კლიმატის ცვლილებასთან, ნარჩენებთან და გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები მეტად კომპლექსური ჩანს. ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რომელიც ხშირად დამაბნეველი ენით არის გადმოცემული.

არაკომერციული საგანმანათლებლო პროექტი, პარკი არ მინდა, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფაქტორების, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამ სტატიაში სწორედ მათ მიერ რეკომენდებულ ფილმებს წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენი პლანეტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალზე დაგაფიქრებთ.

1. 2040

2040 შერეული მახასიათებლების მქონე დოკუმენტური ფილმია, რომლის ხედვაც მომავლისკენაა მიმართული. მიუხედავად ამისა, დოკუმენტური ნამუშევრის რელევანტურობა დღეს ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი.

2040-ის შექმნის იდეა არაერთგზის პრიზიორს, რეჟისორ დეიმონ გეიმოუს (ფილმ შაქრის შემქმნელი) გაუჩნდა. 4 წლის გოგო, რომელიც პლანეტის ბედით იყო შეშფოთებული, მამამისის მოტივატორი გახდა. დეიმონი დიდ მოგზაურობაში გაემგზავრა იმისათვის, რომ შეხვედროდა ინოვატორებს და ცვლილების შემოქმედებს ეკონომიკის, ტექნოლოგიის, სამოქალაქო საზოგადოების, მეურნეობის, განათლების და მდგრადობის სფეროებში.

მათი გამოცდილებებიდან გამომდინარე, მას სურდა, ეპოვა საუკეთესო გამოსავალი, რაც ჩვენი პლანეტის დასახმარებლად და მასზე მოსახლე სოციუმების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დღეს ხელთ მოგვეპოვება. საზღვაო პერმაკულტურიდან დეცენტრალიზებულ განახლებად ენერგოპროექტებამდე, მან აღმოაჩინა, რომ ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და თავისი ხელებით იწყებს ცვლილებას.

ეს მოგზაურობა 2040-ის დასაწყისად იქცა; ისტორია იმედზე, რომელიც გვამცნობს რეალურ შესაძლებლობებზე გლობალური დათბობის პროცესის შესაბრუნებლად და, ამავდროულად, ყოველი ცოცხალი არსების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ეს არის პოზიტიური ხედვა იმისა, თუ რა შეიძლება იყოს დისტოპიური მომავლის ნაცვლად.

2. THE TRUE COST

"...ამ ფილმის იდეის შემუშავება მაშინ დავიწყე, როცა არაფერი ვიცოდი მოდის შესახებ. დავიწყე უმარტივესი კითხვებიდან. აღმოჩენილმა ინფორმაციამ სამუდამოდ შეცვალა ჩემი შეხედულება სამოსის შესახებ. იმედი მაქვს, რომ თქვენც იგივეს იგრძნობთ..."

ასე იწყებს რეჟისორი ენდრიუ მორგანი ფილმს The True Cost. იგი სვამს ისეთ მარტივ და მკაცრ კითხვებს, როგორიცაა: "რის თქმას ვცდილობთ საკუთარი თავის შესახებ ჩვენი ტანსაცმლით?" ან "გვესმის, რა იმალება ჩვენი სამოსის წარმოების უკან და რა არის მისი რეალური ღირებულება?"

დოკუმენტური ფილმი The True Cost დაგეხმარებათ, უკეთ გაეცნოთ, თუ როგორ მუშაობს მოდის ინდუსტრია.

საუბარია ტანსაცმელზე, რომელსაც ჩვენ ვიცვამთ, ადამიანებზე, რომლებიც მათ ქმნიან და გავლენაზე, რომელსაც ინდუსტრია ჩვენს სამყაროზე ახდენს. ტანსაცმლის ფასი ათწლეულების განმავლობაში მცირდება, ხოლო ადამიანის და გარემოსდაცვითი ხარჯები მკვეთრად გაიზარდა.

ფილმი The True Cost არის ერთგვარი "თვალის ახელა". იგი სამუდამოდ შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას სწრაფი მოდისადმი.

3. THE STORY OF PLASTIC

პლასტმასის ბოლო ყოველთვის ნაგვის ურნაა. ერთ დროს საოცარ ინოვაციად მიჩნეული პლასტმასა, დღეს გლობალურ პრობლემად იქცა, რომელიც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ყველა ცოცხალ არსებას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინფორმაციით, პლასტმასის შეფუთვების

  • 32 პროცენტი, საბოლოოდ, გარემოს აბინძურებს.
  • 40 პროცენტი ნაგავსაყრელებზე ხვდება
  • 14 პროცენტი იწვება
  • 14 პროცენტი რეციკლირდება, აქედან მხოლოდ 2 პროცენტია ეფექტურად რეციკლირებული.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს პლასტმასის გლობალური წარმოშობისა და წარმოების ჯაჭვზე, მათ გავლენაზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის გთავაზობთ ამომწურავ და მრავალფეროვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ აღმოჩნდა პლასტმასა ყველგან. თუ გსურთ, შეიტყოთ მეტი ამ სახიფათო წარმომაქმნის შესახებ, რათა უფრო გონირილად მოიხმაროთ იგი და მაქსიმალურად შეამციროთ მისი საჭიროება ყოველდღიურობაში, გირჩევთ, აუცილებლად უყუროთ The Story of Plastic-ს.

4. A PLASTIC OCEAN

პლასტმასის ოკეანე არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც შექმნილია მეცნიერების, სოციალური მეწარმეების, გარემოსდამცველთა და ჟურნალისტების ჯგუფის მიერ. იგი მსოფლიო ოკეანის მყიფე მდგომარეობას იკვლევს და ჩვენი დაუდევარი ცხოვრების წესის შედეგების შესახებ საგანგაშო სიმართლეს ავლენს.

ეს ფილმი პლასტმასის დაბინძურების გლობალურ ეფექტებს ასახავს და გვიჩვენებს იმ სამუშაო ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომელთა გაკეთებაც ყველას შეუძლია — ინდივიდუალურად თუ კოლექტიური ძალისხმევით, რათა ოკეანე სუფთა და მწვანე გახდეს.

5. KISS THE GROUND

Kiss the Ground, რომელიც განუმეორებელი ვუდი ჰარლსონის მიერაა მოთხრობილი, გვთავაზობს კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორის, სათბურის აირების პრობლემის გონივრულ მოგვარებას — რეგენერაციულ აგრონომიას.

ჩვენ ყველას გვჭირდება სიცოცხლისუნარიანი აგრონომიული პრაქტიკა, რომელიც გაამდიდრებს ჩვენს ნიადაგს და არა პირიქით, გამოფიტავს მას. ეს ფილმი გვიჩვენებს არა მხოლოდ შესანიშნავ მაგალითს, თუ როგორ იჭერს რეგენერაციული აგრონომია ნახშირორჟანგს, არამედ იმასაც, როგორ უზრუნველყოფს აღნიშნული მეთოდი ფერმერებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლით.

ფილმი შთამაგონებელი იქნება ქართველი ფერმერებისთვისაც, რომელთაც საკუთარ საქმიანობაში რეგენერაციული მეთოდების დანერგვით ჩვენი პლანეტისთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ.