ძალადობის მსხვერპლი ქალი უკვე მეოთხე წელია ცრუ ბრალდებით იხდის სასჯელს — საფარი
პენიტენციური სამსახურის #5 დაწესებულებაში სასჯელს იხდის ქალი, რომელიც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გამო პოლიციას მიმართა, კაცმა ბავშვების ცემა დააბრალა. საპატიმროშია კაციც, რომელმაც შვილებზე და ცოლზე ძალადობა აღიარა. თუმცა, იგი ციხეს უფრო მალე, რამდენიმე თვეში დატოვებს, ქალი კი სასჯელს უკვე მეოთხე წელია იხდის და საპროცესო შეთანხმებაზეც უარს ამბობს, რადგან ამისთვის ბრალის აღიარებაა საჭირო.
ინგა კაპანაძის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი იცავს. იურისტი, ელისო რუხაძე ამბობს, რომ მათ ქალი 2018 წლის ივლისში, არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებიდან რამდენიმე კვირაში დაუკავშირდა. იგი შიმშილობდა და დახმარებას ითხოვდა.
ადვოკატის თქმით, მამამ შვილებს დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა აიძულა და ქალს გამამტყუნებელი განაჩენი სწორედ ამის საფუძველზე გამოუტანეს.
"წარმოუდგენელ სისასტიკეს ჩადიოდა ბავშვების მიმართ. ბავშვებიც უპირობოდ ემორჩილებოდნენ მამას, ვინაიდან, ძალიან ეშინოდათ და იცოდნენ, რა დოზით შეიძლებოდა მამისგან განხორციელებულიყო ძალადობა — დედის მიმართ ჩადენილ ძალადობას უყურებდნენ ინტენსიურად", — ამბობს ელისო რუხაძე.
იურისტის თქმით, ქმარმა ცოლს შვილებზე ძალადობის ბრალდებით იმიტომ უჩივლა, რომ ქალმა გაბედა და მის მიმართ მრავალწლიანი ძალადობის შემდეგ, პოლიციაში დაასმინა.
"ინგა იტანდა ამ ძალადობს, მაგრამ, ბოლო წლებში უკვე ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა მისი ქმარი. იყო ასეთი საუბრები, რომ ცოლი უნდა გაეცვალა ნარკოტიკში. ეს საუბარი მოისმინა ინგამ და ძალიან შეშინდა. მან დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება, თუმცა ბოლომდე ვერ თქვა სათქმელი, ვინაიდან ქმარმა მოუსწრო სახლში. საპატრულო პოლიცია, რა თქმა უნდა, მივიდა, მაგრამ ქმარი უკვე სახლში იყო. მან გაუფანტა ეჭვები [პოლიციას], დაუდგინდა ნარკოტიკული თრობა და დააჯარიმეს 500 ლარით", — გვიყვება ელისო რუხაძე.
მისი ინფორმაციით კაცმა ქალს ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი დარეკა პოლიციაში და თქვა, რომ მისი ცოლი შვილებზე ძალადობდა.
"ქმარი არის ძალიან ბევრჯერ ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და მან კარგად იცოდა, მტკიცებულებები როგორ უნდა შეექმნა. სცემა, შემდეგ მოუჭირა ხელი ყელის არეში და სასმელი, არაყი, იძულებით ჩაასხა პირში. დარეკა პოლიციაში და თქვა, თითქოს ინგა კაპანაძე სცემდა შვილებს. მართლაც, მიიყვანეს ინგა პოლიციაში. დაკავებისას მას ჰქონდა 10-მდე დაზიანება, ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანებები. მიუხედავად ამისა, მოვლენები განვითარდა წარმოუდგენლად ტრაგიკულად", — გვიყვება ელისო რუხაძე.
მისი თქმით, აშკარა მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ კაცს დაუჯერა და არა ქალს. ინგა კაპანაძე დააკავეს.
