ჰაიაო მიაძაკი და ქალად ყოფნის ხელოვნება
ჰაიაო მიაძაკი იაპონელი ანიმატორი და რეჟისორია, რომელმაც ანიმაციის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. მისმა შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება პოვა და ძალიან ბევრი მაყურებლის ცხოვრება სხვადასხვა კუთხით შეცვალა. ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის მწერალი, გაბრიელ ბელოტი ამ რეჟისორის შემოქმედებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას აღწერს და თან მოგვითხრობს, თუ როგორ მიიყვანეს მიაძაკის პერსონაჟებმა ქამინგ აუთამდე – საკუთარი არაჰეტერონორმატიული სექსუალური ორიენტაციის / გენდერული იდენტობის აღიარებამდე.
"მინდოდა, ფილმი შემექმნა. განსაკუთრებით კი, ჩემი მეგობრების გოგო შვილებისთვის", — უთხრა იაპონელმა რეჟისორმა, ჰაიაო მიაძაკიმ ცნობილ კინოკრიტიკოს როჯერ ებერტს 2002 წლის ინტერვიუში. ეს სახელგანთქმული რეჟისორი თავის ანიმაციურ ფილმზე მოჩვენებების მიერ გატაცებულნი (Spirited Away) საუბრობდა — შთამბეჭდავი ამბავი პატარა გოგოს შესახებ, რომელიც მოულოდნელად ჯადოქრის იაპონური ყაიდის მაგიურ აბანოში იწყებს მუშაობას. თუმცა, მიაძაკის იმავეს თქმა თავის სხვა ნებისმიერ ფილმზეც შეეძლო. ალბათ, როგორც არცერთი სხვა ცოცხალი ანიმატორი, მიაძაკი გამორჩეულია იმ დიდებული ფილმოთეკით, რომელიც სხვა კომპლექსური თემების გაგებასთან ერთად იმისაც გვაჩვენებს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ქალად ყოფნა.
მიაძაკის ფილმები მომნუსხველი, განსაცვიფრებელი, თვალწარმტაცი და მიმზიდველია ამ სიტყვების ყველაზე აღმატებული გაგებით. ისინი ხალხმა მათი ძლიერი პროტაგონისტი ქალების, უმეტესწილად ხელით ნახატი ბრწყინვალე ანიმაციური გამოსახულებებისა და სიკეთესა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საყოველთაოდ მიღებული საზღვრების წაშლის გამო შეიყვარა. მიაძაკის პირველი ანიმე კალიოსტროს სასახლეა (The Castle of Cagliostro), ჯერჯერობით ბოლო კი ქარი მატულობს (The Wind Rises). ამ დროის განმავლობაში რეჟისორმა შექმნა ფილმები, რომლებიც სხვადასხვა საკითხს დახვეწილად, მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინებით წარმოაჩენს და არა კვლავ პრიმიტიულ ბინარულ – მხოლოდ ორ პოლუსს შორის – ჭრილში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბინარულობა, რომელიც მიაძაკიმ გაარღვია, გენდერია.
ბევრ დასავლურ მულტფილმსა და ანიმეშიც ხშირად შევხვდებით მკაფიოდ განსაზღვრულ, ერთმნიშვნელოვან გმირებსა და ანტიგმირებს. მსგავს ანიმაციებში კაცი და ქალი პერსონაჟები მკვეთრად არიან გამიჯნულნი, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ მათ ან როგორ უნდა გამოიყურებოდნენ. თუმცა, მიაძაკისთან ეს განსხვავებები უფერულდება. პრინცესა ნაუსიკა, მგლის შვილი სანი და ფოსტალიონი კიკი კარგი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ ამსხვრევენ ქალები ფემინურობის შესახებ არსებულ სტერეოტიპებს და საკუთარ სურვილებს რეალობად აქცევენ. გარკვეულწილად, სწორედ ისინი დამეხმარნენ გადარჩენაში.
