სტატია შეიცავს სპოილერებს.

ბევრისთვის ბავშვობის ტკბილად გასახსენებელი მომენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტელევიზორის წინ თბილად მოკალათება და ჯადოსნური იაპონური ანიმეს ყურებაა. თუმცა წლების შემდეგ საყვარელი ანიმეების სიუჟეტის ზრდასრული გონებით ყურებისას შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ისინი არც ისე საბავშვო და სახალისოა, როგორც ეს უწინ ჩანდა.

ყოველ შემთხვევაში, თუ გეტყვით, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანიმე, ჩემი მეზობელი ტოტორო, საიამას რეგიონში მომხდარ სასტიკ მკვლელობას შეიძლება ეხმიანებოდეს, დარწმუნებული ვარ, მას აწი სულ სხვა თვალით შეხედავთ.

ფოტო: Studio Ghibli

ცოტა რამ ანიმეს სიუჟეტზე

ჩემი მეზობელი ტოტორო Studio Ghibli-სა და იაპონელ უოლტ დისნეიდ წოდებული ლეგენდარული რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის 1988 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმეა. ფუმფულა არსებამ, ტოტორომ მალევე დაიპყრო იაპონელი ბავშვების გულები. მეტიც, იაპონიაში მისი პოპულარობა დასავლეთში მიკი მაუსის პოპულარობასაც კი შეგვიძლია გავუტოლოთ.

ფოტო: Studio Ghibli

ანიმე მოგვითხრობს ორი დის, საცუკისა და მეის ჯადოსნურ თავგადასავალს. ისინი მამასთან ერთად ქალაქგარეთ გადადიან საცხოვრებლად, რათა საავადმყოფოში მყოფ დედასთან უფრო ახლოს იყვნენ. გოგოები მალევე აღმოაჩენენ სახლში უცნაურ ქმნილებებს — ობობისმაგვარ პატარა, ფუმფულა, ჭვარტლიან მრგვალ არსებებს, რომლებიც ცნობისმოყვარე დებს ტყეში წაიყვანენ. იქ კი ისინი ვეებერთელა, გაბერილ და კიდევ უფრო ფუმფულა არსებას, ტოტოროს შეხვდებიან (თუმცა, სტატიის ბოლოს თავად მოგიწევთ იმის გადაწყვიტა, ეს არსებები მართლაც არიან თუ არა საყვარლები).

ფოტო: Studio Ghibli

როგორც წესი, ცნობილი ანიმეების გარშემო მალევე იქმნება ხოლმე ე.წ. ფან-თეორიები — ფილმის მოყვარულთა მიერ ამავე ფილმის გარშემო გაჩენილი იდეები და სპეკულაციები, რომლებიც ხან არიან სიმართლესთან ახლოს, ხანაც — არა.

თუმცა, ჩემი მეზობელი ტოტოროს გარშემო გაჩენილი ალტერნატიული თეორია განსაკუთრებული სიმძაფრითა და ბრუტალურობით გამოირჩევა. მის თანახმად, საყვარელი პერსონაჟი, ტოტორო, სინამდვილეში, სიკვდილის ღმერთია და დების ისტორია საიამაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.

მართალია, თავად Studio Ghibli მსგავსი კავშირის არსებობას არ ადასტურებს, თუმცა თავად თეორია მხოლოდ იმ მიზეზითაც არის საინტერესო, რომ ხელოვნების ნიმუშის განსხვავებული ინტერპრეტაციების საკითხებზე გვაფიქრებს.

რა მოხდა საიამაში


1963 წლის 1 მაისს იაპონიაში, საიამას რეგიონში სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე გოგო გაუჩინარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მისი გვამი ტყესთან ახლოს იპოვეს. სავარაუდო დამნაშავე სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილმა პოლიციის 40-კაციანმა რაზმმა მხოლოდ 22 დღის შემდეგ იპოვა. შედეგად, 23 მაისს კაზუო იშიკავა დააპატიმრეს და მან ციხეში 32 წელი გაატარა გაუპატიურებისა და სასტიკი განზრახ მკვლელობისთვის, რომელიც, მრავალი ადამიანის რწმენით, მას არ ჩაუდენია.

კაზუო იშიკავა დაპატიმრების მომენტში.

ფოტო: Public Domain

იშიკავას მხარდაჭერები მიიჩენევენ, რომ ის დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. იმ დროისთვის იაპონიაში სოციალურ ფენათა უთანასწორობის გამო განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ ბურაკუმინად იდენტიფიცირებული ადამიანები. ბურაკუმინი იაპონურად სოფელში მცხოვრებს ნიშნავს. ამ ტერმინს დაბალი სოციალური ფენის მოსახლეობის მოსახსენიებლად იყენებდნენ, რომლებიც გასულ საუკუნეშიც კი წარმოუდგენელი მასშტაბის დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ. მათ გაუნათლებელ, უპოვარ, მორალისგან დაცლილ და ყველაფერზე წამსვლელ ადამიანებად მიიჩნევდნენ.

იშიკავა სწორედ ბურაკუმინი იყო და მისი მხარდაჭერთა აზრით, ამ გარემოებამ შეუწყო ხელი იმას, რომ მასზე, როგორც საზოგადოების ამორალურ წევრზე, ეჭვი მიიტანეს.

იშიკავას დაპატიმრებიდან მალევე საიამაში უცნობმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელის სისხლის ჯგუფი იშიკავასას ემთხვეოდა, ხოლო მისი კალიგრაფია იმ წერილის ხელწერას ჰგავდა, რომლითაც მკვლელმა გატაცებული გოგოს ოჯახისგან გამოსასყიდი მოითხოვა. ამ გარემოებებმა ბევრს აფიქრებინა, რომ მკვლელი, შესაძლოა, სწორედ ის ყოფილიყო და არა იშიკავა.

იშიკავა 1994 წელს შეიწყალეს, თუმცა ის სამართლებრივად კვლავ მიიჩნევა საიამაში მცხოვრები გოგოს მკვლელად.

ახლა როცა მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვიცით, მთავარი კითხვა ისაა, რა აძლევთ ფანებს იმის საბაბს, რომ ანიმე სასტიკ მკვლელობას დაუკავშირონ და ტოტორო სიკვდილის ღმერთად მოიხსენიონ. ამის გასარკვევად რამდენიმე დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

პატარ-პატარა დამთხვევები

თეორიის დამცველებს საეჭვოდ ეჩვენებათ ის გარემოება, რომ დების სახელები, მეი და საცუკი მკვლელობის ჩადენის დროის აღმნიშვნელ სიტყვებს ემთხევვა. საცუკი იაპონურად მაისს ნიშნავს, ისევე, როგორც მეი ინგლისურ ენაში აღნიშნავს მაისს.

ფოტო: Studio Ghibli

დროის გარდა, ანიმეს მკვლელობასთან ადგილიც აკავშირებს. სიუჟეტი ტოკოროძავაში ვითარდება, რომელიც საიამას მეზობლად მდებარეობს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ჰქვია ანიმეს ჩემი მეზობელი ტოტორო. გარდა ამისა, საავადმყოფოს, სადაც მეისა და საცუკის დედა მკურნალობდა, shichikoku byouin ერქვა. ქალაქ საიამაში მართლაც არსებობს მსგავსი დასახელების საავადმყოფო — hachikoku byouin.

ფოტო: Studio Ghibli

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში უშუალოდ ქალაქის სახელი, საიამაც ჩნდება. იაპონური ენის არცოდნის გამო, ბევრისთვის ეს დატალი შეუმჩნეველი დარჩებოდა: მოხუცი ქალის უკან ყუთზე წარწერა იაპონურიდან ითარგმნება, როგორც "საიამას ჩაი".

ფოტო: Studio Ghibli

რა არის ტოტორო?

იაპონურ კულტურაში ფესვგადგმულია მოსაზრება, რომ ზღვარი ჩვენს რეალობასა და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ძალიან მყიფეა და მისტიკური არსებები ჩვენ ირგვლივ არსებობენ. ანიმეს სიუჟეტის მიხედვით, ტოტოროს დანახვა მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, მაგრამ ერთ-ერთი ბავშვი პერსონაჟი, მოხუცი ქალის შვილიშვილი, კანტა მას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარე, თეორიის დამცველები ამტკიცებენ, რომ ტოტორო სიკვდილის ღმერთია და მისი დანახვა ბავშვებს კი არა, მხოლოდ გარდაცვლილებს ან გარდაცვალების პირას მყოფ ადამიანებს შეუძლიათ. როგორ ხსნის ეს დაშვება პროტაგონისტი დების ისტორიას?

ფოტო: Studio Ghibli

ანიმეს მიხედვით, უმცროსი და, მეი მოულოდნელად უკვალოდ გაუჩინარდება და საცუკისთან ერთად მთელი სოფელი უშედეგოდ ეძებს მას. სოფელი მხოლოდ მეის ფეხსაცმელს პოულობს მდინარესთან ახლოს, რაც გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ბავშვი მდინარეში დაიხრჩო.

საბოლოოდ, მეის საცუკი პოულობს უცნაურ გამოქვაბულში, პატარა ჭვარტლიანი არსებების დახმარებით. ფანების თეორიის მიხედვით, გამოქვაბული სიკვდილისკენ მიმავალი გზა იყო, რომლის გავლითაც საცუკი გარდაცვლილ მეის შეხვდა.

სიუჟეტის აღნიშნული ნაწილი შეგვიძლია ლოგიკურად დავაკავშიროთ საიამას შემთხვევას. გაუჩინარებულ გოგოს მართლაც ეძებდა უფროსი და, რომელმაც თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც დის მკვლელობის შესახებ გაიგო.

იმაზე, რომ ტოტორო სიკვდილის ღმერთი შეიძლება იყოს, ერთი დეტალიც მიუთითებს. ფინალურ ეპიზოდებში ჩნდება ზღაპრული ავტობუსი, ნეკო, რომელსაც კატის სახე აქვს და დებს ტოტოროსთან ერთად სხვადასხვა ადგილზე ამოგზაურებს. ნამდვილად გულში სითბოს ჩამღვრელია ჯადოსნური ნეკოს ფრენისა და დების ცნობისმოყვარეობისა და გაოცებისგან გაფართოებული მოციმციმე თვალების ყურება. მაგრამ ნიშანდობლვია, რომ საყვარელ, გაბურძგნულ, ფუმფულა კატა-ავტობუსზე გამოსახული დანიშნულების ადგილთაგან ერთ-ერთი იაპონურიდან "სასაფლაოს გზად" ითარგმნება.

ფოტო: Studio Ghibli

მართალია, ოფიციალურად ეს თეორია არ არის დადასტურებული, თუმცა საეჭვო მტკიცებულებების სიმრავლე მას გარკვეულ ვალიდურობას ანიჭებს. თანაც, საყურადღებოა, რომ Studo Ghibli-ის სხვა ისეთი ანიმეებიც აქვს, რომლებშიც ფანები დაფარული მინიშნებების ამოცნობას ცდილობენ. მაგალითად, მოჩვენების მიერ გატაცებულის გარშემო არსებული თეორიის მიხედვით, ყველაზე მისტიკური პერსონაჟი, უსახო, რეალურად, პროტაგონისტ გოგო, ჩიჰიროს მსგავსად მოჩვენებების სამყაროშია ჩარჩენილი; მან დროთა განმავლობაში ადამიანის სახე დაკარგა და ნახევრად გამჭვირვალე მოჩვენებად გადაიქცა.

კიდევ ერთი ანიმე, ციცინათელების სასაფლაო კი ისტორიულ მოვლენებს ეხმიანება. მასში აღწერილი და-ძმის სევდიანი ამბავი მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის დაბომბვის პერიოდს ასახავს. ანიმეს გმირებს, სეიტასა და სეცუკოს, უამრავი რეალური პროტოტიპი ჰყავდა. პატარა, უცოდველ ბავშვებს მართლაც უწევდათ, შიმშილისგან დაუძლურებული დებისა და ძმების სიკვდილისთვის ეყურებინათ.

სიმართლეა თუ არა ზემოთ განხილული თეორია, დანამდვილებით არავინ იცის. თუმცა ის კი ფაქტია, ჰაიაო მიაძაკის ნამუშევრებს ნამდვილად აქვთ ჯადოსნური უნარი, რომ საყვარელი ვიზუალის მიღმა საოცრად ღრმა და ყოვლისმომცველ საკითხებზე დააფიქროს მაყურებელი.