ბიზნესმენ დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 ლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება , რითაც დაუასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ დავით კოდუას ოჯახში ძალადობის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა. კოდუას ბრალი ოჯახში ძალადობის საქმეზე ჰქონდა წარდგენილი. საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინა, რომ 11 აპრილს მან ცოლსა და შვილზე ფიზიკურად იძალადა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — ნათქვამი იყო განცხადებაში.

კოდუა 12 აპრილს ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.