ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის "წინასწარმეტყველებები" პროპაგანდის იარაღი
ბულგარელი "ნათელმხილველის წინასწარმეტყველებების" დიდი ნაწილი ჩანაწერის სახით არ არსებობს, მაგრამ მისი სახელი არაერთი შეთქმულების თეორიისა თუ გეოპოლიტიკური ნარატივის გასავრცელებლად გამოიყენება.
ცნობილი ბულგარელი მისტიკოსი ბაბა ვანგა ინტერნეტსივრცის ერთ ნაწილში მითურ გმირადაა ქცეული. ტაბლოიდები და ზოგიერთი გვერდი სოციალურ ქსელში მას მიაწერს 11 სექტემბრის ტერაქტის, კოვიდპანდემიისა და უკრაინის ომის "წინასწარმეტყველებასაც" კი.
მეტიც, ამას წინათ, კიდევ უფრო სენსაციური სათაურები გამოჩნდა: "ნუთუ მან ისრაელი-ირანის ომი, აშშ-ის ჩარევა, სარაკეტო თავდასხმები და საჰაერო სივრცის დახურვა განჭვრიტა?". მანამდე, გამოქვეყნდა სტატია, სადაც, თითქოსდა, "2026 წლისთვის ნაწინასწარმეტყველები ამბებისთვის" მოეყარათ თავი და ნახსენები იყო მესამე მსოფლიო ომის დაწყება და ადამიანების პირველი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან.
ასეთი განცხადებები სტატიაზე კლიკების რიცხვის გასაზრდელად მომგებიანია, მაგრამ ბულგარეთშიც და მის მიღმაც ბევრი გვაფრთხილებს, რომ უამრავი "წინასწარმეტყველება", რომლებიც ვანგას სახელს მიეწერება, მას, დიდი ალბათობით, არასდროს უთქვამს. მიიჩნევენ, რომ "ბალკანელ ნოსტრადამუსად" წოდებული ქალი ერთგვარ ხატად იქცა, რომელსაც ყველაფრისთვის იყენებენ — სკანდალური სტატიების შექმნიდან პრორუსული ნარატივების გავრცელებამდე.
"სისულელეა", — ამბობს ბულგარეთში ბაბა ვანგას ფონდის წარმომადგენელი ივან დრამოვი გავრცელებულ ცნობებზე, თითქოს, მისტიკოსმა ბირთვული კატასტროფა და მსოფლიო ომები "განჭვრიტა". მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ ტიკტოკსა და იუთუბზე კი არა, ბრიტანულ ტაბლოიდებსა და ალბანურ სამთავრობო მედიაშიც კი ვრცელდება.
"ამ წმინდა ქალის შესახებ სრული ტყუილები შეთხზეს", — აღნიშნავს დრამოვი, რომლის ორგანიზაციაც ვანგას მიმდევრებმა დააარსეს; გარდაცვალებამდე მას თავად მისტიკოსი ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში, — "ვანგას საქმიანობა მეტწილად ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებას უკავშირდებოდა და არა მოსალოდნელ გლობალურ კატაკლიზმებს".
მსოფლიოში ბაბა ვანგას სახელით ცნობილი "ნათელმხილველი", რომლის ნამდვილი სახელი ვანგელია პანდევა გუშტეროვა იყო, 1911 წელს, იმდროინდელ ოსმალეთის იმპერიაში დაიბადა. ამბობენ, რომ მოზარდობისას იგი მინდორში ქარიშხალმა მოიყოლა, რის შემდეგაც მხედველობა თანდათანობით დაკარგა.
დრამოვი ჰყვება, რომ ადგილობრივ თემში ვანგა პოპულარული ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გახდა, როცა მას ხალხი იმის გასაგებად სტუმრობდა, დაბრუნდებოდნენ თუ არა მათი ახლობლები ფრონტიდან ცოცხლები.
1960-იანი წლებისთვის, მისი სახელი უკვე მთელ რეგიონში იყო მოდებული და ვანგასთან სტუმრად უამრავი ადამიანი ჩადიოდა სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთის პატარა ქალაქ პეტრიჩში, სადაც იგი ქმართან ერთად ცხოვრობდა. თანდათანობით "ნათელმხილველის" სახელი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა და იგი უკვე ისეთი ქვეყნებიდან იღებდა სტუმრებს, როგორებიც რუსეთი, რუმინეთი და საბერძნეთია.
