დაეკისრა თუ არა რუსეთს პასუხისმგებლობა 8-12 აგვისტოს დანაშაულებებზე — განმარტებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა.
სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
თუმცა, სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. ბუფერულ ზონაზე 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული სამხედრო ძალების ოფიციალურ გაყვანამდე. შესაბამისად, 8-12 აგვისტოს პერიოდის დანაშაულებზე, როცა უშუალოდ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის იურისდიქცია არ გაავრცელა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განმარტებით, სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაზე ორი მთავარი კრიტერიუმით იმსჯელა: ეფექტური კონტროლი და ინდივიდებზე სახელმწიფოს აგენტის უფლებამოსილება და კონტროლი.
"სასამართლომ მის წინა პრაქტიკაზე დაყრდნობით იმსჯელა, რომ შეიარაღებული ოპერაციების დროს, მათ შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული ქმედებები არ შეიძლება ავტომატურად მიიჩნეოდეს ეფექტურ კონტროლად ტერიტორიაზე. დაპირისპირებულ მხარეებს შორის საომარი კონფრონტაციის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მოიპოვოს ეფექტური კონტროლი, ომის ქაოსის პირობებში კონტროლი ტერიტორიაზე არ ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ბრძოლების ძირითადი ნაწილი ხდებოდა იმ ტერიტორიაზე, რაზეც მანამდე ქართული მხარე ახორციელებდა კონტროლს", — აცხადებს EMC.
რაც შეეხება სახელმწიფო აგენტის მიერ ინდივიდებზე კონტროლის განხორციელებას, EMC ამ შემთხვევაში აცხადებს, რომ უნდა დადგინდეს კონკრეტულ ინდივიდებზე განხორციელებული ქმედებები, რომელზე პასუხისმგებელიც მათი ჩამდენი სახელმწიფოა.
რას ნიშნავს ეფექტური კონტროლი?
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენელი საქართველოში, ბესარიონ ბოხაშვილი On.ge-სთან განმარტავს, რომ ეფექტური კონტროლი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მაგალითად, კონკრეტული სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მმართველობის განხორციელებას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს შეიძლება იყოს საჯარისო ფორმირების, მმართველობის ჩვეულებრივი ფორმის ან საპოლიციო ფუნქციების შესრულების სახით. ანუ თუ გარკვეული დროის განმავლობაში, ერთი სახელმწიფო ფაქტობრივად ახორციელებს კონტროლს კონკრეტულ ტერიტორიაზე, სწრედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვაზე.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ერთი სახელმწიფო კონკრეტულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი მმართველობისა თუ სხვა ფუნქციების შესრულებაზე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას ადამიანის უფლებები.
ეფექტური კონტროლი გულისხმობს ისეთ სიტუაციასაც, როცა კონკრეტული დე ფაქტო წარმონაქმნი მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სამხედრო დახმარებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან.
ბოხაშვილის თქმით, ეფექტური კონტროლის განხორციელების სწორედ ეს სამი წინაპირობა აქვს განვითარებული ევროპულ სასამართლოს თავის პრაქტიკაში. მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს ასევე აქვს ნათქვამი, რომ მაგალითად, მხოლოდ საჰაერო კონტროლი არ არის საკმარისი ეფექტური კონტროლისთვის.
"ევროპული სასამართლოს მიხედვით, ცალკეული სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე თუნდაც მცირეხნიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შედეგად ადამიანების უფლებათა დარღვევა შესაძლებელია გახდეს იმის წინაპირობა, რომ მეორე სახელმწიფოს დაეკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა", — ამბობს ბოხაშვილი.
რატომ 8-12 აგვისტო?
ბესარიონ ბოხაშვილის განმარტებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება 8-12 აგვისტოს, რესპონდენტის თქმით, სასამართლოს პოზიციაა, რომ როცა მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები, საკითხავია, ვის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაიცვალა ადამიანი ან რომელი სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინა ბურჯალიანის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს 8-12 აგვისტოს პერიოდში ჩადენილ ზოგიერთ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ნამდვილად დაეკისრა. კერძოდ, ის განმარტავს, რომ რუსეთის მიერ კონვენციის დარღვევა დადგინდა ქართველი ტყვეების წამების, სამოქალაქო პირების უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და არაჰუმანური მოპყრობის ნაწილში 10 აგვისტოდან მოყოლებული. გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა საომარი მოქმედებების დროს, ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის დამყარებამდე, სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოუძიებლობის გამო.