საჩივრის გამოტანა შვილებისა და მანქანის დათმობის სანაცვლოდ
საფართან ერთად, უკვე საპატიმროში მყოფმა ქალმა თავად უჩივლა ქმარს ძალადობისთვის. ამის შემდეგ, როგორც რუხაძე ამბობს, მასთან მივიდნენ კაცის ადვოკატები და გარიგება შესთავაზეს — თუ ინგა მის სახელზე არსებულ მანქანას ქმარს გადაუფორმებდა და ბავშვების ნახვაზე უარს იტყოდა, მის წინააღმდეგ დავას შეწყვეტდნენ.
"რატომ არ უნდოდა ბავშვები ენახა ინგას? ეს იყო იმით განპირობებული, რომ თუ ბავშვები იქნებოდნენ დედასთან, ან, მინიმუმ, ნეიტრალურ სივრცეში, იტყოდნენ სიმართლეს, რომ მამამ აიძულა ჩვენების მიცემა. ამიტომ, მამას და მის ადვოკატებს ეს არ აწყობდათ და ბავშვებზე იყვნენ ჩაბღაუჭებული მთელი ძალით", — ამბობს რუხაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, ინგა კაპანაძემ ამ გარიგებაზე უარი თქვა. მას ჰქონდა იმედი, რომ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებდა. როგორც ელისო რუხაძე ამბობს, ამ უარის შემდეგ, კაცმა მოქმედების სტრატეგია შეცვალა — მან ციხეში მიაკითხა ცოლს, შვილები მიუყვანა და სცადა დაერწმუნებინა, რომ მის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი გამოეტანა.
"ინგას და ბავშვების შეხვედრა იყო ძალიან სენსიტიური. მთელი ციხე ტიროდა, იმდენად თბილი და მძიმე შეხვედრა იყო. ბავშვები ჩაეხუტნენ დედას, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს ძალადობაში ედებოდა ბრალი, ეს კამერებმაც ასახეს და ჩვენ, მოგვიანებით, ამ შეხვედრის მოწმე ციხის თანამშრომლების ჩვენებები გამოვიყენეთ საქმეში. ქმარი დაჰპირდა ინგას, რომ ბავშვებს ათქმევინებდა სიმართლეს და ინგა ციხეს დატოვებდა", — ამბობს რუხაძე.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ინგა საფარის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებდა და ქმარი იძულებული გახდა, მას დაკავშირებოდა. ელისო რუხაძის ინფორმაციით, კომუნიკაციისას კაცმა მის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაჰპირდა, რომ ბავშვებს იმას ათქმევინებდა, რასაც მოისურვებდა.
იურისტმა ეს სატელეფონო საუბარი, რომელიც 2019 წლის 6 მარტს შედგა, ჩაიწერა და პროკურატურაში მიიტანა. გარდა ამისა, ის ითხოვდა კაპანაძის ქმრის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას. რუხაძის თქმით, პროკურატურას არც ამის შემდეგ ჰქონია ადეკვატური რეაგირება.
ამის საპასუხოდ, ქმარმა ინგა კაპანაძე შვილებზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან გამოიყენა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ქალი შვილებს დედის დღეს ულოცავს და პოლიციას უთხრა, რომ იგი ციხიდან ძალადობდა ბავშვებზე. ინგას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და შვილებთან სატელეფონო კომუნიკაციაც აუკრძალეს.
ელისო რუხაძემ შემაკავებელი ორდერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი ინფორმაციით, ჩატარდა 5 პროცესი და გამოიკითხა 12 მოწმე, რომელთაგან ერთ-ერთმა საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
იურისტი გვიყვება, რომ ერთ-ერთ პროცესზე კაცმა შვილები მათი სურვილის წინააღმდეგ მიიყვანა. რუხაძის განმარტებით, მსგავს პროცესებზე ბავშვების დასწრება არ შეიძლება.
