დეტალი, რომელიც მონა ლიზას საიდუმლოს შეიძლება ხსნიდეს
ლეონარდო და ვინჩის 1503 წლის ნახატი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშია. BBC-ის ჟურნალისტი, კელი გროვიერი იკვლევს ტილოზე დატანებულ რთულად შესამჩნევ ობიექტს, რომელიც შედევრის აღქმის განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობს.
ზოგიერთი რამ იმდენად ცხადია, რომ რეალურად მათ ვერასდროს ვამჩნევთ. მაგალითად ავიღოთ ფედექსის ლოგოში ასო E-სა და X-ის შორის არსებული თეთრი სივრცე, რომელიც წინ მიმართულ დიდ თეთრ ისარს წარმოქმნის. ეს ლოგო უამრავჯერ მოგვხვედრია თვალში, თუმცა მასში დაფარული სიმბოლო არასდროს აღგვიქვამს. სწორედ ასეთი შემთხვევაა საყოველთაოდ ცნობილი ნახატი, მონა ლიზა. 5 შვილის დედისა და მდიდარი ფლორენციელი აბრეშუმის ვაჭრის ცოლის მრავალშრიანი პორტრეტი, რომლის შესაქმნელადაც 24 წლის ლიზა დელ ჯოკონდო რენესანსის ეპოქის დიდოსტატისთვის 1503 წელს პოზიორობდა, ხელოვნების ყველაზე ცნობილი ნიმუშია.
ამისდა მიუხედავად, რამდენ ჩვენგანს შეუმჩნევია ნახატში ობიექტი, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოსაა — სკამი, რომელზეც მისტიკური ქალი ზის? მაშინ, როცა ეს ერთადერთი ფიზიკური საყრდენია, რასაც ლეონარდოს ნატურა ხელს სჭიდებს (ის, ფაქტობრივად, ყველა თითით მისკენ მიუთითებს), სკამი ერთმნიშვნელოვნად ყველაზე უყურადღებოდ დატოვებული დეტალია ამ მრავალჯერ შესწავლილ ნახატში. ეს, შესაძლოა, ჩვენ თვალწინ დამალული ერთგვარი ისარიც კია, რომელიც ნამუშევრის უფრო ღრმა მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს.
ტილო და ვინჩის არასდროს დაუსრულებია და მასზე სიკვდილამდე გამალებით მუშაობდა — თითქოს მისი არსი სწორედ ამ დაუსრულებელ ქმნადობაში ყოფილიყოს. კაცობრიობა კი მას მერე საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდა ამ პატარა — 77 x 53 სანტიმეტრის ზომის, ზეთის საღებავებით შესრულებულ ნახატის ერთ დეტალს, მონა ლიზას ღიმილს. მართლაც, ამ იდუმალი ღიმილით შეპყრობილობა თითქმის იმდენივე ხნისაა, რამდენისაც თვითონ ნახატი. ყველაფერი კი ლეგენდარული რენესანსის მწერლისა და ისტორიკოსის, ჯორჯო ვაზარის რეაქციით დაიწყო. ვაზარიმ, რომელიც და ვინჩის მიერ ორიგინალზე მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიბადა, თავის ცნობილ ბიოგრაფიათა წიგნში, ყოვლად ბრწყინვალე მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი, ეს სიტყვები დაწერა: "პირი, რომლის შუა ნაწილი და კიდეები წითელი ტუჩებითაა გამოკვეთილი, ერწყმის სახის კანის ფერებს, რაც რეალურად ფერები კი არა, თვითონ კანია. ყელის ჩაღრმავებასთან, თუკი ყურადღებით დააკვირდებით, მფეთქავ პულსაციასაც დაინახავთ". ბოლო კი ის ასკვნის, "ლეონარდოს ამ ნამუშევარში ეს ღიმილი იმდენად სასიამოვნო და ღვთიურია, რომ შეუძლებელია, ადამიანს ეკუთვნოდეს. და ის იმიტომ განაცვიფრებს, რომ სხვა რაფერია, თუ არა ცოცხალი".
მონა ლიზას მომაჯადოებელი ღიმილი და ლეონარდო და ვინჩის მიერ მისი ჯადოსნურად გამოყენება, რათა შეექმნა "რაღაც, ადამიანზე უფრო ღვთიური" და, ამავდროულად, "სხვა არაფერი, თუ არა ცოცხალი", ზოგიერთისთვის უკიდურესად ემოციური აღმოჩნდა. მე-19 საუკუნის ფრანგმა ხელოვნების კრიტიკოსმა, ალფრედ დუმესნილმა აღიარა, რომ ნახატისეული პარადოქსი სრულიად პარალიზური იყო. 1854 წელს მან განაცხადა, რომ მონა ლიზას "ღიმილი მიმზიდველობითაა სავსე, მაგრამ ესაა სნეული სულის სახიფათო მიმზიდველობა, რომელიც ავადმყოფობას ასხივებს. ეს ნაზი, მაგრამ ზღვასავით ხარბი გამომეტყველება შთანთქმით გემუქრება".
თუკი ლეგენდას დავუჯერებთ, მონა ლიზას ამოუხსნელი ჩაღიმების "სახიფათო მიმზიდველობამ" ამბიციური ფრანგი მხატვრის, ლუკ მასპეროს სულიც მოიცვა. პოპულარული მითის მიხედვით, მასპერო, რომელმაც სიცოცხლე პარიზის სასტუმროს ოთახის ფანჯრიდან გადახტომით დაასრულა, სწორედ მონა ლიზას უკიდურესად მომხიბვლელი ტუჩების უხმო ჩურჩულმა მიიყვანა ამ საზარელ გადაწყვეტილებამდე. "წლების განმავლობაში სასოწარკვეთილი ვეჭიდებოდი მის ღიმილს. მირჩევნია, მოვკვდე", — გადმოცემის თანახმად, სწორედ ეს სიტყვები დაწერა მან სიკვდილის წინა წერილში.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც მონა ლიზას ჰიპნოტური იდუმალების მიზეზად მისი ღიმილი არ ჩაუთვლია. მაგალითად, ვიქტორიანელ მწერალ უოლტერ პატერს სჯეროდა, რომ მონა ლიზას ხელებითა და წამწამებით წარმოქმნილი "სინაზეა" ის, რაც გვაოგნებს და გვაფიქრებინებს, რომ ნამუშევარი რაღაც ზებუნებრივი ძალითაა მოცული. "ყველამ ვიცით ფიგურის სახე და ხელები, რომლებიც როგორც ზღვაში ჩაღწეული სუსტი სხივი, ისეა მოთავსებული ამ ფანტასტიკური ქვების წრეში", — წერდა პატერი და ვინჩისადმი მიძღვნილ სტატიაში 1869 წელს.
მწერალი ამ ტექსტში ისეთი გამორჩეული დაძაბულობით აგრძელებს მონა ლიზას ანალიზს, რომ 1936 წელს ირლანდიელმა პოეტმა, უილიამ ბატლერ იეიტსმა პატერის აღწერიდან ერთი წინადადება აიღო, თავისუფალი ლექსის სტრიქონებად დაყო და ოქსფორდის თანამედროვე ლექსის წიგნის გამხსნელ ლირიკულ ნამუშევრად განათავსა. პასაჟი, რომლის გამოყენებისგანაც იეიტსმა თავი ვერ შეიკავა, ასე იწყება: "ის იმ ქვებზე ხნიერია, რომელთა შორისაც ზის; ვამპირის მსგავსად, ისიც მრავალჯერ მომკვდარა და შეუცვნია საფლავის საიდუმლოებანი; მას ჩაუყვინთავს ღრმა წყლებში და მათი დაცემის დღეს თავისთან ინახავს; აღმოსავლელ ვაჭრებთან ერთად საეჭვო ბადეები გაუბამს; და როგორც ლედა, ის იყო დედა ტროელი ელენისა; და როგორც წმინდა ანა, ის იყო დედა მარიამისა; და ეს ყველაფერი ქნართა და ფლეიტათა ხმათა მსგავსად გადახდა თავს მას". პორტრეტი "მხოლოდ იმ სინაზეში ცოცხლობს, რომლითაც მოიხაზა ცვალებადი კონტურები, ქუთუთოები და ხელები", — ასკვნის პატერი.
პატერის აღწერა დღემდე გასაოცარია. დუმესნილისა და განწირული მასპეროსგან განსხვავებით, ის პორტრეტის ღიმილის მაცდუნებელი მახის მიღმა იხედება და ამჩნევს უფრო დიდ ენერგიას, რომელიც ნამუშევრის სიღრმიდან მოედინება. იმის აღიარებით, რომ ნახატი ასახავს ფიგურას, რომელიც აწმყოსეულ და რაღაც სხვა სამყაროსეულ რეალობას შორისაა სამუდამოდ გამომწყვდეული, პატერი უთითებს ტილოს მუდმივი მომხიბვლელობის მისტიკურ არსზე: უწყვეტი მოძრაობის სიურრეალურ შეგრძნებაზე. ვაზარის მსგავსად, პატერიც გრძნობს მსუნთქავი და მფეთქავი ელემენტების არსებობას — "ცვალებად კონტურებს" — რაც პორტრეტის უსიცოცხლო მატერიალურობის ჩარჩოებს ამსხვრევს. პატერისეული დახასიათების სიმძლავრე წყლოვან გამოსახულებებზე კონცენტრირებით მიიღწევა — სწორედ ეს ელემენტები აძლიერებენ ნატურის მოუხელთებელ ცვალებადობას ("სუსტი სხივი ზღვაში", "ღრმა წყლებში მყვინთავი" და "აღმოსავლელ მოვაჭრეებთან ერთად ბადეების გამბმელი"). ეს ყველაფერი მონა ლიზას წარმოაჩენს ცოცხალი წყლის დაუშრობელ შადრევნად — დაუშრეტელ ჭავლად დროთა დაუსრულებელ ქარტეხილებში.
შეიძლება, მონა ლიზა სწორედაც რომ ესაა. არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ ნამუშევრის ასეთი წაკითხვა, რომლის მიხედვითაც, ნატურა მარადიული აღორძინების სახეცვალებად წყაროს განასახიერებს, სწორედ ისაა, რაც ლეონარდომ განიზრახა. მხატვარმა ნატურის ორივე მხარეს მომდინარე წყლის გამოსახვით თითქოს მიგვანიშნა, რომ სწორედ ეს არის სახე ლიზას არსებისა. და ვინჩის სუბიექტი უცნაური, წყალქვეშა ბუნებით გამოირჩევა, რომელსაც კიდევ უფრო აძლიერებს მუქი მწვანე კაბა — ამფიბიისებრი მეორე კანი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ბნელი და ამღვრეული გახდა.
მონა ლიზა, თავისი ოდნავ მარცხნივ მიმართული მზერით, რომელიც ჩვენსას ხვდება, წონასწორობას არა რომელიმე უბრალო სკამის ან ტაბურეტის საშუალებით ინარჩუნებს, არამედ — ღრმა სავარძლის, რომელიც პოზეტო სკამის სახელით იყო ცნობილი. პოზეტოს, რომელიც იტალიურად "პატარა ჭას" ნიშნავს, ნახატის ნარატივში დამატებითი სიმბოლიზმი შემოაქვს და მოულოდნელ ინფორმაციას გვიმჟღავნებს.
ამ სიმბოლოს მეშვეობით, წყალი, რომელიც მონა ლიზას უკან ლაბირინთისებრი მოძრაობით მოედინება (ზოგიერთ ისტორიკოსს სჯერა, რომ ეს ადგილი რეალური ლანდშაფტის ასლია — მაგალითად, მდინარე არნოს ხეობაა. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ის სრულიად გამოგონილია), ნატურისგან შორეული და მოწყვეტილი კი არაა, არამედ მისი არსებობისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ეს წყალი პირდაპირ მასში გადმოედინება. მონა ლიზას "პატარა ჭაში" მოთავსებით და ვინჩი მას იმ ფიზიკური სამყაროს მუდმივად მერყევ განზომილებად გარდაქმნის, რომელშიც ის არსებობს. ხელოვნების ისტორიკოსმა და და ვინჩის შემოქმედების ექსპერტმა, მარტინ კემპმა ასევე აღმოაჩინა საფუძვლიანი კავშირი მონა ლიზას გამოსახულებასა და იმ სამყაროს გეოლოგიას შორის, რომელშიც ის არის გამომწყვდეული. "მხატვარი პირდაპირი მნიშვნელობით არ წარმოაჩენდა არნოს პრეისტორიას ან მომავალს, არამედ გადმოსცემდა ლიზას პეიზაჟს იმ ცოდნის მიხედვით, რაც ხელოვანს დედამიწის სხეულის ცვლილებაზე ჰქონდა", — ამტკიცებს კემპი თავის 2019 წლის კვლევაში, ლეონარდო: 100 ნიშანსვეტი, — "შედეგად, ის ქალის სხეულში მიმდინარე ფარულ გარდაქმნებს მცირე სამყაროდ ან მიკროკოსმად წარმოიდგენდა".
მონა ლიზა არ ზის პეიზაჟის წინ. ის თავადაა პეიზაჟი.
ჭის სიმბოლიზმი
ყველა იმ ვიზუალური სიმბოლოს მსგავსად, რასაც ლეონარდო იყენებს, პოზეტო სკამიც მრავალი მნიშვნელობის მქონეა. მისი მეშვეობით, მონა ლიზა იმ ჰიდროლოგიურ ძალებთან კავშირის გამოხატულებად იქცევა, რომელიც დედამიწაზე ახდენს გავლენას და რითაც მხატვარი ზოგადად იყო დაინტერესებული. ტილოზე იმ "პატარა ჭის" თითქმის შეუმჩნეველი მინიშნება, რომლის მეშვეობითაც მონა ლიზა ჩვენს ცნობიერში იხატება, ნამუშევარს კულტურულ დისკურსში სრულიად ახალ ადგილას ათავსებს. ამ დეტალის შედეგად ის აღარაა მხოლოდ სეკულარული პორტრეტი, არამედ უფრო რთულ, სპირიტუალურ ნამუშევრად გარდაისახება.
ქალთა ჭასთან გამოსახვა დასავლური ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ძველი აღთქმის ისტორიები, სადაც ელიეზერი რებეკას, ხოლო იაკობი რაქელს ჭასთან ხვდება, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში. ამ პერიოდში ბარტოლომე ესტებან მურილიოდან ჯოვანი ანტონიო პელეგრინიმდე და ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოდან უილიამ ჰოლმან ჰანტამდე, ყველამ სცადა რომელიმე ასეთი ნარატივის დახატვა.
ამასთან, ახალი აღთქმისეული გამოცხადების არაკანონიკური გამოსახულებები, რომლებშიც მთავარანგელოზი გაბრიელი ქალწულ მარიამს წყაროს პირას აუწყებს რომ მან ქრისტე უნდა შვას, შუა საუკუნეების ხელნაწერთა ილუსტრატორების რჩეულ სცენად იქცა. შესაძლოა, რომ სწორედ ეს გახდა მარიამის ჩვენამდე მოღწეული უძველესი გამოსახულების შთაგონების წყაროც. უსასრულოდ დრეკად სიმბოლოს, — როგორც მას უოლტერ პატერი უწოდებს, — მონა ლიზას ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეუძლია ამ და სხვა უამრავ სახე-სიმობოლოთა მოცვა. არ არსებობს რაიმე, რაც ის არ არის.
მაგრამ ალბათ ყველაზე შესაფერისი პარალელი, რომელიც და ვინჩის მონა ლიზასა და ხატოვან წინამორბედებს შორის შეგვიძლია გავავლოთ, არის ბიბლიური ეპიზოდი, სადაც იესო სამარიელ ქალთან სიმბოლოებით დატვირთულ საუბარს აბამს. იოანეს სახარების მიხედვით, იესო განასხვავებს ბუნებრივი წყაროდან მიღებულ წყალს, რომელიც ადამიანს "მოწყურებულს" დატოვებს და "ცოცხალ წყალს", რომლის მოცემაც მას შეუძლია. მაშინ, როცა ჭის წყალი მხოლოდ წარმავალი სხეულისთვისაა, "ცოცხალ წყალს" სამუდამო სულის წყურვილის მოკვლის ძალა შესწევს. ამ სცენის ცნობილი გამოსახულებები შექმნეს შუა საუკუნეების იტალიელმა მხატვარმა დუჩო დი ბუონინსენიამ და რენესანსის გერმანელმა ოსტატმა, ლუკას კრანახ უფროსმა. მათ ტილოებზე იესო პირდაპირ ჭის კიდეზე ზის, რაც ამ სამყაროს წარმავალ ელემენტებზე მის აღმატებულობას გამოხატავს.
და ვინჩი კი, თავისი ქალი ნატურის ჭაში განთავსებით, ცვლის ტრადიციას; ის ამქვეყნიურობასა და იმქვეყნიურობას შორის ზღვარს შლის და მატერიალური და სულიერი სამყაროების ერთ სივრცეში მარადიულ ყოფას გვთავაზობს. და ვინჩის ჩამთრევ ნარატივში მონა ლიზა თვითონაა "ცოცხალი წყლის" სასწაულებრივი ტალღა, რომელიც უშფოთველადაა მოცული თავისი მძვინვარე უსასრულობით.
კომენტარები