თინა ბურჯალიანი აღნიშნავს, რომ 8-12 აგვისტოსა და შემდგომი პერიოდის გამიჯვნის მიზეზი ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი იყო. სასამართლომ არ გამოიყენა ე.წ. "სახელმწიფო აგენტის ან კონტროლის ტესტი" (state agency or control test), რაც გულისხმობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას სამართალდამრღვევ პირზე კონტროლის გამო. მისი თქმით, ამგვარი ინტერპრეტაციით ევროსასამართლომ შეამცირა კონვენციის ექსტრატერიტორიული გამოყენების ფარგლები.
"ექსტრატერიტორიული იურისდიქციის ასე ვიწროდ განმარტება არასწორია. მაგალითად, თუ კონვენციის წევრმა ერთმა სახელმწიფომ დაბომბა მეორე სახელმწიფოს სამოქალაქო ობიექტები, მან პასუხი უნდა აგოს ტერიტორიაზე კონტროლის მიუხედავად. გვქონდა იმედი, რომ დიდი პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს არაერთგვაროვან პრეცედენტებს დაალაგებდა და სტანდარტს ერთხელ და სამუდამოდ განმარტავდა. ამ გადაწყვეტილებაში, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, რაზეც წუხილი და კრიტიკა ზოგიერთმა მოსამართლემაც გამოთქვა განსხვავებულ აზრებში", — ამბობს ბურჯალიანი.
ის ხაზს უსვამს, რომ საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია არა მხოლოდ ომის სამართალი, არამედ ადამიანის უფლებათა კონვენცია, კონკრეტულად, სიცოცხლის უფლება. მისი თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებები არ განასხვავებდა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს, განზრახ აზიანებდა საცხოვრებელ სახლებს, საფრთხეში აგდებდა სამოქალაქო პირების სიცოცხლეს და არაერთი ადამიანი დაიღუპა. თინა ბურჯალიანის შეფასებით, ევროსასამართლომ მსგავსი ფაქტები უნდა შეაფასოს.
"სასამართლომ ყველაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ მთლიანად რუსეთის იურისდიქცია უნდა გავრცელდეს ასეთ შემთხვევებზე და ქმედებებზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეფექტური კონტროლი კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს მიდგომა კრიტიკას ვერ უძლებს და მისი თავიდან აცილება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთდროული გამოყენებით შეიძლებოდა. " — ამბობს ბურჯალიანი.
თუმცა თინა ბურჯალიანი ხაზს უსვამს, რომ ეს არის სასამართლოს იურიდიული ნიუანსი, რაც არაფრით აკნინებს მთლიან გადაწყვეტილებას და არაფრით ამცირებს რუსეთის პასუხისმგებლობას.
"მე კმაყოფილი ვარ, სიმართლე გითხრათ. როგორც იურისტს, გამიხარდებოდა, რომ კონვენციის პირველი მუხლის ნაკლებად განვითარებული კონცეფციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სასამართლოს ერთხელ და სამუდამოდ განემარტა, ჩამოეყალიბებინა სტანდარტი და გაუგებრობები არ დაეტოვებინა, თუმცა როგორც საქართველოს ადვოკატს ამ საქმეში, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა", — გვითხრა თინა ბურჯალიანმა.
ბესარიონ ბოხაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა იმას, იყო თუ არა საქართველოს ტერიტორია, რომელზეც მოხდა ადამიანის უფლებების დარღვევა, რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ 8-12 აგვისტოს.
თუმცა, ის აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, გზა გაეხსნას ინდივიდუალურ განაცხადებს, რომლებიც ცალკეული მოქალაქეების მიერ შეიძლება იქნეს წარდგენილი სწორედ იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე დაყრდნობით, რაც გადაწყვეტილებაში იქნა იდენტიფიცირებული სასამართლოს მიერ.
რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებების დარღვევას ადგენს, ის სამხედრო კონფლიქტების შეფასებაში არ ერევა და სწორედ ამან განაპირობა 8-12 აგვისტოზე მისი მსგავსი შეფასება.