"მოსამართლემ იკივლა, როდესაც ბავშვები შემოიყვანა დარბაზში და მათ ხელბორკილდადებული დედა ნახეს — გახევებულები იყვნენ და ფერწასულები. ეს იყო ძალიან დიდი დარღვევა ბავშვთა უფლებების", — ამბობს რუხაძე.
ადვოკატის თქმით, გამოჩნდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ შეესწრო მამისა და ბავშვების საუბარს პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს ეზოში.
"ამ მოწმემ მოისმინა, როგორ ამეორებინებდა ბავშვებს, რომ დედა ცუდია, უნდა თქვათ, რომ დედა ძალადობს თქვენზე, ამას თუ არ იტყვით "დაგვერხევა" ყველას. მას შემდეგ, რაც პირველი პროცესი დასრულდა, ის მომიახლოვდა მე და მომიყვა ეს ყველაფერი. მისი ნათქვამი დაადასტურა კამერების ჩანაწერებმაც [...] ეს მოწმე სხვა პროცესზე იყო, გვერდით დარბაზში, მაგრამ, რატომღაც ამ ბავშვების ისტორიამ ძალიან დააინტერესა ეტყობა. მე არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა. მჯერა, რომ ეს იყო მოქალაქეობრივი ვალის შესრულება", — ამბობს ელისო რუხაძე.
ქმრის დაკავება
ადვოკატთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერების, ნეიტრალური მოწმისა და ბავშვების ჩვენების საფუძველზე, საბოლოოდ, ინგა კაპანაძის ქმარი 2019 წლის მაისში დააკავეს.
კაცმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლო მოითხოვა. ელისო რუხაძე ფიქრობს, რომ ეს საქმის გაწელვის მცდელობა იყო, რადგან მას შემდეგ, რაც 12-ვე ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს, ადვოკატებმა, მოულოდნელად, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოისურვეს.
ინგა კაპანაძე და მისი ადვოკატი საპროცესოს დათანხმდნენ, რადგან არ სურდათ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებიც იქამდე 15-ჯერ იყვნენ დაკითხულები, ნაფიცმსაჯულთა წინაშე გამოკითხვით კიდევ უფრო დაემძიმებინათ.
"შედგა საპროცესო შეთანხება, მამამ აღიარა უმძიმესი ძალადობები ბავშვების წინააღმდეგ. შეუფარდეს სამწელნახევარი, საიდანაც ორწელნახევარს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ერთი წელი პირობითი", — ამბობს რუხაძე.
საპროცესო შეთანხმებამ მოიცვა ცოლზე ძალადობაც. საბოლოო ჯამში, ის უფრო მალე დატოვებს საპატიმროს, ვიდრე ინგა კაპანაძე.
უარი აღიარებაზე
აღსანიშნავია, 2020 წლის მაისში, როდესაც ინგა კაპანაძეს პატიმრობის ორი წელი უსრულდებოდა, პროკურატურამ მას დანაშაულის აღიარების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება შესთავაზა. ელისო რუხაძე ამბობს, რომ გამომძიებელი დაახლოებით 3-ჯერ იყო ინგასთან ციხეში და არწმუნებდა, საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებულიყო, ასევე, დაახლოებით 5-ჯერ დაურეკა პროკურორმა თავად ადვოკატს.
"2020 წლის მაისში ინგა კაპანაძე გარეთ იქნებოდა, რომ ეღიარებინა [დანაშაული]. მან კატეგორიული უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე. თქვა, რომ თავისუფლებას შვილების სანაცვლოდ არ ყიდდა. მაშინ, როდესაც მისი ქმარი, როგორც კი შესთავაზეს საპროცესო, სიხარულით დათანხმდა", — ამბობს ელისო რუხაძე.
