ცნობილი ინგლისელი მსახიობი პოლ რიტერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, რიტერი ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

"დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ პოლ რიტერი [5 აპრილის] საღამოს თავის ოჯახში, ცოლისა და შვილების გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა", — განაცხადა მსახიობის პირადმა აგენტმა.

პოლ რიტერმა სხვადასხვა დროს ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი, ჯეიმს ბონდის სერიის Quantum of Solace და ჰანიბალის აღზევება (Hannibal Rising).

მან ასევე განასახიერა პერსონაჟი ანატოლი დიატლოვი HBO-ს გახმაურებულ ისტორიულ დრამაში ჩერნობილი.

პოლ რიტერი (მარჯვნივ) ფილმში ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი.

ფოტო: Warner Bros.

IMDB-ის ცნობით, ამ ინგლისელ მსახიობს დაახლოებით 30-წლიანი კარიერის განმავლობაში 80-მდე სხვადასხვა კინო თუ სატელევიზიო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ბოლო წლებში პოლ რიტერი Friday Night Dinner-ში თამაშობდა, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრიტანული სიტკომია.