8 თვე სახლში — 34 წლის გოგა ლიფტისა და პანდუსის არარსებობის გამო ეზოში ვერ გადის
34 წლის გოგა ხუციშვილი მერვე თვეა გარეთ, ეზოში ვერ ჩადის. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ხოლო იმის გამო, რომ სადარბაზოში არც ლიფტია და არც პანდუსი, დახმარებას ვერც ცოლი ახერხებს. გამგეობაში ამის შესახებ უკვე ნახევარ წელზე მეტია იციან და ამბობენ, რომ მოგვარებას ცდილობენ, თუმცა შედეგი არ ჩანს.
გოგა On.ge-ს თავად დაუკავშირდა — ერთ-ერთი Facebook ლაივის კომენტარში დაწერა, რომ მედიის დახმარება სჭირდება. საუბარი უჭირს, ამიტომ ინტერვიუს პროცესში, ძირითადად, მისი ცოლი, ნათია ლომიძე იყო ჩართული.
გოგამ ტრავმა ორი წლის წინ, ბორჯომში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიიღო. სამი თვე რეანიმაციაში იყო, 4-5 თვე — საავადმყოფოში. რეაბილიტაციის კურსს ახლა სახლში გადის და ყოველდღიურად ვარჯიშობს, რათა ფეხზე ისევ დადგეს.
ნათია ლომიძე On.ge-სთან ამბობს, რომ ქმრის ხელში აყვანა უჭირს, ყოველ დღე სხვისთვის დახმარების თხოვნა კი ერიდება.
"კარგი ამინდებია და გარეთ მინდა გავიყვანო. სულ სახლშია. ჰაერიც ძალიან სჭირდება. ახლაც გასასვლელები ვართ, ხვალ ექიმთან მიმყავს და მთელი წვალებით როგორღაც უნდა წავიყვანო.
ჩაყვანის დროს ბიძაშვილს ვურეკავ ხოლმე. ორი ადამიანი რაღაცნაირად ჩაიყვანს, მაგრამ ასე ძალიან ძნელია. ყოველ დღე ვერავის დაურეკავ და შეაწუხებ. შარშან ზაფხულს რაღაცნაირად გამყავდა. გამხდარიც იყო შედარებით. ახლა საკმაოდ მძიმეა წონითაც და ვირუსების ფონზეც მეშინია სხვამ რომ ჩაიყვანოს.
ექიმი სახლში მომყავს ხოლმე კონსულტაციისთვის. რა თქმა უნდა, თანხასაც მეტს ვიხდი ამ დროს", — გვიყვება გოგას ცოლი.
ლიფტისა და პანდუსის არარსებობის გარდა, ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ეტლით ადამიანის გარეთ გაყვანა დაზიანებული ხის ვიწრო კიბის გამოც უჭირთ.
სამგორის რაიონში, წმინდა ბარბარეს ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კორპუსში 2020 წლის სექტემბერში გადმოვიდნენ. მანამდე ქირით, საავადმყოფოსთან ახლოს ცხოვრობდნენ. პანდუსი იქაც არ ჰქონდათ, თუმცა ლიფტი ფუნქციონირებდა და გარეთ გასვლას ახერხებდნენ.
"გარეთ რომ გადიოდა, უკეთესად იყო. ამდენი ხანი სახლში ყოფნის გამო, წამოდგომისას ცოტა სისუსტეები აქვს. წინა ზაფხულს, როცა გარეთ გაგვყავდა, ასე არ იყო. ადამიანი ხარ დაა გარეთ გასვლა გინდა. მეც არ გავდივარ გოგას გამო და სულ სახლში ვარ, მაგრამ ხანდახან ხომ უნდა გავიდეს გარეთ, კვირაში ერთი დღე მაინც", — ამბობს ნათია ლომიძე.