დრამოვი ამბობს, რომ ვანგას განცხადებები მხოლოდ მისი სტუმრებისა და მათი ახლობლების ცხოვრებას შეეხებოდა.
"ეუბნებოდა ხოლმე, რომელ ექიმთან მისულიყვნენ ან რა მოემოქმედებინათ, მეტს არაფერს იძახდა", — იხსენებს ფონდის წარმომადგენელი.
ნამდვილ მსოფლიო ვარსკვლავად კი ვანგა მას შემდეგ იქცა, რაც მის ცხოვრებასა და წინასწარმეტყველებებზე სერიალების, წიგნებისა და გადაცემების შექმნა დაიწყეს. და მათ შორის, ვინც ვანგათი განსაკუთრებულად დაინტერესდა, რუსები იყვნენ. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ბულგარელი ქალი "მე-20 და 21-ე საუკუნეების რუსულ ფანტაზიებში 'ჭეშმარიტების' ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ წყაროდ" იქცა.
მოგვიანებით, სოციალური ქსელების გაჩენის შემდეგ, ვანგას სახელს სულ უფრო ხშირად ახსენებდნენ. მისტიკოსმა რუსულ კულტურაში იმხელა ადგილი დაიკავა, რომ გაჩნდა ცალკე ზმნა — "ვანგოვატ", რაც წინასწარმეტყველების სინონიმია — და გამოთქმა: "რა ვიცი მე, ვანგას ვგავარ?!".
დღეს რუსეთში ვანგას სახელსა და მის "წინასწარმეტყველებებად" მიჩნეული განცხადებებს კიდევ უფრო ხშირად ახსენებენ, ზოგჯერ კრემლისტური ნარატივის გასავრცელებლადაც. ამ ყველაფრის შედეგი კი ბევრად ფართო მასშტაბებსაც აღწევს: 2024 წელს ალბანურმა მედიაორგანიზაცია BIRN Albania-მ ქვეყნის მასშტაბით 36 გამოცემა შეისწავლა და ათზე მეტი სტატია აღმოაჩინა, სადაც, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ვანგას "წინასწარმეტყველებებს" იშველიებდნენ "ხშირად ნატოსა და ევროკავშირის საწინააღმდეგოდ შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად".
ფრიბურის უნივერსიტეტში გლობალური ქრისტიანობისა და ინტერრელიგიური თეოლოგიის კათედრის ასისტენტ-მკვლევარი და დოქტორანტი, ვიქტორია ვიტანოვა-კერბერი, ამბობს, რომ რუსების ვანგათი ასე გატაცება შეუსაბამო არის იმ ფაქტთან, რომ ნაკლებსავარაუდოა, ბულგარელ "ნათელმხილველს" რუსეთზე მაინცდამაინც ბევრი რამ ეთქვას — ყოველ შემთხვევაში, ცალსახად.
მეტიც, ვანგას სახელზე მიწერილი ბევრი წინასწარმეტყველების კვალს — საბჭოთა კავშირის დანგრევიდან რუსეთის დიდებული მომავლის ხილვებამდე — რუს მწერალ ვალენტინ სიდოროვამდე მივყავართ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 1970-იან წლებში მისტიკოსს შეხვდა.
"თუმცა, ამ შეხვედრების არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, ამდენად, სიდოროვს საშუალება მიეცა, თავისებური ინტერპრეტაციები შეექმნა ან სულაც შეეთხზა, თუ რა თქვა ან არ თქვა ვანგამ რუსეთზე", — ამბობს ვიტანოვა-კერბერი, — "1990-იანების დასაწყისით დათარიღებულ მის ნაწერებში ნათქვამია, თითქოს, ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი გავლენით აშშ-ს ჩამოიტოვებდა უკან, ეს ნარატივი კი დღევანდელ რუსეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს".
ვიტანოვა-კერბერის თქმით, სიდოროვის ნაწერებმა რუსეთში ეგრეთ წოდებული ვანგას ექსპერტების ახალი თაობა წარმოშვა, მათგან დიდმა ნაწილმა კი პოპულარობა ბოლო ათ წელიწადში მოიპოვა, თავიანთი პოლიტიკური ხედვებისა და ინტერესების გასამყარებლად "ფაქტების" შეთხზვით ან ისედაც მწირი ისტორიული ცნობების დამახინჯებით.
ასისტენტ-მკვლევარი ამატებს, რომ "ამ 'ექსპერტებმა' ინფორმაცია ისე გააზვიადეს, შეალამაზეს და გადააკეთეს, რომ დღევანდელი რუსული იდენტობის პოლიტიკის დომინანტურ ნარატივს მორგებოდა: ერის დიდებულება, ანტიდასავლურობა, აღმოსავლური მართლმადიდებლობის მიერ 'ტრადიციული ღირებულებების' მფარველობა და 'დასავლეთის გახრწნილი ლიბერალური ღირებულებების' წინააღმდეგ ბრძოლა".
შედეგად, შეიქმნა დღევანდელ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი, რომელიც ვანგას სახელს იშველიებს, თავისი კონსპირაციული, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა და გამართლებას უძებნის ისეთ ქმედებებს, როგორიც რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.
ვიტანოვა-კერბერის თქმით, "ისტორიული ფაქტების ბუნდოვანება, რომელიც დღევანდელ რუსეთში — და არა მხოლოდ — ვანგას, როგორც სულიერი ავტორიტეტის, რეპუტაციას ერწყმის, მისტიკოსს პოლიტიკური პროპაგანდის გასავრცელებლად ხელსაყრელ იარაღად აქცევს".
ამ აზრს იზიარებენ ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებიც, რომელთა თქმითაც, ვანგას გავლენა და სახელი მხოლოდ მისი, როგორც "გარდაცვლილებთან დამაკავშირებელი მედიუმის" როლს ან "მომავლის დანახვის" უნარს არ უკავშირდება. "არამედ, უკავშირდება ისეთი მრავალმხრივი მედიუმის რეპუტაციას, რომლის სახელი შეგიძლია ბევრი სხვადასხვა მიზნით გამოიყენო".
ბულგარელ მწერალ ჟენი კოსტადინოვას ვანგას შესახებ არაერთი წიგნი აქვს დაწერილი, რომლებიც ბევრ ენაზეა თარგმნილი. მისი თქმით, მისტიკოსის სახელზე მიწერილი წინასწარმეტყველებების ასეთი გაუნელებელი პოპულარობა გასაკვირია, რადგან ვანგა სიცოცხლის განმავლობაში არავის ჩაუწერია და თავადაც არ დაუტოვებია არანაირი მასალა წერილობითი სახით.
"ყველა ისეთ სიტყვებს მიაწერს, რომლებიც არასდროს უთქვამს", — აცხადებს კოსტადინოვა, — "თუმცა, რადგან მისი, როგორც წინასწარმეტყველის, ავტორიტეტი ლამის ნოსტრადამუსს უტოლდება, ასობით ადამიანს სძლევს ცდუნება, ვანგას სახელით ილაპარაკოს".
თავის ერთ-ერთ წიგნში, კოსტადინოვა აღნიშნავს, რომ ვანგას წინასწარმეტყველებები "სადღაც მითსა და რეალობას შორისაა", რადგან მრავალგზის და სხვადასხვა ინტერპრეტაციითაა მოყოლილი. თუმცა, მწერლის თქმით, ბევრი მაინც ძალიანაა მოწადინებული, მცდარი და სენსაციური განცხადებები გაავრცელოს, თუ რას ამბობდა ვანგა.
"მკითხავთ, ვის არ უსარგებლია ვანგას სახელით სათავისოდო, მაგრამ, რეალურად, ყველა სახის პროპაგანდა თავისი იდეების გასავრცელებლად იყენებს, მათთვის მისაღები რიტორიკის გასამყარებლად და ხალხის დიდ მასაზე გასასვლელად".
ბაბა ვანგამ კი, ივან დრამოვის თქმით, ასეთი მომავალი გარკვეულწილად მართლაც განჭვრიტა. როცა 1989 წელს ბულგარეთში კომუნისტური რეჟიმი დაემხო, მისტიკოსი იმის მომსწრე გახდა, როგორ დაიწყეს მისი სახელისა და რეპუტაციის გამოყენება ყველაფრის გასაყიდად — ტანსაცმლიდან ცხვირსახოცებამდე.
დრამოვი ამბობს, რომ ვანგას დეზინფორმაცია და პროპაგანდა პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ, "ზოგადად, აღნიშნავდა, რომ მის სახელს ბოროტად გამოიყენებდნენ".
"ბევრჯერ უთქვამს, რომ ხალხი მის სახელს გამოიყენებდა, მის სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც".
კომენტარები