როგორ იცვლებოდა ალეკო ელისაშვილის განცხადებები დროთა განმავლობაში
ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მოქალაქეების ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარლამენტში შევიდოდნენ.
რამდენიმე კვირის წინ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან ერთად პარლამენტში შესვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. თუმცა, მოგვიანებით საერთო აზრს გამოეყო და ქართულ ოცნებასთან შეთანხმებაზე დაიწყო საუბარი. იგი ამტკიცებდა, რომ ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის ცვლილებაა, რაც "საშვილიშვილო საქმე" იქნება.
რამდენიმე განცხადების საფუძველზე კი შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ იცვლებოდა მისი შეხედულებები დროთა განმავლობაში.
პირველი ნოემბერი
"საერთო კონსენსუსია საჭირო. საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იქნას ცნობილი სამართლებრივად უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტისა და ავტომატურად კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები", — ამბობდა ელისაშვილი არჩევნების მეორე დღეს. ის მომდევნო დღეებში ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო, ვინც ეს თქვა და კოლეგებს მათი პოზიციის გაზიარებისკენ მოუწოდებდა.
4 ნოემბერი
ელისაშვილი კატეგორიული იყო მომდევნო დღეებშიც:
"არ ვიცი, ვინ იქნება პირველი და იტყვის, რომ მანდატი მირჩევნია ყველაფერსო, მაგრამ ჩემთვის ჯერ არის კაცობა. მე ალეკო ელისაშვილი ვარ — პირველი, რასაც ცხოვრებაში ვუფრთხილდები, ესაა ჩემი სახელი. მანდატისთვის კი არ დავიბადე, პარლამენტში შესვლისთვის კი არ დავიბადე. როცა შეგაფურთხებენ, თავდახრილი არ უნდა მიხვიდე იქ".
14 ნოემბერი
ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის წინ:
"ველოდები, ქართულმა ოცნებამ ისეთი კომპრომისი შემოგვთავაზოს, რომ პროტესტი აღარ გაგრძელდეს".
20 ნოემბერი
"ჩვენი კომპრომისის სივრცე არის ძალიან შეზღუდული, იმათი კომპრომისის სივრცეა ძალიან დიდი, რადგან ჩვენ არ დაგვიშავებია, ჩვენ არ ჩაგვიტარებია ეს ცუდი არჩევნები, ჩვენ არ მოგვიპარავს ხმები. ჩვენ არ გვითქვამს საოლქოებში უბნების გახსნაზე და გადათვლაზე უარი. ჩვენ არ შეგვიკრებია ერთ საჩივრად ათასობით საჩივარი და ერთი ხელის მოსმით არ გვითქვამს უარი".
"შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს და ისე ვიყოთ, როგორც ვართ — აქეთ ბოიკოტის რეჟიმში და ქუჩაში. არც ამას გამოვრიცხავ და ამის ალბათობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის, რომ კომპრომისამდე მივიდეთ. ჯერჯერობით, გამოსავალს ხელისუფლებას ვთავაზობთ ჩვენ და მათი მხრიდან არის მხოლოდ დუმილი".
25 ნოემბერი
"დღეს პირველად ვნახე, რომ ქართული ოცნება რაღაცებზე დაფიქრდა, ეს ფაქტია. როგორც ჩანს, მათ გააცნობიერეს სიღრმე და მასშტაბი ამ კრიზისის. გააცნობიერეს, რომ სრული ქაოსი და საშინელი ზამთარი გველის. როგორც ჩანს, დაიწყეს რაღაც კონტურების მოხაზვა, რაც, ძალიან კარგია".
7 დეკემბერი
დეკემბერში ელისაშვილს უკვე იმედი გაუჩნდა, რომ ელჩებთან მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმება მიიღწეოდა:
"უნდა დათმოს ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი რაღაცები. მაშინ მოლაპარაკებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც ქართული ოცნება და არც ელჩები. შეიძლება დავიშალოთ ისე, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ და ჩვენ ჩვენ გზაზე წავიდეთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გარკვეული კომპრომისები არის, არასაკმარისი. დანარჩენს სულ ცოტა ხანში გავიგებთ".
9 დეკემბერი
ორ დღეში ელისაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელმაც მის ოპოზიციონერ კოლეგებში ბევრი ეჭვი გააჩინა:
"ახლა რომ გვეუბნებიან, შემოდით პარლამენტშიო... ვინ ოხერი, ვინ შევა?!ის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და იმ მოლაპარაკებებზე მიდის ლაპარაკი პოლიტიკური ფასის გადახდაზე, როგორ უნდა დაისაჯოს ქართული ოცნება ცუდად, საზიზღრად ჩატარებული არჩევნებისთვის. [...] გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველანი".
ამავე საღამოს გამჟღავნდა, რომ მას ევროპულ საქართველოსთან უთანხმოება აქვს:
"[ევროპული საქართველოს წევრები] საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ იცით? იმიტომ რომ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. უნდათ ყველაფერი ჩაშალონ და მე არ მინდა ჩავშალო".
ელისაშვილი ჯერ კიდევ ამბობდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, ოღონდ ამჯერად კონკრეტული პირობებით:
"იყო ერთთვიანი მოლაპარაკებების ძალიან რთული პროცესი. ბევრ დეტალზე არ მოვყვები, მაგრამ შეიცვალა ის, რომ ქართულმა ოცნებამ იმ ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ, უკან დაიხია. დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში. არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა, ბოკერიას პარტია. შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა".
"თუ პოლიტპატიმრები გამოვლენ, ეს ხომ მაგარი მიღწევა იქნება... ვერ ვიტყვი, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა ნაღდად, მაგრამ სერიოზული ლაპარაკი მიდის ამასთან დაკავშირებით...
ამაზე ნუ მკითხავ, მაგრამ ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევდგამ, არც მე და არც ლევანი..."
11 დეკემბერი
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციამ მანდატებზე უარის თქმის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ელისაშვილმა მიიჩნია, რომ ხალხი მოტყუებულია:
"ჩემთვის პოლიტიკოსები იყოფიან ასე — არის ხალხი, რომელიც იტყუება, არის ხალხი, რომელიც არ იტყუება. დღეს ვინც იყო პიონერთა სასახლის ეზოში მისული, ისინი ხალხს ატყუებენ. შე დალოცვილო, თან იძახი, მოლაპარაკებებში ვმონაწილეობო, თან იძახი, მანდატებზე უარს ვიტყვიო. იქ კიდე მემორანდუმს აწერენ ხელს, სადაც წერია, რომ ჩვენ ვამბობთ მანდატებზე უარს".
16 დეკემბერი
"თუ არ დანიშნეს არჩევნები და ერთპარტიულმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა, მერე რას ვშვებით? გვითხარით გეგმა, გვითხარით სტრატეგია, გამოგყვებით, გვითხარით რაში გამოგყვეთ. გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მღელვარება იქნება და რაღაც იქნება. არაფერი გეგმა არ არსებობს. არანაირი გეგმა არ აქვთ".
18 დეკემბერი
"სულ უფრო მცირდება შანსი მოლაპარაკების და ის კარი სულ უფრო იხურება, სამწუხაროდ. როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. დაფინანსების შეწყვეტაზე, პარტიების გაუქმებაზე შანტაჟის ენით ლაპარაკობს ქართული ოცნება და კობახიძე. მეორე მხრივ, ოპოზიცია თან იძახის მოლაპარაკებები მინდა და თან სიებს აუქმებს და მანდატებს ხევს, რაც არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი, ხალხისაც და ელჩებისაც, რომლებსაც ამაში უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული".
22 დეკემბერი
როცა პარლამენტში მინისტრების დანიშვნას განიხილავდნენ, ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის აუცილებლობას კვლავ გაუსვა ხაზი:
"60 ოპოზიციონერი რომ იჯდეს ახლა იქ, ბუნდღა ხომ არ დარჩებოდა იმ მინისტრების".
29 დეკემბერი
"ლამის გვაჯანჯღარებენ მე და ლევან იოსელიანს, რომ შედით პარლამენტშიო. ხალხი, პირდაპირ ჩვენი მხარდამჭერები მოდიან და ლამის გვეჩხუბებიან, რომ შედით, რა დროს ესაა, ნუ ხართ იმათ აყოლილებიო".
12 იანვარი
"ეს არის საშვილიშვილო ამბავი, იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია და ცვლილება ფუნდამენტური საარჩევნო წესების არის სამარადჟამო, რომ დაიბრუნოს არჩევნებმა სანდოობა".
13 იანვარი
"თუ მოხდება დარჩენილი პოლიტმატიმრების გამოშვება, თუ შევთანხმდებით საარჩევნო სისტემის, პროცედურების, კანონმდებლობის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და შევიდეთ პარლამენტში".
14 იანვარი
"პოლიტპატიმრების გამოშვება დაწყებულია. 2 ადამიანი, ბატონი კობალაძე და ხუსკივაძე, თქვენ გგონიათ, უბრალოდ გამოვიდნენ?! თუ შეთანხმება შედგა, მე მგონია, რომ დანარჩენებიც გამოვლენ. მოლაპარაკების პერიოდში გამოვიდა ეს 2 ადამიანი, მოლაპარაკების შედეგია ეს, ვიღაცის ფეხის ბაკუნით კი არ გამოსულან, ჩვენ რომ ქართულ ოცნებას ველაპარაკებოდით მკაცრად, ელჩების თანდასწრებით, იმიტომ გამოვიდნენ".
21 იანვარი
"ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. [...]
ასევე, მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო ქართულ ოცნებას — ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე".
22 იანვარი
პირველი შეხვედრა პარლამენტში, სადაც არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ:
"გამოვედით უფრო ინფორმირებულები. ჩვენი დღევანდელი იქ მისვლის მიზანი არ ყოფილა, ზოგი ამბობს, რომ, აი, ხომ ხედავთ პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ. ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებდა, სერიოზული მზაობა აქვს თუ არა ქართულ ოცნებას იმ 4 საკითხთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მეოთხე რაუნდის შემდეგ, ის მითიური მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა და არადა არ დაადგა საშველი რომ შევხვედრილიყავით. ის შეხვედრა რომ გამართულიყო, რა თქმა უნდა, დღევანდელ ჩვენს პარლამენტში მისვლას აზრი არ ექნებოდა".
28 იანვარი
"საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი [ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი] გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!"
"დღევანდელი გათავისუფლება კარტოგრაფების, ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვას, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს. ჩვენ რას ვამბობდით, რომ პარლამენტში შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება-თქო, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს, რომ ვამბობდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევალთ. ამან ნდობის აღდგენისკენ შექმნა... ეს არის დიდი და კარგი ნაბიჯი. [...]
ხვალ დილით ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, იმიტომ რომ საარჩევნო საკითხები არ არის შეცვლილი".
29 იანვარი
პარლამენტში მეორედ მისვლა:
"ჩვენ, პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ ქართული ოცნების ლიდერებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ხელი მოვაწერეთ, ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე"
კომენტარები