ბავშვები მინდობით აღზრდაში
ელისო რუხაძის თქმით, მისი დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ, ბავშვები სოციალურმა სამსახურმა მინდობით აღზრდაში, კახეთის ერთ-ერთ სოფელში გადაიყვანა. ადვოკატი ამბობს, რომ ინგა კაპანაძის ქმრის დაპატიმრების შემდეგ, მამის მობილური ტელეფონი უფროსი შვილის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ადვოკატის ნომერი იპოვა და რამდენჯერმე დაურეკა.
"ბავშვები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ჰქონდათ სუიციდის მცდელობა, საჭმელს არ ჭამდნენ დღეების განმავლობაში [...] ჰქონდათ ორმაგი დანაშაულის სინდრომი. ანუ, ერთი მხრივ, გააანალიზეს, რომ დედის წინააღმდეგ ძალიან მძიმე ჩვენება მისცეს და მეორე მხრივ, მამას ვერ უსრულებდნენ პირობას, ვინაიდან, მან დაკავების დროსაც უთხრა და მერეც, ადვოკატის მეშვეობით წერილი გაუგზავნა, სადაც კატეგორიულად მოსთხოვა, რომ არანაირი ჩვენება არ მიეცათ მის წინააღმდეგ", — ამბობს რუხაძე.
ელისო რუხაძე გვიყვება, რომ თავიდან ბავშვებს ძალიან უჭირდათ აღმზრდელთან კომუნიკაცია, ამიტომ, მან უფროსს, რომელიც იმ დროისთვის 12 წლის იყო, შესთავაზა დაეწერა რვეულში ის, რაც აწუხებდა და რაზეც ვერ საუბრობდა.
"სწორედ იქ დაწერა დეტალურად ყველაფერი — დაახლოებით 12-15 ეპიზოდია: როგორ სცემდა მამა დედას; მერე თავად [ბავშვებს] სცემდა; რატომ სცემდა, რა იყო მიზეზი; როგორ აიძულებდა სასამართლოში ჩვენების მიცემას; როგორ მოიხმარდა მამა ნარკოტიკს მათ წინაშე; როგორ აიყვანა პარტნიორი ქალი მათთან ერთად სახლში და ა.შ. მოკლედ, მთელი უბედურებების ნუსხა არის ჩამოწერილი", — ამბობს რუხაძე.
მას შემდეგ, რაც ინგა კაპანაძის ქმარი ცოლსა და შვილებზე ძალადობისთვის დამნაშავედ ცნეს და საპროცესო შეთანხმება შედგა, ელისო რუხაძემ გადაწყვიტა, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე დაეწყო. ეს არის ბავშვების იძულება, დედის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება.
იურისტი ამბობს, რომ დაპირების მიუხედავად, პროკურატურა ამ საქმის გამოძიებას არ იწყებს.
"მათ იციან, რომ თუ ამას გააკეთებენ, ინგას მიმართ შეცდომები უნდა აღიარონ და სწორედ ამიტომ, აღარაფერს აკეთებენ", — ამბობს რუხაძე.
ადვოკატის თქმით, ინგა კაპანაძის გასამართლებლად საქართველოში ყველანაირი რესურსი ამოწურულია და ამიტომ აპირებს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს. თუ დამტკიცდება, რომ ბავშვებს ცრუ ჩვენების მიცემა მამამ აიძულა, ეს იქნება არგუმენტი იმისთვის, რომ ინგა კაპანაძის ბრალდება შვილებზე ძალადობის შესახებ გადაიხედოს.
"დარწმუნებული ვარ, ევროპული სასამართლო ძალიან ბევრი მუხლის დარღვევას დაადგენს, ვინაიდან, პროკურატურამ არათუ ინგას ინტერესები უგულებელყო, არამედ არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს საერთოდ გადაუსვა ხაზი", — ამბობს ელისო რუხაძე.
გადადებული გათავისუფლება
ადვოკატის განცხადებით, დედის დაბრუნება ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ, მან გადაწყვიტა, ინგა კაპანაძის პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა და ქალი ე.წ. ელექტრონულ სამაჯურთან ერთად გაეთავისუფლებინათ. ამისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს მიმართა. საბჭომ სამჯერ უთხრა უარი ინგა კაპანაძეს. ელისო რუხაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
"პროცესზე, როდესაც ბავშვი აძლევდა ჩვენებას, მოსამართლემ ძალიან სენსიტიური ამბები ჩაიდინა, მათ შორის, ტკბილეულით სავსე ჩანთა დაუდო და ჰკითხა, რა უნდოდა საახალწლოდ. ეგონა, რომ ბავშვები ამაზე ყურადღებას გაამახვილებდნენ. მათი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ დედა დაბრუნებულიყო სახლში. ერთ-ერთმა მოსამართლეს უთხრა, რომ დედას არასოდეს უძალადია მათზე და რომ მამამ აიძულა ეს ყველაფერი [ცრუ ჩვენების მიცემა]", — გვიყვება ელისო რუხაძე.
სასამართლო პროცესი ინგა კაპანაძემ მოიგო. 2021 წლის 7 იანვრამდე, შობამდე, იგი შვილებთან უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, პენიტენციურმა სამსახურმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ინგა კაპანაძე დღემდე პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლო 10 მარტს არის ჩანიშნული.
"სამარცხვინო საქციელს სჩადის პენიტენციური დეპარტამენტი. ზუსტად იცის, რომ ვერ მოიგებს ამ პროცესს. ჩვენ იმდენი მტკიცებულებები წარვადგინეთ... ბავშვები უკვე საჭმელს არ ჭამენ და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, ყოველ დღე მირეკავენ, რომ დავუბრუნო დედა", — ამბობს რუხაძე.
კითხვის პასუხად, რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს პენიტენიურ სამსახურს, ელისო რუხაძე ისევ პროკურატურის შეცდომებზე მიუთითებს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროკურატურასთან შეთანხმებული და საერთოდ, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ეს ქალი გაწიროს ბოლომდე. თავის დროზე პროკურატურამ დაუშვა შეცდომა და ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც ინგას სასარგებლოდ იყო, არ წარადგინა. ამ ყველაფერს, აუცილებლად წარვადგენთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", — აცხადებს ელისო რუხაძე.
თავად პენიტენციურ სამსახურში On.ge-ს კანონმდებლობაზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივ საბჭოს აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილება დაიცვას, მათ შორის, სასამართლოშიც.
"ვინაიდან ადგილობრივმა საბჭომ მიიჩნია, რომ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის პატიმრობის შეცვლა შინაპატიმრობით არ არის მიზანშეწონილი, ამ პოზიციას საბჭო იცავს სასამართლოშიც, რის საშუალებასაც მას საპროცესო კანონმდებლობა აძლევს. სწორედ ამიტომ გაასაჩივრა საბჭომ სასამართლოს გადაწყვეტილება", — აცხადებენ უწყებაში.
On.ge დაუკავშირდა პროკურატურასაც. ჯერჯერობით, უწყება ბრალდებებს არ პასუხობს.
როდის მიიღებს წარმოებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეს — ინგა კაპანაძე საქართველოს წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. იქამდე სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეძლებს თუ არა ინგა კაპანაძე პატიმრობის ბოლო წელი სახლში, შვილებთან ერთად გაატაროს.
ინგას ქმარი ციხეს მიმდინარე წლის ოქტომბერში ტოვებს — სასჯელის დარჩენილ ერთ წელს ციხის გარეთ მოიხდის. მას ამ ეტაპზე მშობლობის უფლება შეზღუდული აქვს. ელისო რუხაძე აცხადებს, რომ ინგა კაპანაძის სურვილის შემთხვევაში, გამორიცხული არაა, კაცს მშობლობის უფლება საერთოდ ჩამოართვან. მით უმეტეს, რომ ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ იმ საქმის გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, მამა შვილებს დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა.
ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საქმეს სახალხო დამცველიც შეისწავლის.
კომენტარები