ძილის ნაკლებობა სიცოცხლის ხალისს გვაკარგვინებს — კვლევა
ყოველგვარი კვლევის გარეშეც ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა, როგორ შეუძლია მთელი დღის ჩაშხამება უძილო ღამეს. ამის მიუხედავად, იმის სამეცნიერო მტკიცებულებაც მრავლადაა დაგროვილი, რომ ძილის უკმარისობას შეუძლია, გაღიზიანება, მოუქნელობა, გაციებისადმი მიდრეკილება და ქრონიკული დაავადებებიც კი გამოიწვიოს. ახლა კი ფართომასშტაბიანი კვლევით ისიც დასტურდება, რომ გამოუძინებლობას ჩვენი ცხოვრებიდან ხალისის გაქრობაც შეუძლია.
"ღამიდან ღამემდე ძილის ხანგრძლივობის მცირეოდენ ცვლილებასაც კი შეუძლია, ზეგავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები მათ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე", — აცხადებს კვლევის ავტორი, ფსიქოლოგი ნენსი სინი.
სინმა და მისმა კოლეგებმა 33-დან 84 წლამდე თითქმის 2 ათასი ზრდასრულის მონაცემები გააანალიზეს. კვლევის მონაწილეების საბაზისო მდგომარების განსაზღვრის მერე, მათ სთხოვეს, მომდევნო 8 დღის განმავლობაში აღენუსხათ ძილის ხანგრძლივობა, დღიური სტრესი და პოზიტიური და ნეგატიური მოვლენების გამოცდილებები.
"როცა ადამიანები ისეთ დადებით მოვლენებს განიცდიან, როგორიცაა ჩახუტება ან ბუნებაში დროის გატარება, როგორც წესი, ისინი იმ დღეს თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ", — განმარტავს სინი, — "მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როცა ინდივიდს მისთვის ჩვეულზე ნაკლები დრო სძინავს, მსგავსი მომენტებისგან დადებით მუხტს სათანადო სიმძლავრით ვეღარ იღებს".
საბედნიეროდ, ეს ეფექტი პირიქითაც მუშაობს: ხანგრძლივი ძილი მერე დღის განმავლობაში პოზიტიურ მომენტებს უფრო მკვეთრად განგვაცდევინებს. ეს კი, თავის მხრივ, დღიური სტრესის დოზას ამცირებს. მკლევართა გუნდა აღმოაჩინა, რომ ეფექტი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში მეტად ვლინდება.
რაც უნდა უცნაური იყოს, მკვლევრებს შესაბამისი კორელაცია ძილის ხანგრძლივობასა და ნეგატიურ რეაქციებს შორის არ გამოუვლენიათ. ეს გარემოება იმისკენ მიუთითებს, რომ ძილს განსაკუთრებული გავლენა პოზიტიურ ემოციებზე აქვს. მათ ასევე ვერ იპოვეს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ დღის განმავლობაში განცდილ მოვლენების ტიპს მომდევნო ღამის ძილის ხარისხზე რაიმე გავლენა აქვს. მსგავსი კორელაცია აქამდე ჩატარებული კვლევების ნაწილში იკვეთება, ნაწილში კი — არა.
სინი და კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ მათ კვლევას მეთოდოლოგიური შეზღუდვა აქვს. კერძოდ, მკვლევრები მოხალისეების შეფასებებს დაეყრდნენ, რაც ყოველთვის ზუსტი არ არის ხოლმე. თუმცა კვლევა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ძილის მსგავსი გავლენა ბუნებრივ გარემოში — და არა, ლაბორატორიულ პირობებში — შეისწავლეს. ამიტომ დაგროვილი მასალა მომავალი კვლევებისთვის, რომლებიც ძილნაკლულობის გრძელვადიან ეფექტებს შეისწავლიან, დიდად გამოსადეგი იქნება.
ჩვენს ცხოვრებაში ძილის მნიშვნელობის სათანანდოდ არდაფასება დაუშვებელია. ამას ის ბოლოდროინდელი კვლევაც ადასტურებს, რომელმაც აჩვენა, რომ ძილთან და სტრესთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესები ერთსა და იმავე ნერვულ ქსელს იზიარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მიმდინარე პანდემიით გამოწვეული კოლექტიური სტრესი ჩვენი ძილის ხარისხსა და სიზმრებზეც კი ახდენს ზეგავლენას.
თუმცა ძილთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობისთვის პანდემიამდეც აქტუალური იყო. ამის გამომწვევ მიზეზთა შორის ცხოვრების თანამედროვე სტილი — ყოველდღიურობის ასწრაფებული ტემპი, ხანგრძლივი სამუშაო საათები, სტრესი, კომპიუტერული ტექნიკის მუდმივი გამოყენება თუ სიმარტოვე — გახლავთ.
რა თქმა უნდა, არსებობს რჩევები, რომლებიც ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს, თუმცა ზოგადად ცხოვრების წესის შეცვლა ნებისმიერი ადამიანისთვის ერთობ დიდი გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ცდა მაინც ღირს: სხვა თუ არაფერი, ხარისხიანი ძილი არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ სიცოცხლით ტკბობის უნარის შესანარჩუნებლადაც.
კვლევა ჟურნალში Health Psychology გამოქვეყნდა.
კომენტარები