კალიფორნიაში განახლებად ენერგიაზე მომუშავე ლაბორატორიული ხორცის ქარხანა გაიხსნა
4 ნოემბერს კომპანია Upside Foods-მა კალიფორნიაში 16 154 მ2 ფართობის ტერიტორიაზე ვრცელი ობიექტი გახსნა, რომელიც განახლებად ენერგიაზე მომუშავე ღუმელებითა და მილებითაა აღჭურვილი. ობიექტს ინჟინერიის, პროდუქციისა და ინოვაციის ცენტრი — EPIC ეწოდება. ეს ამ ტიპის პირველი ობიექტია და, კომპანიის თქმით, იგი უკვე მზადაა დაიწყოს 22 680 კილოგრამი კულტივირებული ხორცის წარმოება კომერციული მიზნებისთვის მაშინვე, როგორც კი იგი FDA-ის ნებართვას მიიღებს.
"ხორცის წარმოების ჩვენი მეთოდი ბუნების ძირითადი პრინციპითაა შთაგონებული: ვიწყებთ ერთი უჯრედით, ვამარაგებთ მას შესაბამისი საკვები ნივთიერებებით, რითაც ხელს ვუწყობთ მის ზრდასა და გამრავლებას" — წერია Upside Foods-ის ვებგვერდზე. თუმცა, ამ "ძირითად პრინციპებთან" ერთად, კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის უმა ვალეტის, როგორც კარდიოლოგის ისტორიაც საინტერესოა — მან Economist-ს განუცხადა, რომ მისთვის მთავარი შთაგონება ადამიანის გულში ღეროვანი უჯრედების შეყვანა აღმოჩნდა". ამ მეთოდს ადამიანებში გულის შეტევის შემდგომ მკურნალობისთვის მიმართავენ.
"მზად ვართ, სრულიად გავმიჯნოთ ხორცის წარმოების პროცესი ცხოველების მოკვლისგან", — განაცხადა კომპანიამ. "ჩვენი მიზანია, ბაზარზე ცხოველური კომპონენტებისგან თავისუფალი პროდუქტი რაც შეიძლება მალე გავიტანოთ".
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ობიექტს FDA-ის ნებართვა ჯერ არ მიუღია, თუმცა იგი იანვრიდან ტურებს უმასპინძლებს. დამთვალიერებლები EPIC-ის მთავარ ოთახში ჩამწკრივებულ უზარმაზარ ავზებს — ბიორეაქტორებს იხილავენ, სადაც ცოცხალი ცხოველებისგან მოპოვებული უჯრედები საკვები ნივთიერებების ნაზავს ერევა — ეს ნივთიერებები უჯრედების კვებისთვის შესაბამის ზომამდე ზრდას შეუწყობენ ხელს.
"ჩვენ უჯრედებს მთელი რიგი საკვები ნივთიერებების (ამინომჟავებით, შაქრით, მინერალებითა და ვიტამინებით) ვამარაგებთ, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოველურ საკვებშიც გვხვდება", — წერია Upside Foods-ის ვებგვერდზე. განცხადების მიხედვით, თავდაპირველად ცხოველური უჯრედების მოპოვება "სხვადასხვა მეთოდებით ხდება", მათ შორის "ცოცხალი ცხოველის, კვერცხის, თევზის თუ ახალდაკლული ცხოველის ბიოფსიით".
"გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უჯრედები შეძლებენ შეუზღუდავი დროით თვითგანახლებას, რათა ახალი ნიმუშების აღება აღარ მოგვიწიოს", — დაამატა კომპანიამ.
ვებგვერდზე ისიცაა აღნიშნული, რომ კულტივირებული ხორცი "შესაძლოა საჭიროებდეს 90%-ით ნაკლებ მიწისა და წყლის რესურსებს და გამოყოფდეს 90%-ით ნაკლებ სათბურის აირებს". ამას ცხადყოფს 2019 წლის კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივი გზით მიღებულ პროდუქტთან შედარებით, ლაბორატორიული ხორცზე გადასვლამ, შესაძლოა, სათბურის აირების ემისიები 78-96%-ით, მიწის რესურსების გამოყენება — 99%-ით, წყლის მოხმარება 82-96%-ით და ენერგიის მოხმარება 7-45%-ით შეამციროს. მაჩვენებლები ხორცის ტიპზეა დამოკიდებული.
მეტიც, კულტივირებული ხორცი არამხოლოდ ამცირებს ნახშირორჟანგის ემისიებს, მას პოტენციურად ამ პროცესის შებრუნებაც შეუძლია: "მიწის რესურსების გამოყენების ნაცვლად, რომლებიც ფერმის ცხოველების გამოსაკვებად საჭირო მარცვლეულის მოსაყვანადაა საჭირო, ეს ტერიტორიები შესაძლოა გათავისუფლდეს და ადგილი დაუთმოს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ნახშირბადის შთამნთქმელი ობიექტები", — წერია 2019 წლის კვლევაში.
გარემოსდაცვითი პრობლემების გარდა, ინტენსიური მეცხოველეობა ცხოველიდან ადამიანზე ახალი დაავადებების გადაცემის რისკსაც ზრდის. ამავდროულად, მეცხოველეობის ინდუსტრიაში ანტიბიოტიკების გამოყენებამ ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლება დააჩქარა, რაც, თავის მხრივ, ათწლეულების სამედიცინო პროგრესს უქმნის საფრთხეს.
გარდა ამ პრობლემებისა, ბუნებრივი გზით ხორცის წარმოება არაეთიკურია როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების მიმართ. 2015-2018 წლის მონაცემებით, ხორცის ინდუსტრიაში დასაქმებულებში სხეული ნაწილის დაკარგვის თუ დაზიანების ნიშნები ყოველ ორ დღეში ერთხელ აღინიშნებოდა.
"მსგავსი რამ, რაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხდება, საკვების ინდუსტრიაში აქამდე არ მომხდარა", — განაცხადა ვალეტიმ. "მსოფლიოში უკვე დაახლოებით 100 კომპანიაა, რომლებიც კულტივირებული ხორცის წარმოებას ცდილობენ". აქედან გამომდინარე იმედი უნდა გვქონდეს, რომ მომავალში ლაბორატორიული ხორცი სრულად თუ არა, უმეტესწილად მაინც შეძლებს ბუნებრივის ჩაანაცვლებას.
კომენტარები