მახსოვს ის გრძნობა, რომელიც 1984 წლის ფილმის ნაუსიკა ქარის ხეობიდან პირველად ნახვისას დამეუფლა. ფილმის დასაწყისში ახალგაზრდა გოგო თავისი თეთრი გლაიდერით (საფრენი მოწყობილობა) ლამაზი, თუმცა შხამიანი მცენარეების უღრან ტყეში ეშვება და ერთ-ერთი მცენარიდან აღებულ ნიმუშს სინჯარაში ათავსებს. როდესაც მისი ხმა პირველად გავიგე, ერთიანად გამაჟრჟოლა. როცა გოგომ ჟანგბადის ნიღაბი მოიხსნა, მის წინ შხამიანი ყვავილის მტვერი თოვლის ფიფქივით ჩამოცვივდა და მეც ისევ თრთოლამ ამიტანა. ვიცი, რომ ის მხოლოდ ერთი გოგოა მულტფილმიდან, თუმცა ჩემთვის ის მაინც მარტოსული, თავგადასავლების მოყვარული და უშიშარი ანდროგინია — ადამიანი, რომლის გარეგნობაც რომელიმე სქესისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ნიშნებით არ გამოირჩევა. იმ დროისთვის მაქსიმუმ 14 წლის ვიქნებოდი, ამიტომ ჯერ ფიქრების გაანალიზება ნათლად არ შემეძლო. თუმცა, მოულოდნელად ერთი რამ ნამდვილად გავაცნობიერე: მისი მსგავსი იქამდე არავინ მენახა. ნაუსიკა უსაზღვრო ძალას ასხივებდა. ფილმის ნახვის შემდეგ ის ჩემს ფიქრებში კიდევ დიდხანს დარჩა.
მე ტრანსგენდერი ვარ. კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოში – დომინიკაში გავიზარდე და ჩემთვის ქვიარ ადამიანად ღიად ყოფნა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ბრიტანული კოლონიალიზმის დროიდან ჩვენი კანონებით ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლება და დისკრიმინაციის მსხვერპლ, ლგბტ თემის წარმომადგენელ ადამიანებს სახელმწიფო დღემდე არ იცავს. გადიოდა დრო და თავს სულ უფრო და უფრო დაკარგულად ვგრძნობდი. თავს გოგოდ არა ჩემი გემოვნების, არამედ ჩემი შინაგანი განწყობის გამო აღვიქვამდი: თითქოს ვიღაცამ გონებაში ბიჭობის ნაცვლად გოგოობის ღილაკი გადართო. წლების განმავლობაში სიტყვიერადაც ვერ ვახერხებდი ამის გამოხატვას და არც ვინმესთვის საიდუმლოს გასამხელად მყოფნიდა გამბედაობა.
მქონდა ცუდი დღეები, როდესაც ვგრძნობდი, რომ სახიდან ნიღაბს ვერასდროს ჩამოვიგლეჯდი. უარეს შემთხვევებში კი ჩემ შიგნით გამოკეტილი გოგოს ყვირილის ჩასახშობად საწამლავის დალევა მინდოდა. ჩემ გარშემო არსებული სამყარო ნაწილებად იმსხვრეოდა და თანდათან ნაუსიკას შხამიანი მცენარეებივით მომწამლავი ხდებოდა. მიაძაკის ანიმეში მოჩვენებების მიერ გატაცებულნი მთავარი გმირი ჩიჰირო საკუთარ სახელს კარგავს. სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა მაშინ, როდესაც გავაანალიზე, რომ ნამდვილი სახელი არც არასდროს მქონია. სხვები ყოველთვის კაცის სახელს მეძახდნენ, ეს სახელი კი ჩემს პიროვნებას არ შეესაბამებოდა.
მიაძაკის ფილმების ყურების შემდეგ ჩემში გარდატეხა მოხდა. პირველად ვხედავდი გოგოებისა და ქალების რეპრეზენტაციას, რომელიც მათ რეალურ და ხელშესახებ, ამავდროულად კი მითურ სახეებს ხატავდა. მიაძაკიმ შექმნა ქალები, რომლებიც დაუცველებთან ერთად დამოუკიდებლებიც არიან და თავიანთი გარეგნობითა თუ ქმედებებით გენდერულ ნორმებს უგულებელყოფენ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ისინი, ვისაც ჩვენი დამცირება უნდა, ტრანსგენდერ ქალებს ფემინურობის კარიკატურად აღიქვამენ, დასავლურ ანიმაციებსა და ზოგიერთ იაპონურ ანიმეშიც წარმოდგენილი ქალური სილამაზის უცვლელი ხატი ჩვენთვის ბევრად უფრო მიუწვდომელი ჩანს, ვიდრე ბევრი სისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამის გენდერულ როლს) გოგოსთვის. თუმცა, მიაძაკის ფილმებმა მასწავლა ის, რასაც ბევრი ქალი ბოლოს თავადაც აცნობიერებს: ქალად ყოფნა ფიზიკურ იდეალებზე მორგებაში არ გამოიხატება. ქალობას ის კი არ განსაზღვრავს, თუ როგორ გამოიყურები ან როგორ იქცევი, არამედ ის, თუ ვინ ხარ შინაგანად.
მიაძაკის პერსონაჟები ჩემთვის ნამდვილები იყვნენ, ხანდახან ზედმეტადაც კი, რადგან მათ ყველაზე ყოფით სიტუაციებშიც ვაკვირდებოდი. მის ყველა ფილმში მრავლადაა უხმო სცენები და ყოველდღიური, რუტინული მოქმედებების ასახვა, რასაც, როგორც წესი, ბევრ სხვა ფილმში, განსაკუთრებით ანიმაციურში, თავს არიდებენ ხოლმე. კადრები, როცა პერსონაჟები მდინარეებს უცქერენ ან თმას ივარცხნიან, ფილმის სიუჟეტს არ ავითარებს, თუმცა უფრო რეალისტურად აქცევს, რითიც პერსონაჟები არა მხატვრულ გამონაგონს, არამედ რეალურ ადამიანებს ემსგავსებიან. ადამიანობის ამგვარ აღქმას სხვა ანიმაციურ ფილმებში ხშირად ვერ შევხვდებით, განსაკუთრებით ქალი პერსონაჟების შემთხვევაში, რაც ჩემთვის მიაძაკის შემოქმედებას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
ასეთი სცენები ჰაიაო მიაძაკიმ რობერტ ებერტთან ინტერვიუში მას მომენტებად მოიხსენია, რასაც იაპონურ ხელოვნებაში ცარიელი სივრცის გამოხატვას უწოდებენ. რეჟისორმა ებერტს ეს ცნება ტაშისკვრით აუხსნა: "ტაშის თითოეულ შემოკვრას შორის შუალედს მა ჰქვია. თუ მოქმედებებს შორის ამოსუნთქვის საშუალებას არ დატოვებ, ის თავის აზრს დაკარგავს და ზედმეტად გადაიტვირთება. თუმცა, თუ სიცარიელისთვისაც გამონახავ ადგილს, შესაძლოა, სწორედ ამან ფილმის სხვა დეტალებს უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინოს". მიაძაკიმ ასევე ამერიკულ კინემატოგრაფიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკელ რეჟისორებს ამის ეშინიათ, რადგან ჰგონიათ, რომ ასე მაყურებელი მოიწყენს. თუმცა, სინამდვილეში, ცხოვრება სწორედ ასეთი ცარიელი მომენტებითაა სავსე და ჩემთვის მიაძაკის ქალ პერსონაჟებს სწორედ ამ მარტივმა, თუმცა ამავდროულად უმნიშვნელოვანესმა ტექნიკამ შთაბერა სული.
მიუხედავად იმისა, რომ მიაძაკის ფილმები ძირითადად იაპონური ისტორიიდან და იკონოგრაფიიდან იღებს სათავეს, მათში მაინც წარმოუდგენლად უნივერსალური ამბებია მოთხრობილი. მის ფილმებში ქალობის გაზვიადებული სახე არ არის ნაჩვენები და სხვებისთვის საკუთარ იდენტობაზე სიმართლის თქმა რომ შემძლებოდა, ვიტყოდი, რომ სწორედ მათნაირად წარმოვიდგენდი თავს. ანიმაციების ყურებისას თანდათან უფრო ღრმა მნიშვნელობები აღმოვაჩინე, რაც საბოლოოდ დამეხმარა, რომ 27 წლის ასაკში ქამინგ აუთამდე — საკუთარი გენდერული იდენტობის აღიარებამდე მივსულიყავი.
1984 წელს გამოსული ნაუსიკა ქარის ხეობიდან მიაძაკის პირველი ფილმი იყო, რომელიც ვნახე. მისი პროტაგონისტით კი წლების განმავლობაში ყველაზე მეტად ვიყავი აღფრთოვანებული. პრინცესა ნაუსიკა ისეთ სამყაროში ცხოვრობს, სადაც გლობალურად წარმოებული საომარი მოქმედებების გამო ადამიანების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. ამავე სამყაროში კონფლიქტის შედეგად უზარმაზარი შხამიანი ტყე წარმოიქმნა, რომელიც გიგანტი მწერებით აივსო. ღრმად ფესვგადგმულმა მცენარეებმა კი ადამიანებს პატარა, ტყისგან მოშორებულ, უსაფრთხო ადგილებზე დასახლება აიძულა. სწორედ ასეთი დასახლებებია პრინცესა ნაუსიკას ზღვისპირა ქალაქი – ქარების ხეობა და შორეული ქალაქი ტოლმეკია.
ფილმის დასაწყისიდანვე ნაუსიკა გენდერულ მოლოდინებს აჭარბებს. ის თავისუფალი სულია, რომელიც მიწისქვეშა საიდუმლო ლაბორატორიაში მეცნიერად მუშაობს და კულტივირებული მცენარეებიდან შხამის გამოდევნას დამოუკიდებლად სწავლობს. მამამისის მკვლელობით გამძვინვარებული ნაუსიკა ქალაქ ტოლმეკიას ოთხ ჯარისკაცს ამარცხებს, თუმცა შემდეგ მათი დედოფლის სიცოცხლესაც იხსნის. ის ასევე წინასწარმეტყველებას აღასრულებს, რომელიც სოფლის ბრძენი ქალის თანახმად, ლურჯმოსასხამიან კაცს უნდა აესრულებინა. ნაუსიკა ამას ფილმის ბოლოს ახერხებს, როცა ლურჯი სამოსით ჩნდება. ის თავისი გარეგნობით ფრანგი ხელოვანის, მობიუსის ცნობილი კომიქსის არზაკის (1975) პროტაგონისტს, ნიღბიან კაცს მოგვაგონებს, რომელიც ნაუსიკას გლაიდერის მსგავსად თეთრ არსებას მართავს.
თავისი კომპლექსური ბუნებით საინტერესოა ტოლმეკიას დედოფლის, ქუშანას პერსონაჟიც. ფილმში ის ბოროტმოქმედია, თუმცა ნამდვილი ბოროტმოქმედის შთაბეჭდილებას მაინც არ ტოვებს. ქარის ხეობის დაპყრობისა და ტყის თუ გიგანტური მცენარეების განადგურების სურვილის მიუხედავად, ქუშანას ზრახვები გასაგებია. ის მელვილის პერსონაჟს, კაპიტან აჰაბს ჰგავს, რომელმაც კიდური ქუშანას მსგავსად გიგანტურ არსებასთან ბრძოლისას დაკარგა. რამდენადაც მინდა, რომ ეს პერსონაჟი არ მომწონდეს, იმდენად მიაძაკი ოსტატურად ახერხებს, რომ ქუშანას მწუხარება შემაგრძნობინოს და მეტი თანაგრძნობა გამოვიჩინო.
თუ ამ ფილმის როჯერ კორმენისეულ ინგლისურ გახმოვანებას (1985) განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ნაუსიკა მაყურებლის გარკვეულ ნაწილისთვის რადიკალური პერსონაჟიც კია. ანიმაციის სახელწოდება ქარის მებრძოლებით ჩაანაცვლეს და მონტაჟით თითქმის მთლიანად გადააკეთეს: მთავარ სიუჟეტურ ხაზად კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლა წარმოაჩინეს. ამასთან, ამერიკული ფილმის კასეტის გარეკანზე არა ნაუსიკა (ფილმის ამერიკულ ვერსიაში მას ზანდრა დაარქვეს), არამედ უცნაურად განლაგებული, იარაღმომარჯვებული მებრძოლი კაცები იყვნენ წარმოდგენილნი (ამ შემთხვევის შემდეგ, მიაძაკის კინოსტუდია Ghibli-მ მათი წარმოებული ანიმეების სხვების მიერ მონტაჟი აკრძალა). თუ პრინცესები პატარა გოგოების იდეალები არიან, მაშინ ნაუსიკა დისნეის ყველა პრინცესას ჩრდილავს. საკუთარი გარეგნობითა და ქმედებებით ამ პერსონაჟმა ქალურობის მრავალფეროვნება და თავისუფლება დამანახა.
მიაძაკის შემდეგი ანიმე, რომელიც ვნახე, კიკის მიტანის სერვისი (Kiki’s Delivery Service) იყო. ფილმი ამავე სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული და პატარა, ჯერ მხოლოდ უგერგილო ჯადოქარზე მოგვითხრობს, რომელიც სახლიდან უცხო ქალაქში საკუთარი თავის საპოვნელად ცოცხით მიფრინავს. ახალ ადგილას მან ერთი წელი უნდა დაჰყოს, რადგან ტრადიციის მიხედვით, ეს ეტაპი ყველა ჯადოქარმა 13 წლის ასაკში უნდა გაიაროს. 1989 წელს გამოსული ამ ანიმაციის მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი გზავნილი საკუთარ თავში რწმენის პოვნის შესახებ ჩემთვის ძალიან ახლობელი აღმოჩნდა. "გადავწყვიტე, ამ ქალაქში დავრჩე. შესაძლოა, ოსონოსავით კეთილი ხალხი გავიცნო, რომლებიც ისეთს მიმიღებენ, როგორიც სინამდვილეში ვარ", – ამბობს კიკი უცხო ქალაქში ყოფნის პირველივე ღამეს, როცა მას კეთილმა მცხობელმა ოსონომ თავშესაფარი მისცა. კიკის მიტანის სერვისი იმ გოგოს შესახებ გვიამბობს, რომელიც ახალ სამყაროში გარიყულის სტატუსით აბიჯებს და ფუჭი პოპულარობის ძიების ნაცვლად, საკუთარი თავის მიმღებლობას სწავლობს. ეს მშვენიერი ზღაპარი გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის პოვნა მაშინ, როდესაც თან შენს უმნიშვნელოვანეს ნაწილს კარგავ — კიკის შემთხვევაში ეს მისი ჯადოქრობის უნარი აღმოჩნდა.
ხანდახან ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნა გარდატეხის ასაკის მეორედ გავლას და კიკისავით უცხო ადგილას საკუთარი თავის საპოვნელად გადაფრენას ჰგავს. ორივე სიტუაციაში იმედოვნებ, რომ დანიშნულების ადგილას დანარცხების გარეშე მიაღწევ. ახალ სამყაროში მოხვედრისას მის კონტურებს თანდათან აღიქვამ: დამამცირებელი სტვენის ხმები, კონკრეტულ ადგილებში მარტო გავლის შიში, ადამიანები, რომლებიც შენს მიწასთან გასწორებას ცდილობენ, რადგან ჰგონიათ, რომ სილამაზე და ინტელექტი ვერ თანაარსებობს და კიდევ სხვა უჩვეულო შემთხვევები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება და შენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ზოგჯერ ვერ ვახერხებ, რომ ძირს არ დავეცე. ზოგჯერ კი იმ ბავშვს მივტირი, რომელიც ვერასდროს მეყოლება. დედობას, რომელსაც ვერასდროს გამოვცდი. კიკის მიტანის სერვისი კი შეგვახსენებს, რომ თუ ჩვენი ტირილის მიზეზებს მოვერევით, ღიმილისთვისაც აუცილებლად ვიპოვით საბაბს.
მიაძაკის შემოქმედებიდან კიდევ ერთი ფილმი, რომელმაც გენდერისა და იდენტობის თვალსაზრისით ჩემი ყურადღება მიიპყრო, პრინცესა მონონოკეა. სიუჟეტი იაპონიის ისტორიული ეპოქის — მურომატის (დაახლ. 1336-1573 წლები) ალტერნატიულ პერიოდში ვითარდება. მონონოკე, რომლის ნამდვილი სახელიც სანია, რთულად აღსაქმელი პერსონაჟია, რომლის თვითმყოფადობასა და თვითგამოხატვას შორის არსებული კონფლიქტი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე ნაუსიკას შემთხვევაში. სანი მგლების აღზრდილი ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა მგელი და-ძმების გარემოცვაში გაიზარდა და ხროვაში მიიღეს, აცნობიერებს, რომ თავად მგელი არ არის. მგლების მსგავსად მასაც კაცობრიობა სძულს, ოღონდ გაცილებით მეტი ირონიით. მეზობელ ქალაქში მცხოვრები იარაღის მწარმოებელი მტრები მონონოკეს დამცინავად მონონოკე-ჰიმეს, ანუ სულების პრინცესას ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ მას სამეფო არ აქვს, მონონოკე მაყურებლის წინაშე მართლაც თავისი ველური დიდებულებით წარსდგება.
მიაძაკის სხვა ფილმების მსგავსად, არც პრინცესა მონონოკეს პერსონაჟებია შეზღუდულ ჩარჩოებში მოქცეული. ლედი ებოშის, მონონოკეს მტერსა და მეზობელი ქალაქის მმართველს, ტყის გაჩეხა სურს, თუმცა ის ყველაფრის მიუხედავად, მაინც კეთილი პერსონაჟია. მან სხვებისგან უარყოფილი კეთროვნები შეიფარა და საროსკიპოებიდან წამოსულ ქალებს ქარხანაში მუშაობის ნება დართო: ქალები ხუმრობდნენ, რომ ეს სამუშაო კაცებისთვის ზედმეტად მძიმეა. მონონოკეს სამყაროში ქალების შესაძლებლობები კაცებისას არ ჩამოუვარდება, თუ არ აჭარბებს კიდეც. ებოში ბუნების გასანადგურებლად მომართულ, უგულო, ტექნოლოგიური განვითარებით შეპყრობილი ადამიანის სტერეოტიპს ამსხვრევს და ამით მაყურებელში ემპათიას უფრო მეტად აღძრავს, ვიდრე ქუშანას პერსონაჟი ფილმში ნაუსიკა ქარების ხეობიდან.
