ბევრი მკვლევარი თვლის, რომ დედამიწაზე წყლის ჩამოყალიბება ასტეროიდებთან არის დაკავშირებული. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და გაერთიანებული სამეფოს სინქროტრონის სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერების ახალი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ამ თეორიას. ახალი კვლევის თანახმად, წყალი დედამიწის შემადგენლობის ნაწილი იყო.

მკვლევრებმა იშვიათი მეტეორიტები შეისწავლეს, რომლებიც ცნობილია როგორც ენსტატიტის ქონდრიტები (EC). ვარაუდობენ, რომ ისინი შემადგენლობით მსგავსია იმ ქანების, რომლებითაც თავდაპირველად ჩვენი პლანეტა იყო აგებული.

X-Ray Absorption Near Edge Structure (XANES) ტექნიკის გამოყენებით (სპექტროსკოპია), ჯგუფმა დიდი რაოდენობით წყალბადი აღმოაჩინა. ეს მიდგომა ძირითადად რენტგენის სხივებს იყენებს და მასზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ოკეანეების ჩამოსაყალიბებლად ასტეროიდებიდან მოხვედრილი წყალი საჭირო არ იქნებოდა.

LAR 12252 მეტეორიტის ნიმუშის ლაბორატორიული ფოტო.

ფოტო: NASA

ეს წყალბადი შეიძლება გაერთიანდეს ჟანგბადთან, რომელიც ასევე იყო ადრეული დედამიწის ქანებში. ყველა ეს ინგრედიენტი არსებობდა დაახლოებით 4,55 მილიარდი წლის წინ.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასალა, რომელმაც ჩვენი პლანეტის შექმნას დაუდო საფუძველი (რომლის შესწავლაც შეგვიძლია ამ იშვიათი მეტეორიტების გამოყენებით), გაცილებით მდიდარი იყო წყალბადით, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს აღმოჩენა მხარს უჭერს იმ იდეას, რომ დედამიწაზე წყლის ფორმირება ჩვენივე პლანეტის შიდა პროცესების შედეგია და არ არის დამოკიდებული ასტეროიდებზე", — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯეიმს ბრაისონი.

კვლევისას მნიშვნელოვანი იყო წყალბადის მდებარეობა ნიმუშებში. მისი კონცენტრაცია აღმოაჩინეს მეტეორიტების შიგნით ხელუხლებელ მასალაში.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წყალბადის აირი, შესაძლოა, რეაგირებდეს ამ ქანების რკინის სულფიდურ მინერალ პიროტიტთან, რაც არსებითად ხელს უშლის წყალბადის დაკარგვას. ის შეიძლება შენარჩუნდეს მანამ, სანამ არ იქნება შესაფერისი პირობები წყლის ფორმირებისთვის.

"ანალიზმა აჩვენა, რომ ნიმუში შეიცავს წყალბადის სულფიდს — უბრალოდ არა იქ, სადაც ველოდით. ამ წყალბადის სულფიდის ასტეროიდებისგან წარმოშობის შანსები ძალიან მცირეა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის წყალი პლანეტის შიდა პროცესებისგან ჩამოყალიბდა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

კვლევა ჟურნალში Icarus გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.