კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეხვედრია. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა, როცა სააკაშვილმა მის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

ივერი მელაშვილი საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის კომისიაში 1996 წლიდან მუშაობდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. პოროკურატურის ბრალი, თითქოს მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ აზერბაიჯანთან საზღვრები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შეათანხმეს, სწორედ 2006-2007 წლების პერიოდს ეხება.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურა თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ამასთან, ადვოკატები სასამართლოს ალტერნატივის სახით თავდებობას სთავაზობდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.