ჩვენგან 124 სინათლის წლით დაშორებული პლანეტის, K2-18b-ის, შესახებ საკამათო თეორიები არსებობს. მეცნიერთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ნაწილი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, მასზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ბრიტანელ და ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ორი ქიმიური ნაერთის, დიმეთილსულფიდისა და დიმეთილდისულფიდის, კვალი დააფიქსირა. ისინი დიდი ხანია, ბიოინდიკატორებად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციურ სხეულზე, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს. დედამიწაზე ამ ქიმიური ნაერთების არსებობა მხოლოდ სიცოცხლით არის განპირობებული, ძირითადად მიკროსკოპულ წყალმცენარე ფიტოპლანქტონის მიერ.
მკვლევრები მიგნებების დადასტურებისა და საბოლოო აღმოჩენის შესახებ განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ისინი ამბობენ, რომ ამისთვის ჯერ კიდევ მეტი დაკვირვებაა საჭირო. მიუხედავად ამისა, შედეგებს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ამ ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა ნიშნებს ვპოულობთ, რომლებიც მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს", — განაცხადა ნიკუ მადუსადანმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — "ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ახლოსაა იმასთან, რაც შეიძლება სიცოცხლეს მივაწეროთ".
აქამდე ჩატარებულ კვლევებში სხვა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ K2-18b-ზე ამ ნაერთების წარმოქმნა ისეთი გზითაც შეიძლება, რომელიც სიცოცხლეს სულაც არ უკავშირდება. ეს ეგზოპლანეტა დედამიწაზე რვაჯერ მასიური და 2.5-ჯერ დიდია. ის არც ძალიან ცხელია და არც ძალიან ცივი, რაც თხევადი წყლის არსებობისთვის აუცილებელი პირობაა, ხოლო წყალი სიცოცხლის უმთავრეს ელემენტად მიიჩნევა.
2023 წელს ვების ტელესკოპმა K2-18b-ის ატმოსფეროში მეთანი და ნახშირორჟანგი აღმოაჩინა. ასევე დიმეთილსულფიდის არსებობის ნიშნები დააფიქსირა, რის შემდეგაც მეცნიერებმა ვების ტელესკოპი პლანეტისკენ ხელახლა მიმართეს — ამჯერად მისი შუა ინფრაწითელი ხელსაწყო სხვადასხვა სინათლის უკეთ შესასწავლად. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს "ხუთი სიგმას" მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ესაა სტანდარტული სტატისტიკური ზღვარი, რომელიც საჭიროა, რათა მსგავსი აღმოჩენები დადასტურდეს.
იმის მიუხედავად, მიგნებები დადასტურდება თუ არა, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ პლანეტაზე სიცოცხლე ნამდვილად არსებობს. გასულ წელს მკვლევრებმა დიმეთილსულფიდის კვალი კომეტაზეც აღმოაჩინეს, მაგრამ ის, შესაძლოა, არაორგანული გაზით იყოს წარმოქმნილი.
მადუსადანის თქმით, K2-18b-ზე ამ ქიმიკატის კონცენტრაცია დედამიწაზე არსებულ დონეს მრავალ ათასჯერ აღემატება. ეს კი ბიოლოგიური სიცოცხლის არსებობაზე მკვეთრ მინიშნებად შეიძლება მივიჩნიოთ. K2-18b უკვე დიდი ხანია, ე.წ. ჰიკეანე პლანეტადაა იდენტიფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ოკეანური პლანეტაა, რომელიც დედამიწაზე დიდია და წყალბადით მდიდარი ატმოსფერო აქვს. მეცნიერები არ ელიან, რომ ასეთ პლანეტებზე განვითარებული სიცოცხლე იქნება. უფრო სავარაუდოა, რომ იქ მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს, როგორიც დედამიწის ოკეანეებში მილიარდობით წლის წინ იყო.
ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ჰიკეანე პლანეტები თხევადი წყლის შესანარჩუნებლად ვარსკვლავთან მეტისმეტად ახლოს არის. მათ შორისაა K2-18b, რომელიც თავის ვარსკვლავს გარშემო ყოველ 33 დღეში ერთხელ უვლის.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პლანეტური ფიზიკის პროფესორმა, რეიმონდ პიერჰამბერტმა, დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, K2-18b სიცოცხლისთვის მეტისმეტად ცხელია.
"თუ პლანეტაზე წყალი არსებობს, ის ჯოჯოხეთურად ცხელი იქნებოდა და, შესაბამისად, სიცოცხლისთვის შეუსაბამო", — უთხრა მან AFP-ს.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერების პროფესორი, სარა სიგერი, მკვლევრებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ წარსულში შემჩნეული "წყლის ორთქლიც" სხვა აირი აღმოჩნდა. მისივე თქმით, მზის სისტემაში მარსი, ვენერა და ისეთი ბუნებრივი თანამგზავრები (მაგალითად, სატურნის გარშემო მოძრავი ენცელადეა) სიცოცხლესთან თავსებადი უფრო მეტადაა.
მადუსადანის თქმით, მიგნებების დასადასტურებლად ვების ტელესკოპის მიერ 16-24-საათიანი დაკვირვებაა საჭირო, რაც, შესაძლოა, უახლოეს წლებშიც კი მოხდეს. K2-18b-სა და მის ფარგლებს მიღმაც ვების და სხვა ტელესკოპების მეშვეობით კაცობრიობას შეუძლია, სიცოცხლე დედამიწის გარეთ იმაზე ადრე აღმოაჩინოს, ვიდრე წარმოგვედგინა.
"კითხვაზე, ვართ თუ არა სამყაროში მარტო, პასუხის გაცემა ისტორიაში გარდამტეხი მომენტი გახდება", — თქვა მადუსადანმა.
კვლევა გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები