ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე შედარებით უფრო პრიმიტიული ჰომინიდები ეტაპობრივად შეიცვალნენ და შედეგად თანამედროვე ადამიანი მივიღეთ. მეორე მხრივ, ანთროპოლოგები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ, თუ ზუსტად როდის მოხდა ეს. ბევრი მკვლევრისთვის ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა ტექნოლოგიური სირთულის გარკვეულ დონეს მიაღწიეს. არსებობენ მკვლევრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ადამიანი აბსტრაქტულ აზროვნებასთან ერთად დაიბადა.

და, აი, ახლა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ არცერთი ეს მარკერი არ არის შესაფერისი. მიჩიგანის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორის, ჯონ სპეტის თქმით, "ტექნოლოგიური სირთულე" ფარდობითია და ამით გარდამავალ ზღვარს ვერ განვსაზღვრავთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანური ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და, სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი სახეობა იარსებებს. ამრიგად, ისევე როგორც ადრეულ ჰომინიდებს არ ჰქონდათ სიმეტრიული ნაჯახების დამზადების უნარი, მე-19 საუკუნეში ადამიანებს არ შეეძლოთ საფრენი აპარატების ან სმარტფონების წარმოება, ხოლო დღეს ჯერ კიდევ არ გვაქვს ტელეპორტაციის შესაძლებლობა.

ჩნდება შეკითხვა, სად გადის ის ზღვარი, რის შემდეგაც ვიტყოდით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს "თანამედროვე ადამიანთან"?

კვლევის ავტორი ჯონ სპეტი ამბობს, რომ მკვლევრები, როგორც წესი, თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებას სამკაულებთან, გამოქვაბულის ნახატებთან და ხელნაკეთი ნივთებთან აკავშირებენ. ჯონ სპეტი ასე არ ფიქრობს.

"ბევრ არქეოლოგს მცდარი წარმოდგენა აქვს იმაზე, რომ ნივთი შეიძლება იყოს სიმბოლური ან პრაქტიკული, მაგრამ არა ორივე ერთად", — ამბობს სპეტი.

როგორც სპეტი აღნიშნავს, ცნობილია, რომ მკვიდრი კულტურები სიმბოლურ მნიშვნელობებსა და შეხედულებებს ანიჭებენ ყველანაირ საერთო ნივთს — მათ შორის საკვებს, ფერებს, პეიზაჟებსა და ამინდს. შესაბამისად, თუ ეს აბსტრაქტული აზროვნების პროცესები არ ტოვებს მატერიალურ კვალს, როგორ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ფენომენი ასობით ათასწლეულის წინაც არ არსებობდა?

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ფაქტი, რომ ზოგიერთ პრეისტორიულ კულტურას არ შეუქმნია გამოქვაბულის მხატვრობა ან სკულპტურული ფიგურები, არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეეძლოთ აბსტრაქტული აზროვნება.

"იმის გათვალისწინებით, რომ მკვიდრ საზოგადოებებს აქვთ მიდრეკილება, სამყაროში თითქმის ყველაფერს სულიერი მნიშვნელობა მიანიჭონ, სავარაუდოა, რომ თანამედროვე ადამიანის ქცევა გაცილებით ადრე გაჩნდა. ამისთვის მძივების დამზადება და ხელოვნების ნიმუშების შექმნა აუცილებელი არ იქნებოდა", — მიიჩნევს სპეტი.

მეორე მხრივ, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ადამიანია ის ერთადერთი სახეობა (დედამიწაზე), რომელიც ირაციონალური ქცევების გამო თავს წირავს. მაგალითად, ადამიანი შეიძლება მოკვდეს დროშის გამო, შეუძლია წააგოს მთელი თავისი დოვლათი კაზინოში ან ქვას მიანიჭოს უდიდესი ღირებულება.

სპეტი სწორედ ამაზე მიუთითებს. ის მიიჩნევს, რომ ადრეული ადამიანის ქცევა, შესაძლოა, გარკვეულწილად ზემოთ ხსენებულის მსგავსი ყოფილიყო: "თანამედროვე ადამიანის წარმოშობის პარადიგმის გადააზრების კრიტიკული პირველი ნაბიჯები იმ აღიარებას წარმოადგენს, რომ არარაციონალური შეხედულებები და ქცევები შეიძლება უკავშირდებოდეს ყველაზე ჩვეულებრივ მასალებსა და აქტივობებს. და მაინც, უფრო დიდი გამოწვევაა ამ შეხედულებების დამადასტურებელი მტკიცებულებების პოვნა არქეოლოგიურ ჩანაწერებში", — ამბობს ის.

სპეტიმ კვლევაში აღნიშნა, რომ თანამედროვე ადამიანების წარმოშობის შესახებ მინიშნებები ქვის იარაღების უკეთ შესწავლით შეიძლება მივიღოთ. მაგალითად, თუ ქვა ახლომდებარე რესურსების ხელმისაწვდომობის მიუხედავად, დიდ მანძილზე გადაადგილების ნიშნებს ავლენს, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ უძველესი ადამიანები ირაციონალურ მანძილზე მოგზაურობდნენ მის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ირაციონალურობის გაჩენა შეიძლება თანამედროვე ადამიანის დაბადებასთან პირდაპირ კავშირში იყოს.

მეტიც, პლეისტოცენის პერიოდის სამგლოვიარო პრაქტიკები, როგორიცაა ნეანდერტალელების დაკრძალვა, შესაძლოა, თანამედროვე ადამიანის მახასიათებლების წარმოშობის შესახებ მიანიშნებდეს. მაგალითად, ესპანეთში, სიმა დე ლოს უესოსში, შესაძლოა, ნეანდერტალელებმა 450 000 წლის წინ 29 ჩონჩხი ორმოში დამარხეს.

სპეტი და მისი კოლეგები თანამედროვე ადამიანის დაბადებას სწორედ ასეთ მახასიათებლებში ეძებენ და ისინი ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ.

კვლევა ჟურნალ Quaternary Environments and Humans-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.