"რო აცრეს, ვთქვათ, ბრიტანეთმა 30% მოსახლეობის, ამან შეაჩერა ბრიტანეთში კოვიდი?" — განაცხადა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაზე საუბრისას. მისი თქმით, ვირუსის შეჩერებას ვაქცინაციის დასრულება იწვევს და არა დაწყება.

"რო აცრეს, ვთქვათ, ბრიტანეთმა 30% მოსახლეობის, ამან შეაჩერა ბრიტანეთში კოვიდი? ეს ხომ ელემენტარულია, რომ ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს, ვაქცინაციის დამთავრება... ვაქცინაციის დაწყება არ აჩერებს ეპიდ პროცესს, ეპიდ პროცესის გაჩერება შეუძლია ვაქცინაციის დამთავრებას.

აი, მაგალითად, ისრაელს უკვე შეუძლია, 90% ერთხელ აცრა, ძალიან ბევრია უკვე ორჯერ აცრილი, აქედან გამომდინარე, ისრაელი გადაწყვეტს. სხვა ქვეყნები ამას გადაწყვიტავენ მაშინ, როცა მორჩებიან იმ თავის 60-70%-ს ვისაც აქვს დაგეგმილი აცრა. მერე იმოქმედებს ეს ეპიდ პროცესზე, მანამდე ეპიდ პროცესის მართვა ხორციელდება ისევ ნაცადი ხერხებით — დისტანციით და პირბადის ტარებით", — განაცხადა მან პოლიტმეტრის ეთერში.

როცა წამყვანმა იმნაძეს სთხოვა, დაესახელებინა 1 შეცდომა, რომელიც დაუშვეს ვირუსის მართვის პროცესში, მან უპასუხა:

"მე ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიყავით ძალიან, ასე ვთქვათ, ბოლომდე ის, რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო აცრები ქვეყანაში".

საერთაშორისო გამოცემები ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებებსა და კვლევებზე დაყრდნობით წერენ, რომ ვაქცინაცია ეფექტურად ამცირებს ვირუსით დაინფიცირების რისკს. კერძოდ, 22 თებერვალს ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის ადრეული შედეგების მიხედვით, პირველი დოზის მიღების შემდეგ 65 წელს ქვემოთ სამედიცინო მუშაკებში ინფიცირების რისკი 70%-ით შემცირდა, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი — 85%-ით.

BBC ამ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ვაქცინაციამ სიმპტომატური ინფექციის რისკი 57%-ით შეამცირა, ჰოსპიტალიზაციის რისკი — 40%-ით, ხოლო საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი — 56%-ით. მკვლევრები თითოეულ ადამიანს Pfizer-ის ვაქცინის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

გარდა ამისა, The Telegraph ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღებამ ჰოსპიტალიზაციის რისკი 80 წელს ზევით პაციენტებში 80%-ით შეამცირა. გამოცემის ინფორმაციით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შოტლანდიაში Pfizer-სა და Astazeneca-ს ვაქცინის საწყისი დოზის მიღების შემდეგ ჰოსპიტალიზაციის რისკი 85 და 94 პროცენტით შემცირდა.

The Imperial College-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, ვაქცინირებული ადამიანების 91%-ს გამოუმუშავდა ანტისხეულები Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ. 60 წელს ასაკამდე ადამიანებში ეს მაჩვენებელი არის 95,5%, 80 წლისა და მეტის შემთხვევაში კი — 88%. კვლევამ, რომელიც 155 000 ადამიანს მოიცავდა, აჩვენა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის 14%-ს კორონავირუსის ანტისხეულები აქვს.

ფოტო: BBC / On.ge

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს. წინა სამშაბათთან შედარებით, შემთხვევების რაოდენობა 25%-ითაა შემცირებული.