პარტიებმა გამოხატეს კმაყოფილება პოლიტპატიმრებზე გაკეთებული შეთავაზების გამო, ხოლო ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით თქვეს, რომ ეს ის არ არის, რაც მათ სურდათ, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და მხარს უჭერენ.

დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და მოიცავს პოლიტიკურად მოტივირებულ მართლსაჯულებას, ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, სასამართლო რეფორმას, ძალთა გადანაწილებას პარლამენტში და მომავალ არჩევნებს.

პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო

ხელისმომწერები თანხმდებიან, რომ ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში პოლიტიკურად აღქმულ ორ შემთხვევაში მიღებული იქნება ამნისტია ან რაიმე სხვა ნაბიჯი, რომელსაც იგივე შედეგი იქნება. როგორ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, ამ ორ შემთხვევაში სწორედ ნიკა მელია და გიორგი რურუა იგულისხმება. საუბარია ამნისტიის კანონზე, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის აქციების დროს წარმოშობილ ბრალდებებსა და დარღვევებს და ეს კანონი პარლამენტმა დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთ კვირაში უნდა მიიღოს.

ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადი ჯაფარიძემ თქვა ისიც, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე თავდებად ევროკავშირი გამოდის.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, კიდევ ვის შეეხება ამნისტია და აქ იგულისხმებიან თუ არა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ამაზე შეხვედრის შემდეგ On.ge-მ გიგა ბოკერიას ჰკითხა, რომლის თქმით, ჯერ საუბარი არ ყოფილა, რომელ კონკრეტულ მუხლებს შეეხება ამნისტია, თუმცა "ეს არის კომპრომისის ფასი".

"რა მუხლები შევა ან არ შევა ამნისტიაში, აქამდე არ მისულა დისკუსია ჯერ. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რაც ბევრი კარგი ადამიანისა და მოქალაქისთვის არ იყო მისაღები და მე მესმის, რატომ არ იყო მისაღები, დიახ, კომპრომისის ფასი მდგომარეობს სწორედ მაგაში, რომ ასეთ რაღაცაზე თანხმდები", — თქვა მან.

შემოთავაზებულ დოკუმენტში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს ნაციონალურ მოძრაობას და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის კონსულტაციების გაგრძელებას აპირებს. კერძოდ, აკაკი მინაშვილის თქმით, ნიკა მელიას წუხილია, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, ვინც 20 ივნისს ძალა. გამოიყენა.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა საპარლამენტო იმუნიტეტის მოსახსნელად მხოლოდ უმრავლესობის ხმა საკმარისი არ იყოს.

ვადები:

  • ხელმოწერიდან 1 კვირაში მიიღება შესაბამისი ზომები, რათა განხორციელდეს მოცემული პირობა;
  • ხელისმომწერები შედიან პარლამენტში, რათა საპარლამენტო წესებში ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა

დოკუმენტში წერია, რომ ყველა მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა იყოს, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა იყოს მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.

გარდა ამისა, ახალი დოკუმენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა პარლამენტის დეპუტატთა 2/3-ის თანხმობით.

ამასთან, პარტიებმა მხარი უნდა დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ორ მარტს იქნა წარმოდგენილი, შემდეგი ცვლილებებით:

  • ადგილობრივი არჩევნები: 4/1 შეფარდება პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 5 ყველაზე დიდი ქალაქისათვის, 2/1 — სხვა ადგილებისთვის, ბარიერი 2,5% უნდა იყოს თბილისში, ხოლოდ 3% — ყველგან სხვაგან;
  • ცესკოს დაკომპლექტების ცვლილება: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი
  • უნდა განისაზღვროს მკვეთრი კრიტერიუმები, რა შემთხვევაში ხდება ბიულეტენების გადათვლა.

დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ გათვალისწინებულ უნდა იყოს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის საერთო შესწორებები, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 20 მარტს და დაკავშირებული იყო წარდგენილ ორ კანონპროექტთან, კერძოდ, პარტიის რეგისტრაციისა და დაფინანსების მიღების საკითხთან.

ვადები:

  • საარჩევნო რეფორმაზე დისკუსია სამუშაო ჯგუფის სახელით გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ;
  • განახლებული დრაფტი, რომელიც სრულად ასახავს შეთანხმებას, გადაეგზავნება ODIHR-ს, რათა საკუთარი აზრი შეთანხმებიდან 2 კვირის განმავლობაში დააფიქსიროს;
  • შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დაამტკიცებს.

სასამართლო რეფორმა

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, სანდოობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული; განსაკუთრებით, წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებით მოსამართლეთა დანიშვნის კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ამასთან დოკუმენტში წერია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

მიშელის წინადადებაში მითითებულია ისიც, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.

გენერალური პროკურორი

რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორს, კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროცედურის შემდეგ, მათ შორის, საჯარო დებატების შემდეგ, პარტიები იღებენ ვალდებულებას, ჰქონდეთ საერთო პოლიტიკური პოზიცია პარლამენტარების კვალიფიციური უმრავლესობის მიხედვით იქნება მექანიზმი პროკურორის არჩევისა.

გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიცია
მომავალი გენერალური პროკურორის არჩევის "ანტი-ჩიხური" მექანიზმი:

  • პირველი ორი მცდელობა საჭიროებს კვალიფიციურ უმრავლესობას. შემდგომი მცდელობები მოითხოვს უბრალო უმრავლესობას;
  • ხმის მიცემა ჩატარდება წინა კენჭისყრიდან 4 კვირის შემდეგ;
  • ნებისმიერი დანიშვნა ამ ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო პროცედურის შესაბამისად დროებითია, ვადა შეზღუდულია ერთი წლით, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა ხელახლა უნდა დაიწყოს.

ვადები:

  • დისკუსია შეთანხმებაში აღნიშნული საკითხების იმპლემენტაციაზე მაშინვე უნდა დაიწყოს, როგორც კი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ;
  • დრაფტი პირველ ივლისამდე უნდა წარედგინოს ვენეციის კომისიას აზრის დასაფიქსირებლად;
  • პირველი კენჭისყრა 2021 წლის შემოდგომის სესიაზე უნდა შედგეს;
  • პარლამენტმა რეფორმის განხორციელება 2022 წლის გაზაფხულის სესიას არ უნდა გადააცილოს.

ძალთა გადანაწილება პარლამენტში

ხუთი კომიტეტის თავმჯომარედ ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დაინიშნონ და მათგან ორი უნდა იყოს ჩამოთვლილ კომიტეტებს შორის:

  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

ამასთან, ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ ერთი წარმომადგენელი შემდეგ დელეგაციებში: Euronest, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და OSCE (ეუთო).

ვადები:

  • ხელისმოწერიდან ერთი კვირაში უნდა დაიწყოს პროცესი, რათა განისაზღვროს ძალთა გადანაწილება პარლამენტში. 2021 წლის საშემოდგომო სესია სახეცვლილი ფორმით უნდა დაიგეგმოს.

მომავალი არჩევნები

დოკუმენტი იზიარებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებას, თუმცა ნაცვლად 40%-სა, მითითებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

მომავალი არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხთან ერთად, ის პუნქტია, რომელზეც ოპოზიციას საბოლოო პასუხი არ აქვს. მაგალითად, ენმ-ის აზრით, თვითმმართველობის არჩევნები არ არის სწორი გზა ვადამდელთან მისასვლელად. თუმცა აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, დიალოგი არ დასრულებულა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ეს ჩანაწერი არ მოსწონთ ევროპულ საქართველოშიც. გიგა ბოკერიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა მათთვის მიუღებელია და გამოსავალი არის ან პლებისციტი, ან პირდაპირ შეთანხმება კონკრეტულ ვადაზე.

ამასთან, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

შეთანხმების ხელმომწრებმა უნდა გაითვალისწინონ OSCE/ODIHR-ის დასკვნა, რომლის თანახმადაც, "31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ხმის თავისუფლება უმეტესად დაცული იყო".

დოკუმენტში ასევე წერია:

"მხარეები აცნობიერებენ, რომ სხვადასხვაგვარად შეაფასეს 2020 წლის არჩევნები და თანხმდებიან, რომ გამოიყენებენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებს და მიიღებენ მონაწილეობას მომავალ არჩევნებში შესაბამისი საარჩევნო რეფორმის გატარების შემთხვევაში (რომელიც აღწერილია დოკუმენტში)".

ვადები:

  • პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებულია დოკუმენტისთვის ხელმოწერისთანავე.

რომელი პარტია რას ფიქრობს

ყველა პარტიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თუმცა რიგგარეშე არჩევნების შემოთავაზება ის არ არის, რაც მათ სურდათ. მიუხედავად ამისა, შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე წინასწარი მზაობა, ფაქტობრივად, გამოთქვეს:

  • მამუკა ხაზარაძე, ლელო: "პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ლელო ყველა ამ პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ";
  • გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებელი: "ჩემთვის პირადად ეს დოკუმენტი არის მისაღები, ღიად ვაცხადებ. მაგრამ პოლიტსაბჭოსთან მექნება მსაჯელობა და ამის შემდეგ, საბოლოოდ, დაველოდებით სხვა კოლეგების და ქართული ოცნების თანხმობას, მარტო ჩვენ რომ მოვაწეროთ, საკმარისი ნამდვილად არ არის";
  • ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტია: "მე შემიძლია ვთქვა რესპუბლიკური პარტიის სახელით, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილნი და მზად ვართ, ხელი მოეწეროს ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან მზაობა";
  • ვახტანგ მეგრელიშვილი, გირჩი: "მე იმედი მაქვს, რომ მხარეები, ამდენი ძალისხმევის დახარჯვის შედეგად, ახლა მაინც იქნებიან უფრო მეტად პასუხისმგებლიანები და ამ შეთანხმებას არ გავაფუჭებთ. მე დაველოდები და ჩემი პარტია ხვალიდან პარლამენტში ჩვენი კოლეგების შემოერთებას და მერე იმედია, რომ ერთად შევალთ დარბაზში".

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ აქვთ "წუხილები" ორ პუნქტთან დაკავშირები და როგორც აკაკი მინაშვილმა თქვა, "ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, პრობლემატური იქნება ხელმოწერა ნამდვილად".

საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებია ევროპულ საქართველოს, თუმცა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ დოკუმენტი უკეთესია. მის უკმაყოფილებას ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი მექანიზმი იწვევს. მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი დაკორექტირდება.

უკმაყოფილო იყო გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც, რომელმაც თქვა, რომ გაუმჯობესება მხოლოდ პოლიტპატიმრების საკითხს შეეხება. მისი თქმით, დოკუმენტი უკეთესია, თუმცა არ სჯერა, რომ ეს ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. რაც შეეხება ხელის მოწერას, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ღიად აფიქსირებდნენ უმაყოფილებას ქართული ოცნების არმისვლის გამო. ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია მათთვის უცნობია.

რაც შეეხება ვადებს, შეხვედრის შემდეგ არ დაკონკრეტებულა, როდის გაიმართება შემდეგი დიალოგი, თუმცა ითქვა ის, რომ დრო ბევრი არ არის და თუ პარტიები თანხმდებიან, ეს უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს.