როგორ "აღმოჩნდა" კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
ფოტო: Shutterstock.com
1990-იან წლებში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტური მუმიების შესწავლისას კოკაინის, ნიკოტინისა და კანაფში არსებული ნაერთის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC), კვალს მიაგნეს. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი იყო, რადგან, მაგალითად, კოკაინი სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მცენარის (კოკა) ორი ჯიშისგან მიიღება. მაშ, როგორ აღმოჩნდა იგი იმ დროს იზოლირებული კონტინენტიდან ეგვიპტეში? ან აღმოჩნდა კი?!
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკაში კოკაინს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ. ინკას ცივილიზაციაში ის "ჯადოსნურ" მცენარედ მიაჩნდათ, რომელსაც შიმშილისა და წყურვილის ჩახშობა შეეძლო, თრობის ეფექტი ჰქონდა და მკურნალობის მიზნითაც გამოსადეგი იყო (როგორც ანტისეპტიკი და ტკივილგამაყუჩებელი). ასევე, მათ სჯეროდათ, რომ მისი მეშვეობით გვამის შენახვაც შეიძლებოდა.
ესპანელმა კოლონისტებმა კოკას ფოთლების მიმართ ინტერესი საკმაოდ გვიან გამოიჩინეს, როცა მათი კომერციული ღირებულება გაიაზრეს. სწორედ მაშინ გააღწია მცენარემ კონტინეტის ფარგლებს გარეთ, მაგრამ 1992 წლის კვლევის თანახმად, კოკაინი და სხვა ნაერთები უფრო ადრინდელი ეგვიპტური მუმიების რბილ ქსოვილებში, თმასა და ძვლებში აღმოაჩინეს. მათ ერთი მთლიანი მუმია, სამი მუმიფიცირებული თავი და ზრდასრული ადამიანის არასრული მუმიფიცირებული სხეული შეისწავლეს. ისინი ჩვ.წ. 1070 წლიდან ახ.წ. 395 წლამდე პერიოდის იყო.
მათივე თქმით, კანაფისა და THC-ს კვალი ცხრა ნიმუშში აღმოაჩინეს, ხოლო ნიკოტინი — რვაში. სხვა მიმოხილვით კვლევაში წერია, რომ ამ გუნდმა ჩამოთვლილ ნაერთებს მთლიანობაში ოთხი კონტინენტის მასშტაბით არსებულ ნამარხებში მიაგნო, თითქმის ათასი მუმიისა და ჩონჩხის დაახლოებით ნახევარში. ეთნობოტანიკური თვალსაზრისით, ამ შედეგების ნაწილი "შეუძლებლის"კატეგორიაში იყო და კონტროვერსიულად მიიჩნეოდა, ამიტომ ავტორებმა პოტენციურ ახსნაზე ფიქრი დაიწყეს, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
მაგალითად, განიხილავდნენ ეგვიპტელების შესაძლო ტრანსატლანტიკურ მოგზაურობასა და ძველი პერუს მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობას. ამის მიუხედავად, მსგავსი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს, თანაც სხვა მეცნიერებმა მუმიების ანალიზისას კოკაინსა და THC-ს სულაც ვერ მიაგნეს (ზოგმა მხოლოდ ნიკოტინს მიაკვლია).
პირველადი შედეგების ერთ-ერთი ახსნა ის იყო, რომ მეცნიერებმა არა ნამდვილი, არამედ მათი თანამედროვე ნარკომომხმარებლების "ყალბი მუმიები" შეისწავლეს. შემდეგ ეს იდეა უარყვეს, რადგან სხვა არქეოლოგებიც იმავე ნიმუშებს აანალიზებდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტოქსიკოლოგმა სვეტლანა ბალაბანოვამ და მისმა კოლეგებმა პირვანდელი კვლევისას რთული ტექნიკები არ გამოიყენეს. ასეთია, მაგალითად, თმის ღერის ნიმუშის აღება და მისი სეგმენტების ანალიზის მიხედვით იმის დადგენა, თუ როგორ იცვლებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ადამიანის დამოკიდებულება დროთა განმავლობაში.
ვინაიდან განსხვავებულ მუმიებში სხვებს ამ ნაერთების ისეთივე კვალი არ აღმოუჩენიათ, ეს შედეგები ნიმუშების მოგვიანებით დაბინძურებასთან დააკავშირეს. შესაძლოა, კოკაინი სხეულებზე თანამედროვე ეპოქაში იქამდე მოხვედრილიყო, სანამ მუმიებს სათანადო პირობებში შეინახავდნენ.
მეორე მხრივ, ნიკოტინის კვალი დაბინძურების შედეგი არ უნდა იყოს. მისი შემცველი მცენარეები ევროპაშიც გავრცელებულია. რამდენიმე შემთხვევაში მიაგნეს მტკიცებულებას, რომ მუმიებში ნიკოტინი კოტინინად იყო გარდაქმნილი. ის ორგანიზმის მიერ ამ ნაერთის გადამუშავების შედეგია და მისი გამოყენების უფრო სარწმუნო ინდიკატორია. ინგლისელი ისტორიკოსების ცნობით, მეცხრამეტე საუკუნეში მუმიების შენახვისას ხშირად მათ დაფხვნილ თამბაქოსა და პირეტრუმს აყრიდნენ, რომლებსაც ინსექტიციდებად იყენებდნენ.
რაც შეეხება THC-ს, ცნობილია, რომ ძველეგვიპტელები კანაფს შარდის ბუშტის ინფექციებისა და თვალის ტკივილის დროს იყენებდნენ, ასევე ოყნის პროცედურისას. ამის მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ სხვა კვლევებისას მუმიებში THC-ს ვერ მიაგნეს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც პოტენციურ ახსნად დაბინძურება ან არასათანადო კვლევითი მეთოდები განიხილება.

კომენტარები