როცა რაღაც დაგიშავეს, მაგრამ "შენი ბრალია": ფსიქოლოგიური მანიპულაციის მაგალითები
დანაშაულის გადაბრალება კლასიკური მანიპულაციაა ქართულ რეალობაში.

ფოტო: ChatGPT / NEXT.On.ge
ჩვენი აზრები ჩვენ ყოველთვის შეიძლება სულაც არ გვეკუთვნოდეს. უფრო სწორად, შესაძლოა, აზრის ჩამოყალიბებაზე არაერთმა ფაქტორმა იმოქმედოს, მათ შორის სხვა ადამიანებმა და იმან, თუ როგორ გვაწვდიან ისინი ამა თუ იმ ინფორმაციას.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიხედვით, მანიპულაცია ქცევაა, რომელიც სხვა ადამიანის გამოყენებას, კონტროლს ან მასზე სხვა სახის გავლენის მოხდენას ემსახურება პირადი სარგებლის მისაღებად.
მანიპულაციის ტექნიკებს ყოველდღიურობაში გარკვეულწილად ყველა ვიყენებთ და ეს ნორმალურია. მეორე მხრივ, როცა ამის მასშტაბი იცვლება ანდა მანიპულაციას მედია ან სამთავრობო პირები მიმართავენ, ზიანი გაცილებით დიდი შეიძლება აღმოჩნდეს.
Letsdata-ს ჩატბოტს ვკითხე, რა ნარატივები ბრუნავს საქართველოში, მაგალითისთვის, რძესთან დაკავშირებით. ხელოვნურმა ინტელექტმა ანალიზით ნარატივები და მათში რამდენიმე მანიპულაციური ტაქტიკა გამოკვეთა. აქედან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია დანაშაულის გადაბრალება (ინგლ. Blame shifting).
აპრილის დასაწყისში გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი ფერმა ყვარლის ბაგა ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. გავიგეთ ისიც, რომ სოფლის ნობათის რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინი M1, კანცეროგენი, დაშვებულზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა.
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
დანაშაულის გადაბრალება ქმედებაა, რომლის შედეგადაც პრობლემის, შეცდომის ან რაიმე უსიამოვნების გამო პასუხისმგებლობა მისი რეალური წყაროდან სხვა რამეზე ან ვინმეზე გადადის. მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან ეს ერთგვარი გზაა, რათა ანგარიშვალდებულება აიცილონ თავიდან; პარალელურად ისინი ხშირად განსხვავებულ თვალსაზრისებსა თუ ინსტიტუციებს აყენებენ ეჭვქვეშ.
დანაშაულის გადაბრალება ხშირად შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენება:
- კრიტიკის თავიდან ასაცილებლად;
- იმისათვის, რომ შენი მარცხისაგან ადამიანებს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინო;
- იმისათვის, რომ მორალური აღმატებულობის მცდარი შთაბეჭდილება შექმნა;
- საზოგადოებაში განხეთქილების გასამძაფრებლად;
- კონსპირაციული აზროვნების ხელშესაწყობად.
მაგალითისთვის, Psychology Today-ს მიხედვით, ურთიერთობებში შეიძლება დანაშაულის გადაბრალების ასეთ მაგალითებსაც წავაწყდეთ:
- ვინმე თავს გაჩვენებს, რომ უხეშად ნათქვამი ფრაზა უბრალოდ ხუმრობა იყო და შენ ვერ გაიგე;
- ვინმე გეუბნება, რომ შენივე ბრალია, ცუდად რომ მოგეპყრო — "პირობა რომ შეგესრულებინა, არ გიყვირებდი".
ამ პრინციპით ხშირია გაუპატიურების მსხვერპლის დადანაშაულებაც, ნაცვლად მოძალადისა: "მოკლე კაბა რომ არ სცმოდა, თავს არ დაესხმებოდნენ".
რძის შემთხვევაში, Letsdata-ს მიხედვით, მავნე აქტორები ცდილობდნენ, ბრალეულობა საქართველოს მთავრობისა და კონკრეტული ბიზნესებისგან გარე ფაქტორებზე ან ინდივიდუალურ დაუდევრობაზე გადაეტანათ.
სოფლის ნობათის რძე, რომელშიც აფლატოქსინი დაფიქსირდა, საქართველოს ბაზარზე იყიდებოდა. მეორე მხრივ, განცხადებებში ხაზი არაერთხელ გაუსვეს იმას, რომ რძის პარტიები აზერბაიჯანში იყო წარმოებული:
"რძე, რომელიც იქნა ამოღებული, ის ხუთი პარტია, არის წარმოებული აზერბაიჯანში. კიდევ განვმეორდები, რომ პროდუქცია იქნა ამოღებული ქსელიდან სრულად", — ხათუნა ცქიტიშვილმა, სოფლის ნობათის სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, განაცხადა ტელევიზიებთან საუბრისას.
აფლატოქსინი რძეში იმაზე მაღალი რაოდენობით დაფიქსირდა, ვიდრე ქართული კანონმდებლობით არის დაშვებული. ამის მიუხედავად, ბრალის შესამსუბუქებლად ხშირად სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავდათ, სადაც აფლატოქსინი ჩვენთან დაფიქსირებული კონცენტრაციით დაშვებულია:
"აფლატოქსინის შემცველობაზეა ხელოვნურად ატეხილი სკანდალი, თითქოს აქამდე სხვაგვარად იყო, ან სხვა ქვეყნებშია სხვაგვარად (ცხადია, მხოლოდ ევროპული სტანდარტითაა შემცველობა 0,05; სხვაგან 0,5-ია)", — დემურ გიორხელიძის, ეკონომისტის, სტატუსს ვკითხულობთ ალიის ვებგვერდზე.
გადაბრალებასა და პასუხისმგებლობის ჩამოცილებას პოლიტიკაშიც ხშირად ვაწყდებით. მაგალითად, თებერვალში ბათუმში, ღიად დატოვებულ თხრილში, ორი ბავშვი დაიხოცა; "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ იყო ტერიტორიაზე დაცული უსაფრთხოების ზომები; მან ბრალეულობა ჟურნალისტებზე გადაიტანა — უთხრა, რომ ისინი "სპეკულაციებს ცდილობდნენ" და ყველას "მშვიდობის შენარჩუნება" ურჩია.
გარდა ამისა, "ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებს თუ დავუჯერებთ, ქართველი ხალხის საპროტესტო განწყობა "დასავლეთის გავლენაა" (და არა, მაგალითად, იმის, რომ ცხოვრების ხარისხი დღითიდღე უარესდება) და აგვისტოს ომის გმირებიც "აგენტურის დავალების შესრულებას შეეწირნენ".
ყოველდღიურობაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა ვიღაც პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად გარე ძალას ადანაშაულებს — ხან ჩვენ, ხან სხვას. რაც უკეთესად შევძლებთ ამ მანიპულაციური ტაქტიკის ამოცნობას, მით ნაკლებია შანსი, რომ მას წამოვეგოთ და პრობლემის რეალური წყარო გადაგვავიწყდეს.
კომენტარები