იაპონია მალე ფუკუშიმას რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაშვებას დაიწყებს
იაპონიის პრემიერ მინისტრის, იოშიჰიდა სუგას განცხადებით, ამ ქვეყნის მთავრობამ ზედმეტად დიდი ხნით გადადო იმის გარკვევა, თუ რა შეიძლება მოეხერხებინა ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არსებული დაბინძურებული წყლისთვის და უკვე დროა, რომ მისი ოკეანეში ჩაშვება დაიწყონ.
ყოფილ ბირთვულ ელექტროსადგურზე დაბინძურებული წყლის ათასამდე რეზერვუარია, თუმცა მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება ამ ტერიტორიაზე "შემოჭრილი" მიწისქვეშა წყლებისა და წვიმების შედეგად. მაგალითად, 2019 წელს, საშუალოდ, დღეში 160 ტონა წყალი ემატებოდა სადგურზე. აქედან გამომდინარე, Japan Times-ის მიხედვით, სუგას ხელები აქვს შეკრული და წყლის ჩაშვება წყნარ ოკეანეში ერთადერთი გამოსავალია.
იაპონიის ოფიციალური პირები აგრძელებენ კამათს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული წყლის შენახვა უფრო დიდი ხნის მანძილზე, თუმცა საუკეთესო გეგმა ამ წყლის გასუფთავება და მისი წყნარ ოკეანეში ჩაშვებაა. რაც შეეხება გასუფთავებას, წყლის უდიდესი ნაწილი უკვე გაფილტრულია და მისგან 62-ზე მეტი რადიოაქტიური ნარჩენია გამოცალკევებული. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ტრითიუმისგან გაფილტვრა (მძიმე წყალბადი, რომლის ბირთვი ორ პროტონსა და ერთ ნეიტრონს შეიცავს). ტრითიუმის წყლიდან გამოყოფა ძალიან რთულ საქმეს წარმოადგენს, რადგან იგი წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპია.
იაპონიის მთავრობა გეგმავს, რომ გააზავოს წყალში ტრითიუმი და წყალი ოკეანეში მომავალი 30 წლის მანძილზე ჩაუშვას.
"ეს ის პრობლემაა, რომლის სამომავლოდ გადადებაც უკვე აღარ შეგვიძლია", — განუცხადა ოთხშაბათს ჟურნალისტებს იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, ჰიროში კაჯიამამ.
თუმცა, ეს გეგმა ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ეს განსაკუთრებით ეხება იაპონელ მეთევზეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადიოაქტიური წყლის ჩაშვების შემდეგ, მათგან თევზს აღარავინ შეიძენს. ეს მოსაზრება საკმაოდ ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს 15-მა სახელმწიფომ და სხვადასხვა რეგიონებმა, Japan Times-ის მიხედვით, უკვე აკრძალეს იმპორტი ფუკუშიმას პრეფექტურიდან.
ჟურნალის ცნობით, სუგამ ფორმალური გადაწყვეტილება მომავალი კვირის სამშაბათს უნდა გამოაცხადოს. სავარაუდოდ, იგი ტრითიუმი 2.5% გაზავებისა და წყლის ოკეანეში ჩაშვების გეგმას წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2.5% წარმოადგენს წყალში ტრითიუმის კონცენტრაციის ეროვნული სტანდარტებით დათვლილ დასაშვებ რაოდენობას. ეს კი, იაპონიის მთავრობის მიხედვით, იმას ნიშნავს, რომ წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ იქნება საზიანო. თუმცა, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად ენდობა ხალხი ამ სტანდარტებს და დაბინძურებულ წყალს.
კომენტარები