როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი, როგორ უნდა მოხდეს გადაცემების შეფასება, როგორ შეიძლება დაიზოგოს თანხები, - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მაუწყებლის მენეჯმენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე ისმოდა.

ორსაათნახევრიანი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან არხის მენეჯმენტმა ტელევიზიის რეიტინგების ჩვენებით დაიწყო. მათი შეფასებით, მაუწყებლის სატელევიზიო არხების რეიტინგები იკლებს. მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორმა, თიკო ბერძენიშვილმა ტრი მედია ინტელიჯენსის მიერ გაზომილი რეიტინგების შედეგები გააცნო, რომლითაც მაუწყებლის არცერთ სატელევიზიო არხს 2 პროცენტიანი რეიტინგიც არ აქვს.

„დაისვა კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა არსებობდეს თუ არა, მგონი, საზოგადოება შეთანხმებულია, რომ უნდა არსებობდეს. ახლა უნდა შევთანხმდეთ, როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა არსებობდეს,“ - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია პროექტების ხელმძღვანელის, ნინიკო რობაქიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ მის მიმართ ნდობა იზრდებოდა. ის დაინტერესდა, რატომ არ იყო საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი იმ პრობლემის შესახებ რაც მაუწყებელში იყო.

რეიტინგების საკითხს შეეხო მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ხორბალაძეც. მისი თქმით, ფილმს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ დაამზადა, მაუწყებელზე ჰქონდა 1,4 პროცენტი, მაშინ, როცა იმავე ფილმს რუსთავი 2-ზე 27 პროცენტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის რეიტინგი უნდა გაიზარდოს და პარალელურად, დაიწყოს გადაცემების ხარისხობრივი კვლევა.

„აქ მოქმედებს ასეთი პრინციპი: გადაცემა მოსწონს მის ავტორს, ან ჰყავს ვინმე ლობი. ვერ ვხვდები, როცა გადაცემას აქვს 0,1 პროცენტი რეიტინგი და არის კარგი გადაცემა. ვერ ვხვდები, როგორ უნდა შევაფასო,“ - აღნიშნა მაღლაფერიძემ, რომლის თქმითაც, მათ სამეურვეო საბჭოს შესთავაზეს შეიმუშაონ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება გადაცემების ხარისხი. მენეჯმენტის თქმით, თანხის დაზოგვის ერთ-ერთი გზა არხზე გადაცემების ნაწილის შეჩერებაა.

ფოტო: ვასილ მაღლაფერიძის პრეზენტაცია

არხის მენეჯმენტს პასუხის გაცემა 6 თებერვალს გაკეთებულ პრეზენტაციასთან დაკავშირებითაც მოუწია. მაღლაფერიძემ პრეზენტაციაზე მაუწყებლის დღევანდელი მდგომარეობის გამოსახატად, აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებით სავსე მატარებელი აჩვენა, სამომავლო გეგმად კი ევროპული სტილის მატარებელი, რომელსაც ზემოდან ხალხი არ ესხდა. მედიის განვითარების ფონდისა და მედიაკლუბის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის ეს ნაწილი დისკრიმინაციულად მიიჩნიეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დისკრიმინაციასთან ბრძოლაა. აღნიშნული ვიზუალი კი არის აქ დასაქმებული ადამიანების დისკრიმინაცია, რადგან ისინი გამოიყვანეთ კონკრეტული ჯგუფის სახით. ასევე, აღმოსავლეთის ქვეყნების მცხოვრებთა დისკრიმინაციაა, რომლებიც გამოიყვანეთ, როგორც წარუმატებლობის, მომავლის არმქონე ადამიანების ნიმუში,“ - აღნიშნა ხორბალაძემ.

არხის მიმდინარე და ახალია ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის თქმით, სწორედ აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლების განუვითარებლობასთან შედარებით ხდება მათი დისკრიმინაცია და არა პრეზენტაციის იმ ნაწილით, რომელიც მათ წარადგინეს.

მაღლაფერიძემ მის მიმართ გაჩენილ კითხვებსაც უპასუხა, რომელიც არხზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებს შეეხებოდა. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს. დირექტორი გეგმის განხორციელების, რეიტინგის 15 პროცენტამდე გაზრდის შემთვევაში, არხს დატოვებს.