3 ქცევა, რომლის დახმარებითაც საუკუნეებს გადავურჩით და ყოველდღიურობად გვექცა
სოციალურ ურთიერთობებს ინდივიდუალურობა საინტერესო და კომპლექსურ ფენომენად აქცევს, თუმცა ფორმალურ დონეზე ადამიანები საერთო ქცევით სისტემებს ვიზიარებთ. ჩვენ ემოციებს, მოლოდინებს, აზრებსა თუ სურვილებს ერთმანეთს კომუნიკაციის სხვადასხვა დამკვიდრებული ფორმით გადავცემთ. ამ დროს მოსაუბრეს ჩვენი გაგება სწორედ იმიტომ შეუძლია, რომ სიტყვების თუ ქცევის ბაზისურ მნიშვნელობებზე საყოველთაოდ შეთანხმებულნი ვართ.
ამასთანავე, კულტურისა და სხვა სოციალური ნორმების გათვალისწინებით, სხვების ქცევაზე გარკვეულ პროგნოზებსაც ვაკეთებთ: მაგალითად, მეგობრისგან თანადგომას ველით, კოლეგისგან კი თანამშრომლობას. საპასუხოდ, ჩვენი რეაქციებიც გარკვეულ საყოველთაო ლოგიკას ემორჩილება: უსამართლობის აღმოჩენა გვაბრაზებს; საჭიროების შემთხვევაში ტყუილს ვამბობთ; უსიამოვნო სიტუაციებს გავურბივართ. ამ დროს ისიც ვიცით, რომ ადამიანთა უმეტესობას მსგავს ვითარებებში ასეთივე ემოციები ეუფლება და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებს.
მართალია, ჩვენ საკუთარ თავებს ხშირად ვკიცხავთ და საქციელს ვუწუნებთ, მაგრამ ზოგჯერ მსგავსი თვითკრიტიკა ზედმეტად მკაცრი და კონტრპოდუქტიულია. ამის გასააზრებლად იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენმა, ზოგჯერ ნერვების მომშლელმა, ქცევებმა განვითარების შორეული ევოლუციური გზა გაიარა. ამ გზაზე კი მთავარ კრიტერიუმს სხვა სახეობებზე უპირატესობის ფლობის შესაძლებლობა წარმოადგენდა. შესაბამისად, თითოეული უნარი, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, ჩვენს გადარჩენაში გარკვეულ როლს თამაშობდა.
ქვემოთ იმ სამ ქცევას განვიხილავთ, რომელიც ყოველდღიურობის აუცილებელი ნაწილია და, რამდენად უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ჩვენი სახეობის გადარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1. ჭორაობა
რთული შესამჩნევი არ არის, რომ სულ სხვა მიზნით დაწყებული საუბარი ბოლოს ჭორაობად გვექცევა ხოლმე. ჩვენ მხოლოდ სამყაროს მუშაობის პრინციპის ამოხსნა ან სხვადასხვა საკითხზე მეცნიერების მიერ შემოთავაზებული პირდაპირი პასუხები არ გვაინტერესებს, არამედ ვცდილობთ, იმ სოციუმის წევრებზეც მეტი გავიგოთ, რომლებთანაც ცხოვრება გვიწევს. თუ დავუკვირდებით, ინფორმაციის ამ ფორმით გაცვლისას რეალურსა და წარმოსახვითს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია: ჩვენ ახლობელ ადამიანებზე, ნაკლებად ნაცნობ კოლეგებზე, მხოლოდ ეკრანზე ნანახ ვარსკვლავებსა და წიგნისა თუ ფილმის გამოგონილ პერსონაჟებზე თანაბარი წარმატებით ვჭორაობთ. თანამედროვე ადამიანის აღშფოთებას ხშირად სხვების გემოვნება, ჩაცმულობის უჩვეულო სტილი ან სილამაზის სტანდარტებიდან გადახრა იწვევს და ამაზე ჭორაობას ის საათებსაც კი უთმობს.
ჩვენი შორეული წინაპრებისთვის ასეთი "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" საკითხები უცხო იყო, რადგან მათი ყოველდღიურობის წინაშე უფრო სწორხაზოვანი პრობლემები იდგა.