"8-12 აგვისტოზე შეფასება სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ აქტიური მოქმედებების ფაზა არ არის მისი განსახილველი, რადგან ამ პერიოდში მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალი და ევროპული კონვენცია აქტიურად არ ერთვება ამ ყველაფერში", — აცხადებს ძამაშვილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არა საქართველოსადმი მიმართული, არამედ ზოგადი სტანდარტია და ჰუმანიტარულ სამართალს სხვა სასამართლოები მიხედავენ.
"ამ შემთხვევაში, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს და რომის ტატუტის დარღვევებს ჰააგის სასამართლო იძიებს და ევროპულმა სასამართლომ, პირიქით, მინიშნება გააკეთა, რომ ეს პერიოდი სწორედ ამ მიმართულებით უნდა იქნეს შესწავლილი", — განაცხადა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, 8-12 აგვისტოდან რუსეთი "მშრალად არ გამოსულა" და მეტიც, იმ მკვლელობებზე, რაც ამ პერიოდში მოხდა, ოკუპაციის განგრძობადობიდან გამომდინარე, სწორედ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა.
"ახლა ჩვენ უკვე მინისტრთა კომიტეტის წინაშე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ დანაშაულების გამოძიება მოხდეს ეფექტურად და ზედამხედველობას უკვე ევროპის საბჭო განახორციელებს", — ამბობს ძამაშვილი.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ამ დასკვნის სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობას, მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამის მცდელობა იქნება. თუმცა, მისივე თქმით, ახლა ეს აღარ არის დავა საქართველოსა და რუსეთს შორის და ევროსაბჭოს 47 სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ გადაწყვეტილება ეფექტურად აღსრულდეს.
"მცდელობა, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცის იქნება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ: აქამდე დავა იყო საქართველოსა და რუსეთს შორის, ხოლო ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ეს საქმე არის მთლიანად ევროსაბჭოს ღირსების საკითხი, რომ გადაწყვეტილება აღსრულდეს", — აცხადებს ძამაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად პარტია ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძეც ამბობს, რომ 8-12 აგვისტოს პირობებში პასუხისმგებლობა რუსეთს არ დაეკისრა იმის გამო, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზაში მიმდინარე ქაოსმა არ დატოვა ამის შესაძლებლობა. მისი თქმით, არეულობის პერიოდში რთულია ეფექტური კონტროლის დადგენაც.
"მთავარი ის არის, რომ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა, რომ ის არის ოკუპანტი და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. სასამართლოს არ უთქვამს, რომ არ იყო ეფექტური კონტროლი — ქაოსის გამო, რომელიც ომს ახლავს თან, ამას ვერ ამტკიცებს და თუ ვერ ამტკიცებს ეფექტურ კონტროლს, გადაწყვეტილებას ვერ იღებს პასუხისმგებლობის შესახებ", — განაცხადა კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის განმარტებით, ეს დასკვნა სხვა დავებში ხელისშემშლელი ვერ იქნება და პირიქით, ის ფაქტი, რომ 12 აგვისტოს შემდეგ პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა, ძალიან დაგვეხმარება.
"ის განმარტება, რომ ეს რაიმეში ხელს შეგვიშლის, არასწორია. პირიქით, სხვაგანაც დაგვეხმარება ის ფაქტი, რომ 12 აგვისტოს მერე ჰქონდა ეფექტური კონტროლი და პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც იქ ხდება, შესაბამისად, ის არის ოკუპანტი სახელმწიფო", — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმოხილვაში EMC მიუთითებს მოსამართლე ლადო ჭანტურიას განსხვავებულ პოზიციაზეც, რომლის აზრით, სასამართლოს მითითება მის წინა პრაქტიკაზე არ არის ზუსტი და ამომწურავი, რადგან ეფუძნება სხვა საქმის (ბანკოვიჩი) მოძველებულ გადაწყვეტილებას და არ ითვალისწინებს მის შემდგომ განვითარებულ სასამართლო პრაქტიკას. მისი თქმით, სასამართლომ გამოიყენა არასწორი მეთოდოლოგია, როდესაც შეაფასა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ექსტრატერიტორიული იურისდიქციის საკითხი და ამ გზით შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის ვაკუუმი.
კომენტარები