დაუმორჩილებლობის აქციაზე მყოფ აქტივისტებზე, რომლებსაც გადაადგილების შეზღუდვა სხვა დროსაც აქვთ დარღვეული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

"19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით", — განუცხადეს On.ge-ს უწყებაში.

ეს მუხლი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას ეხება და ისჯება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.", — ვკითხულობთ კოდექსში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაუმორჩილებლობის აქციაზე იდენტიფიცირებულია 51 პირი. მათვეი თქმით, აქედან 8 ადამიანი 2 000 ლარით დააჯარიმეს გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, 24 პირზე კი დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. აქტივისტები აცხადებენ, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია 7 თებერვალს, გამართეს. აქცია მიმდინარეობდა ბათუმშიც. მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, როგორც კომენდანტის საათის მოხსნას, ასევე, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს სრულად აღდგენას.