პანდუსის მოწყობის მოთხოვნით ოჯახმა განცხადება ისანი-სამგორის გამგეობაში 2020 წლის ოქტომბერში დაწერა. პასუხი მალევე მიიღეს — გამგეობამ უპასუხა, რომ განაცხადი მიღებულია და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილდება. ცოლ-ქმარს მაშინ აუხსნეს, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ იყო. თუმცა, ამის მერე დიდი დრო გავიდა, ახალი ბიუჯეტიც დამტკიცდა და პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
"ამის მერე ვრეკავდით გამგეობის ცხელ ხაზზე, სადაც გვეუბნებოდნენ, ხელახლა დავაფიქსირებთ თქვენს განცხადებასო. ბოლოს რომ მოვიდნენ, გვითხრეს, მოგაქცევთ ყურადღებას, მოვიფიქრებთ რისი გაკეთება შეიძლებაო. ერთი თვე გავიდა და მაინც არავინ ჩანს, ჯერჯერობით. როგორი პანდუსებიც ყენდება ხოლმე, ისეთი თქვენს სადარბაზოში ვერ დაყენდება და მოვიფიქრებთ ახლო მომავალში, რა შეიძლება გავაკეთოთო, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა", — გვეუბნება ნათია.
"როგორც გავიგე, კედელზე ამაგრებენ [პანდუსს] და გადმოწევ. გარედან ლიფტიც კეთდება კედელზე. თან არ მგონია, ისეთი ძვირი იყოს ამის გაკეთება, რომ ვერ შეძლოს სახელმწიფომ. ახალ კორპუსებში ითვალისწინებენ პანდუსებს, მაგრამ ძველებში არ არის. რამის მოფიქრება წესით შეიძლება", — ამბობს ის.
ოჯახს პანდუსის საკუთარი სახსრებით მოწყობის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. თვიურად წამლებსა და ანალიზებში 2 000 ლარამდე ეხარჯებათ.
"ერთი დღე ექიმთან ვიზიტი და ანალიზების აღება 800 ლარი გამოდის. მარტო ფილტვების CT [კომპიუტერული ტომოგრაფია] 255 ლარი ღირს, თავის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა — 300 ლარი.
შშმ პირის სტატუსი აქვს გოგას და პენსია ერიცხება თვეში 200 ლარი. ახლა დანამატი იყო კოვიდის გამო და 300 ლარი გამოვიდა, მაგრამ ანალიზებში არ გვეხმარება ეს სტატუსი.
თავიდან ფონდები გავაკეთეთ ფეისბუქზე და კარგად დაგვეხმარნენ. საავადმყოფოში 15 000 ლარს ვიხდიდით თვეში. მაშინ ხალხის წყალობით დაგვიგროვდა თანხა", — იხსენებს ნათია.
გოგა და ნათია მერიის შესაბამის სამსახურს ყურადღების გამოჩენასა და პანდუსის მალე დამონტაჟებას თხოვენ.
On.ge სამგორის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პანდუსის მოწყობა შეუძლებელია.
"გოგა ხუციშვილის პრობლემური საკითხი გამგეობის შესაბამისი განყოფილების სპეციალისტების მიერ შესწავლილია, რომლის შემდგომაც დადგინდა, რომ საცხოვრებელ კორპუსს საერთო სარგებლობის ხის კიბე აქვს, რის გამოც პანდუსის მოწყობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გათვალისწინებით, შეუძლებელი ხდება".
თუმცა გამგეობაში ირწმუნებიან, რომ პრობლემის ალტერნატიული გზით მოგვარების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და "კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შევიწროებულ ვადებში" ცდილობენ, საკითხის "დადებითად გადაჭრას".
განახლება:
გოგა ხუციშვილს, რომელიც პანდუსს ითხოვდა, მერიამ ალტერნატიულ ბინაში ქირის ანაზღაურება შესთავაზა. გოგას ცოლის, ნათია ლომიძის თქმით, მათთან მერიის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ მივიდა და ალტერნატივად პირველსართულიანი ბინის მოძებნა შესთავაზა, რომლის ქირასაც მერია დაფარავს.
კომენტარები