როცა პრეისტორიული ადამიანები ჯერ კიდევ განუვითარებელი იარაღებით მტაცებლების პირისპირ აღმოჩნდნენ, მიხვდნენ, რომ თანამშრომლობა რაციონალური გამოსავალი იყო. ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა კი ნდობის ფაქტორს მოიაზრებს. თუმცა ასეთ დროს რადიკალური სკეპტიციზმი ენერგიის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. შედარებით მცირე ჯგუფებში ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ფლობა მარტივია. მაგრამ რაოდენობის ზრდასთან ერთად უამრავი ფაქტი შეიძლება ხელიდან გაგვისხლტეს. სწორედ აქ ჩნდებიან პირველი ჭორიკნები, რომლებმაც სხვაზე რაღაც ისეთი იცოდნენ, რაც ჯგუფის ფუნქციონირებას უშლიდა ხელს.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ჭორაობის ევოლუციური საფუძვლები ე.წ. Free Rider-ების გამოაშკარავებას უკავშირდება. ეს ტერმინი სოციუმის იმ წევრებს მიემართება, რომლებიც საერთო კეთილდღეობით სარგებლობენ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ. უძველესი საზოგადოების რუტინა ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ერთი ჯგუფი ნადირობს, მეორე თევზის დაჭერაზეა პასუხისმგებელი, ნაწილი უწყინარი შემგროვებელია, ვიღაც ცეცხლს დარაჯობს და ასე შემდეგ. მათ შორის ზოგიერთი კი სხვის მოტანილ საკვებს ამაყად შეექცევა და უსაფრთხოებაც გარანტირებული აქვს, მაგრამ თავისი ფუნქციის შესრულებით თავს არ იტვირთავს.
დიდ ჯგუფებში ასეთი ინდივიდების აღმოსაჩენად "ჭორაობით" მიღებული ინფორმაცია ეფექტიანი იარაღი უნდა ყოფილიყო, რაც დროისა და ენერგიის დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებდა. ჭორაობის ადრეული ფორმის მეშვეობით დამყარებული სოციალური კონტროლი მარტივად გამოააშკარავებდა, თუ ვისი ნდობა შეიძლებოდა ან ვინ უქმნიდა ჯგუფის კეთილდღეობას საფრთხეს. ასეთი გამართული სტრუქტურის შედეგად კი არა მხოლოდ რთულ კონკურენციაში გავიმარჯვეთ, არამედ სხვა სახეობები ჩვენი სურვილის შესაბამისად დავიქვემდებარეთ.
2. "ფიქციაში ცხოვრება"
ჰომო საპიენსები ერთ უნიკალურ სუპერძალას ვფლობთ: როცა რეალობა გვწყინდება, შეგვიძლია, დროებით მაინც თავი განსხვავებულ სამყაროში ამოვყოთ. ამას ჩვენ წარმოსახვის უნარით ვაღწევთ. ადამიანებს შეგვიძლია, ზღაპრული სამყაროს შემოქმედნი თავადვე ვიყოთ ან სხვების ფანტაზიის წყალობით შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს დავეწაფოთ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთ მომენტებში რეალობას ვაკონტროლებთ და ემპირიული სამყაროს წარმოსახვითისგან განცალკევების უნარი შეგვწევს. თუმცა რა რეაქცია გექნებათ, თუ გეტყვიან, რომ თქვენი ყოველდღიურობა ათასობით ფიქციის ერთიანობაა, რომელთა უმეტესობისაც ისე გჯერათ, რომ ლამის რეალურად აღიქვამთ?
