პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. მისი თქმით, ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმაზე იქნება სათანადო რეაგირება.

"ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და თავდასხმას მედიაზე. ეს არის მიუღებელი და ამას გაეცემა სამართლებრივი პასუხი. ამ შემთხვევაში, რამდენადაც, ვიცი შესაბამისი რეაგირება არის უკვე საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან და როგორც ვახო სანაიას შემთხვევაში, ახლაც დეტალები იქნება დადგენილი და სათანადო რეაგირება მოხდება", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ფორმულას ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს.

"ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს", — აცხადებენ ფორმულაში.

შემთხვევასთან დაკავშირებით, ტელევიზიაში 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

On.ge დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფორმულას თანამშრომლებს თავს ესხმიან. 25 თებერვალს თავს დაესხნენ ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდასტურდა. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.