რატომ ვერ გახდება ჩინეთი დასავლეთის ალტერნატივა — ინტერვიუ სინოლოგ შალვა ჩიხლაძესთან
ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლო 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად ცდილობს არადასავლურ ქვეყნებთან დაახლოებას:
- 2023 წელს ოცნების ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა;
- 2024 წლის 29 მაისს, საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობისთვის აშშ-ისგან სანქცირებული ჩინური კონსორციუმი — Communications Construction Company შეირჩა;
- 2025 წლის 29 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, "ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით", მემორანდუმი გაფორმდა;
- ამავე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტისას გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
- ერთი კვირის წინ, ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ინდოეთში იმყოფებოდა და როგორც ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ინდოეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მოთამაშე და მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.
- 17 აპრილს, ოცნების ხელისუფლების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარადგინა, რომლის ფარგლებში დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.
ამის პარალელურად, 2024 წლის 28 ნოემბერს ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა და გაურკვეველია ოცნების ხელისუფლებისა და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივა.
ჩნდება კითხვები: ქართული ოცნება ახალ მოკავშირეებს ხომ არ ეძებს? არის თუ არა ჩინეთი საქართველოსთვის პრაგმატული ალტერნატივა? მართლაც მოუტანს თუ არა სარგებელს მომხმარებელს ჩინური ბანკები? საბოლოოდ მიანდობს თუ არა ოცნება ანაკლიის პორტს სანქცირებულ ჩინურ კონსორციუმს და ა.შ. ამის შესახებ NEWS.on.ge სინოლოგ შალვა ჩიხლაძეს ესაუბრა.

შალვა ჩიხლაძე, სინოლოგი
როგორ შეაფასებდით ქართული ოცნების საგარეო კურსს?
ზოგად კონტექსტში რომ ვთქვათ, 21-ე საუკუნეში არადასავლური გლობალური თუ რეგიონული აქტორების — ეს იქნება დასავლეთ აზია თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ჩართულობა გლობალურ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური და ლოჯისტიკური განვითარებიდან და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. მათთან საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დადებითი კოოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამას მინდა ხაზი გავუსვა.
რაც შეეხება ბოლო ორი წლის ან წლინახევრის განმავლობაში არსებულ ცვლილებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, ფაქტია, რომ ქართული ოცნება გარკვევის პროცესშია რა და როგორ გადაალაგოს — დასავლეთთან, ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოსთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, საკმაოდ დაძაბული ან, შეიძლება ითქვას, ბუნდოვანი ურთიერთობა აქვს, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აქტიურად არ დგას.
თუ, პირობითად, დაახლოებით 10-15 წლის წინ საქართველო უფრო ცდილობდა ლიბერალურ- დემოკრატიული ქვეყნების ბანაკში ყოფილიყო უფრო ახლოს ინტეგრირებული — დღეს ეს ტენდენცია ნაკლებად დომინირებს, იყენებს რა ხელისუფლება თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალური-დემოკრატიული ღირებულებითი სისტემის კრიზისს და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის რევიზიას, ახდენს საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალიზაციას.
მმართველი პოლიტიკური გუნდი საერთაშორისო ტენდენციებზე მორგებით ირჩევს უფრო პრაგმატულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, სადაც მისივე ფორმულირებით სტრატეგიულ ავტონომიას საკვანძო ადგილი უჭირავს, შესაბამისად, ცდილობს, რეგიონის ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სპარსეთის ყურესთან, ინდოეთთანაც, ბუნებრივია — ჩინეთთან ურთიერთობების გამტკიცებას. ფაქტია, მისთვის "კომფორტულია" იმ ქვეყნებთან კავშირი, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე არ ინტერესდებიან "შიდა საქმეებში ჩარევით".
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა. პირიქით, თურქეთიც, აზერბაიჯანიც, ცენტრალური აზიის ქვეყნებიც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები არიან, ზოგი რეგიონულიც. ჩინეთი, როგორც ნომერ მეორე ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველო ცდილობდა განემტკიცებინა მისი ახალი (კარგად დავიწყებული ძველი) გეოპოლიტიკური ფუნქცია ყოფილიყო ევრაზიულ სივრცეში სატრანზიტო ქვეყანა.
ამაში ცუდი არაფერია, თუმცა, აქამდე თუ ამ ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის უპირველესი პრიორიტეტი ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობა იყო, ახლა თითქოს ჩანს, რომ მათთან პოლიტიკური კავშირები შეიძლება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გემოვნებაში უფრო ჯდება, ვიდრე ტრადიციულ პარტნიორებთან.
ამერიკელი კონგრესმენები ჯო უილსონი, ჯინ შაჰინი ხშირად წერენ და ამბობენ, რომ აშშ არ დაუშვებს შავ ზღვაზე პორტი ჩინელებმა ააშენონ. არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ამით საქართველოს ამერიკასთან და თუნდაც ევროპასთან გაუფუჭდეს ურთიერთობა?
აშშ-ს და ევროპას ერთად არ განვიხილავდი ამ პრიზმაში. არ მგონია, ამ შემთხვევაში, ევროკავშირს რაიმე ტიპის განსაკუთრებული გართულება ჰქონდეთ ჩინელები შავ ზღვაზე რომ შემოდიან. ევროკავშირის სახელმწიფოებს, მაგალითად — საბერძნეთს პირეოსის პორტი ფაქტობრივად ჩინურ კომპანიაზე აქვს გადაცემული და ევროკავშირის არაერთი ქვეყნის პორტის ტერმინალშია ჩინური კომპანიები (მაგალითად COSCO) შესული, მათ შორის ვალენსიაში, ბილბაოში, როტერდამში, ჰამბურგში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირეოსის გარდა ისინი საკონტროლო პაკეტს ფაქტობრივად არც ერთ პორტზე არ ფლობენ.
რაც შეეხება აშშ-ს, ამ შემთხვევაში ორი მომენტია. პირველი ის, რომ ანაკლიის შესახებ ერთი წლის წინ გამოცხადდა, მაგრამ ოცნების ხელისუფლება ჩინურ კომპანიას ხელშეკრულებას არ უდებს. თუ მათ ვიცეპრემიერს დავუჯერებთ, რაღაც წინადადებების დაზუსტება მიდის. მე ვფიქრობ, ქართული ოცნება ანაკლიის პორტის საკითხს სპეციალურად აჭიანურებს. იმიტომ, რომ ისინი ელოდებიან საბოლოოდ როგორ დალაგდება ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. თუ ახალ ილიბერალური ინტერნაციონალის ქვეყნებში შეერთებული შტატები იქნება ლიდერი და ქართული ოცნება მათთან მოახერხებს რაღაც თვალსაზრისით კომუნიკაციას, მე არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდაც არ გაუფორმონ ჩინურ სახელმწიფო კორპორაციას ხელშეკრულება და მიზეზად ის დაასახელონ, რომ რაღაც ტექნიკურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
ზოგადად, მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩართული, ჩინეთი იქნება, თუ ინდოეთი, ან აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყანა, საინვესტიციო პროექტებში. ეს ქართული ლოჯისტიკური სფეროსთვის საკმაოდ პოზიტიურია. თუ ჩვენ გვინდა სატრანზიტო ფუნქცია გავაძლიეროთ, ბუნებრივია, სასურველია, რომ აქ გლობალურ მოთამაშეებს ჰქონდეთ ინტერესი ჩადებული. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოპოზიციური სპექტრის ზოგიერთი წარმომადგენელი, ვფიქრობ, სრულიად არასწორად (მათივე და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე) აგდებულად და სრულიად არადიპლომატიურად მოიხსენიებს რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას, რომელთანაც ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს გამართული კომუნიკაცია აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, სასურველია იყვნენ მოზომილები მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით (უპირველესად ვგულისხმობ შუა დერეფნის ქვეყნებს). რადგან გეოგრაფია არ იცვლება იმის მიხედვით, ვინ მოვა ხელისუფლებაში და შეიძლება ერთ დღეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თავადაც და ქვეყანაც (თუ, ბუნებრივია, ხელისუფლებაში მოვიდნენ).
თუ ქართულმა ოცნებამ ყველა კარი დაკეტა დასავლეთთან, ანაკლიის პორტი რისთვის კეთდება?"
სასურველი იქნებოდა, რომ ანაკლიის პორტი ყოფილიყო სხვადასხვა გლობალური ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთა. თუ ქართულმა ოცნებამ ყველა კარი დაკეტა დასავლეთთან, ანაკლიის პორტი რისთვის კეთდება? ერთ მხარეს არის აღმოსავლეთ აზია, მეორე მხარეს — ევროპა. როდესაც საქართველო არის შუაში, ბუნებრივია, ორივე მხარესთან გჭირდება კარგი თანამშრომლობა.
თუ ერთ მხარეს ჩაუკეტე ყველანაირი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები რაღაც მიზეზების გამო, მაშინ რამდენად დაიტვირთება ანაკლიის პორტი ესეც საკითხავია. აქედან გამომდინარე, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ ერთი წელი კონტრაქტის არ გაფორმება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროცესი სპეციალურად იწელება და ისინი ამ საკითხის დასავლეთთან უპირველესად შტატებთან სავაჭროდ ამზადებენ, ოღონდ იმ დაშვებით, რომ გაუქმდეს სანქციები და სხვა ტიპის შეზღუდვები მათზე.
მიმდინარე წლის 29 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. "ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ სურთ ჩინური ბანკებიც იხილოთ საქართველოში. რა გავლენა ექნება ამას ჩვენს ეკონომიკაზე?
სიმართლე გითხრათ, მეც ბოლო პერიოდში მესმის ფრაზები — "ჩინური ბანკები შემოვლენ დაბალი პროცენტებით", მაგრამ ამის საფუძველი რა არის გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი.
ჩინური ბანკი, მაგალითად ICBC გასულია საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ მათი საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 2-5%-მდე მერყეობს. ამას რეფინანსირების განაკვეთი დაემატება და განაკვეთი იგივე ჯდება, რაც ამჟამინდელ ბანკებს აქვთ. რატომ გააჩინეს ვიღაც-ვიღაცებმა ეს მოლოდინი, ბოლომდე გაუგებარია. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ბოლო პერიოდში, რახან ბრიტანეთის სანქციები ამოქმედდა, რაღაც თვალსაზრისით ეროვნული ბანკი ცდილობდეს, რომ კრიტიკული მდგომარეობის დროს, რაღაც ალტერნატივები ნახოს. თუმცა, არა მგონია აქ მხოლოდ ჩინეთი იყოს ფოკუსში. ამას კიდევ შეიძლება სხვა ტიპის ქვეყნებიც დაემატოს, მაგალითად — სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი და ა.შ.
მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის გამოიყენებს ამას ქართული ოცნება — სახელმწიფო ინტერესებისთვის თუ საკუთარი პირადი ქონების უსაფრთხოებისთვის".
რაც შეეხება თანამშრომლობის მემორანდუმს, ის შეიძლება ყველასთან გაფორმდეს — გააჩნია მას როგორ გამოიყენებ. პირობითად, ადამიანს ხელში დანა თუ უჭირავს, შეიძლება სადილი მოიმზადოს ან ფეხში მოირტყას. შესაბამისად, ამის პრაქტიკაში დანერგვაა მნიშვნელოვანი. თუ ისე გაართულეს ურთიერთობა კოლექტიურ დასავლეთთან, რომ Visa-სა და Mastercard-ზე შეზღუდვა დაგვიწესეს (რაც ალბათ ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია), ეს სხვა მომენტია, მაგრამ მემორანდუმის გაფორმებაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ, ერთადერთი, მნიშვნელოვანია როგორ და რისთვის გამოიყენებს ამას ქართული ოცნება — სახელმწიფო ინტერესებისთვის თუ საკუთარი პირადი ქონების უსაფრთხოებისთვის.
"ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელი და მხარდამჭერები ცდილობენ, რომ ჩინეთთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან პარტნიორობა ისე შეფუთონ, რომ ის დასავლეთის პრაგმატულ ალტერნატივად მოიაზრებოდეს. ეთანხმებით ამ აზრს?
ალტერნატივის პოლიტიკა გულწრფელად არ მომწონს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ჩინეთი ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერდა და ნომერ მეორე ეკონომიკაა. აქედან გამომდინარე, ჩინეთი იქნება, ინდოეთი, იაპონია თუ სამხრეთ კორეა — მათთან კოოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, რაღაც თვალსაზრისით კოლექტიური დასავლეთის ალტერნატივად ჩინეთის წარმოდგენა მე ძალიან მიჭირს.
ჩინეთმა ბოლო 40 წლის განმავლობაში არნახული ეკონომიკური-სოციალური მოდერნიზაცია განიცადა და ამას იგრძნობს ნებისმიერი მოქალაქე, რომელის მის ქუჩებში გაივლის. თუმცა, მისი პოპულაციიდან გამომდინარე ასეულობით მილიონი მოქალაქე ჯერ კიდევ საერთაშორისო სტანდარტებით დაბალ შემოსავალს იღებს, საუბარი ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ პროვინციებში მცხოვრებ ხალხზე, შესაბამისად ჩინეთის საგარეო ეკონომიკური გრანდ-სტრატეგიის ძირითადი ფოკუსი კომერციული პროექტებია (ცალკეულ შემთხვევებში ჰუმანიტარული). თუმცა, მე ეჭვი მეპარება მას სურვილი ჰქონდეს მთელს მსოფლიოში გადაიბაროს იმ ლიბერალური წესრიგის მიერ შექმნილი მთელი რიგი პროექტები, რომლის არსებობა ბოლო პერიოდში თვით თეთრმა სახლმა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
ერთია ჩვენი მოლოდინები და მეორეა — თვითონ ჩინეთს უნდა იყოს ვინმეს ალტერნატივა?"
ერთია ჩვენი მოლოდინები და მეორეა — თვითონ ჩინეთს უნდა იყოს ვინმეს ალტერნატივა? იმიტომ, რომ მათ [დასავლეთს] ძალიან ბევრი ვალდებულება ჰქონდათ ბევრი მიმართულებით — დახმარებები, იგივე გრანტები და ასე შემდეგ. უნდა ჩინეთს გადაიბაროს ეს "ტვირთი"? ეს არის კითხვა, რომელზეც კონკრეტული პასუხი არ მომისმენია. შეიძლება ჩინეთს ჰქონდეს რაიმე კონკრეტული ინტერესები, ძირითადად კომერციულ პროექტებში, მაგრამ ერთი ჩინეთი მთლიანად კოლექტიური დასავლეთის ფინანსურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ალტერნატივა როგორ შეიძლება გახდეს?
თავდაპირველად, 2012 წელს ქართული ოცნება როცა მოვიდა, ნორმალური ბალანსი ჰქონდათ დაჭერილი — გავაფორმეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ასევე ჩინეთთან გავაფორმეთ FTA. საქართველოს პოზიციონირება მაშინ აღქმადი იყო. ევროკავშირისთვის უფრო საინტერესო იყო საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომელიც როგორც აზიური, ისე ევროპულ აქტორებთან ცდილობდა ახლო და მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობის განვითარებას.
მაგრამ ახლა თავის დროზე არსებული ბალანსი იცვლება ქართული ოცნების ქაოტური მიდგომით, რომლის ლოგიკა ბოლომდე ვერ ამოვხსენი და მეეჭვება ეს პროცესი კარგ დასასრულამდე მიდიოდეს ქართული სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ქართულმა ოცნებამ არ შეცვლაა ეს კურსი და არ დაუბრუნდა თუნდაც 5 წლის წინანდელი კურსს.
კომენტარები