ერთ წამით ჩვენს შორეულ წინაპრებს დავუბრუნდეთ, რომლებმაც ჭორაობა კი აითვისეს, მაგრამ სოციალური ჯგუფების ზრდასთან ერთად მათ წინ ახალი პრობლემა დადგა. თუ საზოგადოება თუნდაც იმდენად დიდია, რამხელაც თანამედროვე საშუალო ზომის ქალაქის მოსახლეობაა, შეუძლებელი ხდება, მისი ყველა წევრი იმ დონეზე გაიცნო, რომ მათზე ჭორაობა შეძლო. არადა, ჯგუფის კეთილდღეობის საფრთხეში ჩამგდები ინდივიდების გამოაშკარავება კვლავ საჭირბოროტო საკითხად რჩება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა: როგორ მოვახერხეთ ასეთი დიდი და მრავალფუნქციური საზოგადოებების ჩამოყალიბება? იუვალ ნოახ ჰარარი, თავის წიგნში, საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია, ამაზე საინტერესო პასუხს გვთავაზობს. ავტორის მიხედვით, მხოლოდ საპიენსებს შეუძლიათ ისეთ რამეებზე საუბარი, რაც არასდროს უნახავთ, არ შეხებიან და არც ყნოსვით შეუგრძნიათ. რატომ? იმიტომ, რომ წარმოსახვის უნარი გვაქვს. სწორედ წარმოსახვის მეშვეობით შეგვიძლია, უამრავი ფიქცია შევქმნათ, ისინი სხვებს დავაჯეროთ და ბოლოს გამონაგონი ნარატივის მსხვერპლი თავადვე აღმოვჩნდეთ.
აი, მაგალითად, მტაცებელ ცხოველს ვერანაირად გავაგებინეთ, რომ თუ მის ნადავლს სუსტებს დაუთმობს, ამის გამო სამოთხეში მოხვდება. თუმცა მოაზროვნე არსებების ნაწილისთვის ეს სრულიად ბუნებრივი და დამაჯერებელი დაპირება იქნებოდა. ასევე, განვითარებულ უცხოპლანეტელსაც შეიძლება ვერ ავუხსნათ, ასეთი რა არის ქართველობა, რომელსაც ვერც დაინახავ, ვერც შეეხები და ვერც გემოს გაუსინჯავ, თუმცა მისი შენარჩუნების სახელით ადამიანებს გმირობის ჩადენაც შეუძლიათ და თავიანთზე სუსტების გაწირვაც.
აშკარაა, რომ ასეთი კოლექტიური ფიქციები კარგად მუშაობს და შედეგად ფუნქციურ და დიდ სოციალურ გაერთიანებებს გვაძლევს. თუკი ადრე დიდ ტომებს რომელიმე ღვთაების კულტი აერთიანებდათ, მსგავსი ტენდენცია არც თანამედროვე სამყაროსთვისაა უცხო. ორი ადამიანი, რომლებიც ერთი რელიგიის მიმდევარნი არიან, შესაძლოა, ერთმანეთს ვერასდროს შეხვდნენ. ამის მიუხედავად, საერთო რელიგია იმდენად ძლიერი შემაკავშირებელი ძალაა, რომ ჯგუფის არსებობისთვის აუცილებელი აღარ არის, მისი წევრები ერთმანეთს იცნობდნენ.
3. ირაციონალური შიშის განცდა
თუ რომელიმე ფობია თქვენი ცხოვრების ნაწილია, მაშინ გეცოდინებათ, რა რთულია მისი გამომწვევი სიტუაციებისგან მუდმივი თავის არიდება ან, როცა ეს არ ხერხდება, ირაციონალური შიშის ატანა. მე პირადად კინოფობიის მსხვერპლი ვარ, რის გამოც დაცინვის ობიექტი არაერთხელ გავმხდარვარ. არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ლეკვს ვხედავ თუ ჩემკენ მორბენალ უშველებელ ძაღლს, შიშისა და დაუცველობის შეგრძნება თითქმის იდენტურია. ნამდვილად რთული სათქმელია, ასეთი ირაციონალური განცდა გადარჩენაში როგორ უნდა დაგვხმარებოდა. ამის გასაგებად ის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფსიქოლოგები და ევოლუციონისტები თანდაყოლილ და შეძენილ ფობიებს ერთმანეთისგან განასხვავებენ.
ზოგ შემთხვევაში ფობია ტრავმული გამოცდილებით აიხსნება. მაგალითად, ძაღლების მიმართ შიში ბავშვობაში მიღებული უსიამოვნო ინციდენტით ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძაღლის ნაკბენით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუმცა არსებობს თანდაყოლილი ფობიები, რომლებსაც ჩვენი სახეობის უმეტესობა იმისგან დამოუკიდებლად იზიარებს, მასთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება ჰქონდა თუ არა.