როდესაც მიაძაკის წინააღმდეგობრივ პერსონაჟებს ვუყურებ, რომლებშიც კარგი და ცუდი, სისასტიკე და მზრუნველობა, ფემინურობა და მასკულინობა ერთმანეთში არეულია, იაპონელი მწერალი, ძიუნიტირო ტანიძაკი მახსენდება. თავის საყოველთაოდ ცნობილ ესეში აჩრდილების ქება (1933) ტანიძაკიმ ჭეშმარიტად იაპონური ფასეულობა, როგორც მას ეს ესმოდა, შემდეგნაირად აღწერა: იპოვო მშვენიერება იმაში, რაც ერთდროულად შეიცავს ნათელს და წყვდიადს. ტანიძაკი მიიჩნევს, რომ დასავლური სამყარო მუდმივად და აკვიატებულად ცდილობს, მოვლენები დადებითად, სტერილურად, ხმაურიანად და ნოვატორულად წარმოაჩინოს. ამის საპირისპიროდ, იაპონელები არასრულყოფილებას აფასებენ და სიძველეში სილამაზის შემჩნევით სიამოვნებას იღებენ. ეს იდეა მიაძაკის ნამუშევრებს კარგად აირეკლავს: მისი ფილმები სიმახინჯესა და უცნაურ მოვლენებში მშვენიერებას აღმოაჩენს და რადიკალურ განსხვავებებს შორის ბალანსს პოულობს.
ნაუსიკას, კიკისა და სანის პერსონაჟებმა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშეს, თუმცა მიაძაკის შემოქმედება სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟებითაც გამოირჩევა: ჩიჰირო (მოჩვენებების მიერ გატაცებულნი), სოფი (ჰოულის მოსიარულე კოშკი), ნაოკო (ქარი მატულობს) და სიტა (ზეციური ტაძარი) დაუვიწყარ სახეებს ქმნიან. იაპონურ ლიტერატურაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს ისეთმა მწერალმა ქალებმა, როგორებიც მურასაკი შიკიბუ, სეი სიონაგონი და პიონერი ფემინისტი იოსანო აკიკო არიან. მათ ამ საერთო საქმეში თავის მხრივ საკუთარი შემოქმედებით ჰაიაო მიაძაკიმაც შეიტანა წვლილი. ის ერთდროულად იაპონურ კულტურას ამდიდრებს და თან თავდაყირა აყენებს. სწორედ ეს არის დიდებული ხელოვნების მიზანი: ოთახში სანთლები ჩაგვიქროს და სრული სიბნელე რომ ჩამოწვება, რამდენიმე მათგანი ხელახლა აანთოს. როგორღაც ამ ახალ, მბჟუტავ სინათლეზე მარტო დარჩენილნი, ჩვენს თავს გაცილებით უფრო მკაფიოდ შევიცნობთ.
როგორც ვიღაცები სევდიან განწყობაზე საყვარელ მუსიკას უსმენენ, ისე მეხმარებიან მე სირთულეების გადალახვაში სწორედ ეს განსაკუთრებული პერსონაჟი ქალები. მათ თავიანთი უჩვეულო ძალით ისეთი იმედი მომცეს, როგორიც არასდროს არცერთ სხვა გმირს მოუხერხებია. ისინი შუქურებს ჰგვანან, რომლებიც გემის ჩაძირვისას ღამით გზას გინათებენ. როდესაც საბოლოოდ ქამინგ აუთი გავაკეთე, ამ პერსონაჟებზე ვფიქრობდი. სწორედ ეს არის მიაძაკის ფილმების მშვენიერება: ჩემი და ამ პერსონაჟების სამყაროები სრულიად სხვადასხვაა, მაგრამ მაინც ვიპოვე საკუთარი თავი მათში. მიაძაკის წარმოსახვითი პრინცესები, ქალაქში მცხოვრები ჯადოქრები და მგლის შვილები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.
კომენტარები