რუსეთში, არხანგელსკის ოლქის ეკოაქტივისტმა, ელენა კალინინამ თოვლის ბაბუების "პიკეტი" მოაწყო. პოლიციამ "პიკეტი" ჩაახშო — თოვლის ბაბუებს ბანერები წაართვეს, ხოლო აქტივისტი განყოფილებაში სასაუბროდ წაიყვანეს.

კლინინამ უჩვეულო აქცია 26 იანვარს არხანგელსკიდან 180 კილომეტრში, ერთ-ერთ სოფელში მოაწყო. მან ოთხი თოვლის ბაბუა გააკეთა და მათ ბანერები დააჭერინა: "ვოვა, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა", "ძირს მეფე", "მშვიდობა ქოხებს! ომი სასახლეებს!" და "ეს ჩვენი ქვეყანაა!".

როგორც აქტივისტმა BBC-ს რუსულ გამოცემას განუცხადა, აქციები ძირითადად დიდ ქალაქებში იმართება, ხოლო სოფლებში არ იკრიბებიან და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა, თავისი პოზიცია რაიმე ფორმით გამოეხატა. მან თოვლის ბაბუები თავის ნაკვეთთან ახლოს, სამანქანო გზის სიახლოვეს დადგა.

"ზოგიერთი მედია წერს, რომ ისინი გაანადგურეს. ჩვენთან სოფელში პოლიციის მხრიდან ასე ვანდალურად არ ხდება ხოლმე. პრინციპში, ადეკვატური პოლიცია გვყავს. ზევიდან უთხრეს, რომ ბანერები ჩამოეხსნათ", — ამბობს კალინინა.

იგი აღნიშნავს, მასზე არც საჩივარი დაწერილა და არც პოლიციას შეუმჩნევია აქტივისტი თოვლის ბაბუები. კალინინა ფიქრობს, რომ მისი აქცია სოციალურ ქსელების თვალთვალის შედეგად აღმოაჩინეს.