თანამედროვე ადამიანებში ყველაზე გავრცელებული ფობიები გველებსა და ობობებს უკავშირდება. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში 6 თვის ახალშობილებს სხვადასხვა ფოტოს აჩვენებდნენ, რომელთა შორისაც გველისა და ობობის გამოსახულებებიც იყო. ამასთან, ბავშვებს ამ არსებებთან დაკავშირებული გამოცდილება არ ჰქონიათ. გველისა და ობობის დანახვისას ახალშობილებს თვალის გუგები გაუფართოვდათ, რაც არ მოხდა სხვა გამოსახულებების დანახვის შემთხვევაში. გუგის გაფართოება იმის მანიშნებელია, რომ, მართალია, ახალშობილებმა არ იციან, რატომ არის საფრთხის შემცველი გველი ან ობობა, ისინი მათი დანახვისას სტრესს მაინც განიცდიან.
ობობებისა და გველების დანახვისას ზრდასრულ ადამიანებსაც სწრაფი რეაქციები გვაქვს. ერთ-ერთ კვლევაში ცდისპირებს გველის, ობობის, სოკოს ან ყვავილის დანახვისას ღილაკზე თითი უნდა დაეჭირათ. შედეგი კი ასეთი იყო: მათ გველებისა და ობობების იდენტიფიცირება ყველა შემთხვევაში გამორჩეულად მოკლე დროში შეძლეს. რატომ გველები და ობობები და არა ლომები, რომლებიც ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან? ადამიანებმა ვიცით, რომ ლომი ჩვენთვის საშიში ცხოველია და მას უიარაღოდ ვერ დავამარცხებთ. გველებისა და ობობების შემთხვევა ცოტა განსხვავებულია. ისინი უფრო ჩუმი და ცბიერი თავდამსხმელები არიან, რომლებიც პირდაპირ შეტევაზე არ გადმოდიან და არც თავიანთ ადგილსამყოფელს გვამცნობენ. ჩვენს წინაპრებს ამ არსებებთან თანაცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ, ამიტომ მათი სწრაფად შემჩნევა და შიში მომაკვდინებელი ნაკბენისგან გადარჩენის საშუალებას წარმოადგენდა.
გველები დღემდე საშიშ არსებებად რჩებიან, მაგრამ ზოგიერთი კვლევის მიხედვით, წრუწუნების მიმართ ფობიაც თანდაყოლილია. რატომ უნდა გვაფრთხობდეს ეს პატარა არსება, რომლის წინააღმდეგაც უამრავი საწამლავი და მახე გამოვიგონეთ? გარდა იმისა, რომ შენახული საკვების ქურდები არიან, თაგვებს სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადატანა შეუძლიათ. სავარაუდოდ, ეს თვისება ჩვენმა წინაპრებმაც შენიშნეს და მათი დანახვისას პანიკური შიში თავდაცვის მექანიზმად გვიანდერძეს.
საუკუნეების გასვლასთან ერთად ადამიანებმა სამყარო შევცვალეთ და ახლა ვცდილობთ, რომ ჩვენი ქცევები თანამედროვე გამოწვევებს მოვარგოთ. შეიძლება, ობობებმა უკვე ვერაფერი დაგვაკლონ ან სხვის ხარჯზე მცხოვრები Free rider-ები მოქნილმა სისტემამ თავად გამოააშკარაოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაქნოფობია გაქრება ან ჭორაობის სურვილი აღარ გვექნება.
სხვა ადამიანის ხასიათისა თუ ქმედებების განხილვა, მართალია, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს აღარ გვიწყვეტს, მაგრამ ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის მეშვეობით სამყაროში ორიენტირებას ვსწავლობთ. ბევრ ჩვენგანზე არც შეპირებული სამოთხის ფიქცია მოქმედებს ძველებური წარმატებით, მაგრამ, სანაცვლოდ, მრავალი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა ჩამოვაყალიბეთ, რომლებსაც თავს მივაკუთვნებთ და მოგვწონს, როცა თანამოაზრეებიც მრავლად გვყავს.
კომენტარები