ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მომზადდება პაკეტი, რომლითაც ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობის მიმართ. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა, სადაც რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიციას განიხილავენ.

როგორც ნათია თურნავამ თქვა, ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ყოველწლიურად ენერგომოხმარება იზრდება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უცხოელი ინვესტორის მიმართა ქსენოფობიური განცხადებებიც ისმის.

"მე და ჩემი კოლეგები ვამზადებთ საკმაოდ საგნობრივ პაკეტს, რომლითაც დარწმუნებულები ვართ ინვესტორი უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობის მიმართ, უფრო მეტი ჩართულობა გვინდა ვუზრუნველვყოთ და ამის მექანიზმებსაც წარმოგიდგენთ უახლოეს დღეებში, საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების, ადგილობრივი მაცხოვრებლების როგორც კვლევების გადამოწმებაში, ასევე თვითონ მშენებლობის ზედამხედველობაში. ეს საკითხები გადაწყდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით", — აღნიშნა თურნავამ ნამახვანჰესზე საუბრისას.

პეტიციის 10 ათასზე მეტი ხელმომწერი მოითხოვს, რომ რაჭა-ლეჩხუმში ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეჩერდეს.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია.