იყო თუ არა სიმბოლიზმი თქვენს შემოქმედებაში გამიზნული — ცნობილი მწერლების პასუხები
სიმბოლოს ცნებას ჩვენ ჯერ კიდევ სკოლაში გვაცნობენ, თუმცა ხელოვნებაში იგი იმდენად საკამათო თემაა, რომ ხშირად განზრახ უვლიან გვერდს. "არის თუ არა არწივი ვაჟა-ფშაველას ლექსში სამშობლოს სიმბოლო?" — ასეც რომ იყოს, ნაკლებსავარაუდოა, ეს გამიზნულად მომხდარიყო. აი, რატომ:
1963 წელს, 16 წლის ბრიუს მაკალისტერს, რომელიც ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა, ძალიან აინტერესებდა სიმბოლიზმის თემა მწერლების შემოქმედებაში. საკუთარ მასწავლებელთან პოლემიკის გაჩაღების ნაცვლად, ბრიუსმა ამჯობინა, პირდაპირ წყაროებისთვის მიემართა და ოთხკითხვიანი კითხვარი იმ პერიოდში მცხოვრები 150 მწერლისთვის გაეგზავნა.
მოსწავლე მათ ეკითხებოდა, იყო თუ არა საზოგადოდ მიჩნეული სიმბოლოები მათ შემოქმედებაში გამიზნული.
ბრიუსს პასუხი მხოლოდ ნახევარმა დაუბრუნა, თუმცა, როგორც ჩანს, ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მომავალში იგი ინგლისური ენის პროფესორი გამხდარიყო. ჩვენ კი ამ სტატიაში 12, დღეს უკვე კლასიკოსად აღიარებული მწერლის პასუხებს წარმოგიდგენთ მის შეკითხვაზე.
მაკალისტერის წერილი
"კითხვარში ჩემ მიერ ნახსენები სიმბოლიზმი შემდეგნაირად განიმარტება: ალისფერ დამღაში ოთხი მთავარი პერსონაჟია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ჰოთორნმა ამ ფორმით ბუნება, რელიგია, მეცნიერება, ან სხვა სიმბოლოები წარმოაჩინა. ისინი ფიქრობენ, რომ ოთხი გმირის ქმედებები იმას ასახავს, რაც ახლა ხდება, ან მომავალში მოხდება ბუნების, რელიგიის, მეცნიერების და სხვა რამის თავს".
აინ რენდი: "ეს 'განმარტება' არ არის, ტყუილია — ამდენად, თქვენს შეკითხვებს აზრი ეკარგება".
მაქკინლი კანტორი: "სისულელეა, ყმაწვილო. საკუთარ თემას მიხედე და ნუ მოელი, რომ შენს გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ".
კითხვა 1:
გაცნობიერებულად და გამიზნულად გეგმავთ სიმბოლისტური სახეების გამოყენებას თქვენს შემოქმედებაში? თუ კი, მაშინ, გთხოვთ, მეთოდი გაგვანდოთ. გგონიათ, რომ გაუცნობიერებლად იყრის თქვენს ნაწერში სიმბოლოები თავს?
ჯეკ კერუაკი: "არა".
აიზეკ აზიმოვი: "გაცნობიერებულად? ღმერთო, არა! გაუცნობიერებლად? როგორ შეიძლება ეს თავიდან აიცილო?"
ჯოფეზ ჰელერი: "დიახ, მე გამიზნულად მივმართავ სიმბოლიზმს ჩემს შემოქმედებაში, თუმცა, არა იმ დოზით, როგორც ამას ბევრი ადამიანი ამტკიცებს. არა, ჩემს ნაწერებში გაუცნობიერებლად არ ხვდება სიმბოლიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოქმედებისთვის წინასწარ განზრახულზე მეტი დატვირთვის მინიჭება გარდაუვალია".
რეი ბრედბერი: "არა, ჩემს შემოქმედებაში გაცნობიერებულად არასდროს ვიყენებ სიმბოლიზმს. ეს შეგნებულად შესრულებული სავარჯიშო იქნება, შეგნებულობა კი ყოველგვარი შემოქმედებითი პროცესის მტერია. უმჯობესია, ეს საქმე გასაკეთებლად თქვენ ნაცვლად ქვეცნობიერს მიანდოთ და გაეცალოთ. საუკეთესო სიმბოლო ყოველთვის მოულოდნელი და ბუნებრივია".
ჯონ აპდაიკი: "დიახ, თუმცა ამის მეთოდი არ მაქვს. მხატვრული ლიტერატურის შექმნისას მეთოდები არ არსებობს. როგორც ჩანს, არ გესმით".
ნორმან მეილერი: "მეეჭვება, მოქმედი რომანისტისთვის კარგი იყოს თემასთან დაკავშირებული ბევრი ტექნიკური დეტალის გამხელა. როგორც წესი, რომანში საუკეთესო სიმბოლოები ისინია, რომელთაც მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ აღმოაჩენ".
რალფ ელისონი: სიმბოლიზმი მხატვრული შემოქმედების ნაყოფია... როცა თხრობის დროს, მწერალი სრულიად გაცნობიერებულად მიმართავს სიმბოლიზმს, შესაძლოა, ასევე გააზრებულად შეეცადოს მათით მანიპულირებას. სიმბოლოები, რომლებიც პროცესის უნებლიე ქმნილებები არ არიან, მკითხველის უკმაყოფილებას იწვევენ, რადგან მათი ზედმეტობა აშკარაა".
სოლ ბელოუ: "სიმბოლო თავისით ჩნდება და ვითარდება, ფაქტებისგან დამოუკიდებლად".
რიჩარდ ჰიუზი: "[გამიზნულად?] არა. [გაუცნობიერებლად?] შესაძლოა, კი. ბოლოს და ბოლოს, ყოველდღიურ საუბარშიც ხომ ასე ხდება — ყველაფერში, რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ და ვაკეთებთ".
კითხვა 2:
მკითხველები ოდესმე ირწმუნებოდნენ, რომ თქვენს ტექსტში სიმბოლიზმი იქ იყო, სადაც არ განგიზრახავთ? თუკი ყოფილა ასეთი შემთხვევა, როგორი რეაქცია გქონდათ? (იუმორით მიუდექით? გაბრაზდით? თუ სხვა?)
რალფ ელისონი: "კი, მკითხველები ხშირად ირწმუნებოდნენ, რომ ჩემს შემოქმედებაში იმგვარი სიმბოლიზმია, რომელიც არ განმიზრახავს. ჩემი რეაქცია ზოგჯერ გაბრაზებაა, ზოგჯერ — იუმორით მიდგომა. ხანდახან მართლაც სასიამოვნოა, როცა ხვდები, რომ მკითხველის გონება შემოქმედებით პროცესში ჩაერთო შენს ნაწერთან ერთად".
სოლ ბელოუ: "ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა, თუმცა, სიმბოლოების ძიება უაზრობაა".
ჯოზეფ ჰელერი: "ეს ხშირად ხდება და ყოველ შემთხვევაში მათ ამის მიზეზი აქვთ. ბევრჯერ საკუთარი წიგნი იმ მკითხველების დახმარებით, ვინც მასში რეალურზე მეტს ხედავს, უკეთ გამიცნია, მიუხედავად იმისა, რომ ამ 'მეტის' შესახებ მე არაფერი ვიცოდი".
ჯონ აპდაიკი: "ხანდახან. როგორც წესი, ისინი იმ სიმბოლოებსაც არ ამჩნევენ, რაც რეალურადაა".
ჯეკ კერუაკი: "ორივე [რეაქცია მქონია]. გააჩნია, რამდენად დაკავებული ვარ".
კითხვა 3:
ფიქრობთ თუ არა, რომ დიდმა კლასიკოსებმა გაცნობიერებულად და გამიზნულად გამოიყენეს სიმბოლოები მათ შემოქმედებაში? გგონიათ, რომ ეს გაუცნობიერებლად მოხდა?
ჯონ აპდაიკი: "ზოგიერთი მათგანი ასე მოიქცა (ჯოისი, დანტე) სხვებზე მეტად (ჰომეროსი), თუმცა, შეუძლებელია, თხრობის ხელოვნების რომელიმე ღირებული ნიმუში გაიხსენო, რომელსაც გარკვეული სიმბოლიზმი არ სდევს თან".
რეი ბრედბერი: "ამ კითხვაზე პასუხი თავადვე უნდა მოიძიოთ".
ჯოზეფ ჰელერი: "ვფიქრობ, რაც უფრო დახვეწილია მწერალი, მით ნაკლებ სიმბოლოს იყენებს მისი ზედმიწევნითი გაგებით და მეტად ცდილობს, სიმბოლიზმის ეფექტი სხვაგვარად მიიღოს".
რალფ ელისონი: "ადამიანი სიმბოლოების შემქმნელი და მისი გამომყენებელი ცხოველია. ენა, თავის მხრივ, კომუნიკაციის სიმბოლური ფორმაა. ყველა დიდმა მწერალმა სიმბოლოები საკუთარი შემოქმედების ფორმის სამართავად გამოიყენა. ზოგიერთმა, ეს გაუცნობიერებლად გააკეთა, შემდეგ აღმოაჩინა და განავითარა. დანარჩენები გამიზნულად მოიქცნენ ასე და, გარკვეულწილად, ამ სიმბოლოებით შემოქმედებასაც მიანიჭეს ფორმა".
ჯეკ კერუაკი: "კარგი, რა! ყველანაირი 'კლასიკა' არსებობს — ჯოისმა გამოიყენა სიმბოლიზმი, სტერნმა კი — არა".
კითხვა 4:
რამის აღნიშვნა ხომ არ გსურთ ამ საკვლევ თემასთან დაკავშირებით, ან საკითხი, რომელიც, თქვენი აზრით, მსგავსი კვლევისთვის შესაფერისია?
რიჩარდ ჰიუზი: "რას იტყოდით გაუცნობიერებელი სიმბოლიზმის შექმნაზე კითხვის პროცესში, რომელიც იმავეს წერის პროცესში გაკეთებისგან განსხვავდება?"
ჯეკ კერუაკი: "სიმბოლიზმი 'მხატვრულ შემოქმედებაში' ნორმალურია, თუმცა, მე, უბრალოდ, იმ ხალხის თავს მომხდარ ისტორიებს ვყვები, რომელსაც თავად ვიცნობდი".
ჯონ აპდაიკი: "უმჯობესი იქნება, ამ თემაზე დამოუკიდებლად თუ იფიქრებ".
აირის მერდოკი: "ჩვეულებრივ ცხოვრებაში იმაზე მეტი სიმბოლიზმია, ვიდრე ზოგიერთი კრიტიკოსი აანალიზებს".
რეი ბრედბერი: "ბევრს ვერაფერს გეტყვი, მხოლოდ გაგაფრთხილებ, რომ ამ ყველაფერს მეტისმეტად სერიოზულად არ მიუდგე, თუკი მომავალში მწერლობაზე ფიქრობ. სხვა საქმეა, თუ კრიტიკოსობას აპირებ. სიმბოლოებით თამაში, კრიტიკოსის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, ბავშვურ თამაშს დაემსგავსოს. ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს. რომანსა და ამბავში კი ბევრად ღირებული რაღაცებიც არსებობს... ადამიანურობა, პერსონაჟის ანალიზი, სიმართლე და მისი ხარისხი... კარგი სიმბოლიზმი ისეთივე ბუნებრივი და შეუმჩნეველი უნდა იყოს, როგორც სუნთქვა".
კომენტარები