დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, იგი სასწრაფო დახმარებამ მაშინვე გადაიყვანა ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი, ლუდა სალია მთავარ არხთან ამბობს, მალხაზ ვანიშვილი და მისი ფეხმძიმე ცოლი ოკუპაციის მსხვერპლნი არიან, რადგან ისინი ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.

"მალხაზ ვანიშვილი და მისი ცოლი, რომლებიც დღე-დღეზე შვილს ელოდებიან, არიან ოკუპაციის მსხვერპლნი. იქნებ შევძლოთ და ვინმემ გააკეთოს ეს, რომ ეს ცოლ-ქმარი ერთად იყვნენ, არ იყვნენ ცალკ-ცალკე დაშორებულები. ეს გოგო ძალიან მძიმე, სტრესულ მდგომარეობაშია. როცა ახალგაზრდა გოგო პირველ შვილს ელოდება, უნდა რომ მის გვერდით იყოს მისი მეუღლე, რისი საშუალებაც მათ დღეს არა აქვთ", — განაცხადა სალიამ.

დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის ის მკვიდრია, ვინც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტება საერთაშორისო ვიზიტორებს. ის არ აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტება და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვა სცადა.

2020 წლის დეკემბერში დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი-ქურთაევი დააკავეს. ის ამჟამად ახალგორში იმყოფება. როგორც დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი ამბობს, შვილიშვილი თავის ცოლთან ერთად მათ მოსავლელად გადავიდა. ცოლი ოკუპანტებმა 17 დეკემბერს დააბრუნეს.