მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლის, დათო ჭიპაშვილის თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადებები არ ყოფილა. მან ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ინვესტორი კომპანიის მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები ისმის.

"თურმე რაღაც დაყოფილი ყოფილა ეს ხალხი რაღაცა ჰომოფობებად, ქსენოფობებად, არაჰესებად და კიდევ რაღაცებად. მე ნამდვილად არსად გამიგია, არ ვიცი, ტერმინების არევასთან გვაქვს საქმე თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ჰომოფობიური განცხადებები არავის არსად, მით უმეტეს, ამ პროექტთან დაკავშირებით არ გაკეთებულა და მით უმეტეს რა შუაშია საერთოდ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, როდესაც ენერგოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ", — განაცხადა დათო ჭიპაშვილმა.

დღეს, 9 მარტს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე ჰესების მშენებლობის შეჩერებისთვის პეტიციას განიხილავენ. პეტიციის 10 ათასზე მეტი ხელმომწერი მოითხოვს, რომ რაჭა-ლეჩხუმში ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეჩერდეს. ჰესებთან დაკავშირებით მოხსენებით ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წარდგნენ.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია.