როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
სამოქალაქო პროტესტის დროს ხალხის დასაშლელად ცრემლსადენ გაზს ხშირად იყენებენ. წიწაკის სპრეისგან განსხვავებით, რომელსაც უფრო ახლო მანძილზე ისვრიან, ცრემლსადენი გაზი შედარებით ფართო ტერიტორიაზე ვრცელდება და ორგანიზმში მისი მოხვედრის შანსიც მეტია.
ეს ფუნქციონირებას გვირთულებს, რადგან თვალებს, პირს, სასუნთქ სისტემასა და კანს აღიზიანებს. სხვადასხვა დისკომფორტს შორის შესაძლოა გამოიწვიოს:
- თვალების, ცხვირის, პირისა და კანის წვა;
- ჭარბი ცრემლდენა;
- მხედველობის დაბინდვა;
- უხვი გამონადენი ცხვირიდან;
- გაძნელებული სუნთქვა;
- ხველა;
- გამონაყარი;
- ორიენტაციის დარღვევა.
როგორი მძაფრიც არ უნდა იყოს სიმპტომები, დაიმახსოვრეთ, რომ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ცრემლსადენი გაზი მომაკვდინებელი არაა. თუკი ასთმა, გაზის რომელიმე კომპონენტზე ალერგია ანდა სხვა დაავადება გაქვთ, შესაძლოა, გართულებების რისკი მეტი იყოს.
ცრემლსადენი გაზის გაშვების შემთხვევაში ეს ზოგადი რეკომენდაციები შეგვიძლია დავიცვათ:
- ეცადეთ, სუნთქვა შეიკავოთ გაზის გავრცელების ადგილს მოშორდეთ — უმჯობესია, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ანდა შემაღლებული ადგილისკენ იმოძრაოთ. აირი ქარის მეშვეობით ვრცელდება, ამიტომ მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას ცრემლსადენი აირის ნაწილაკები თქვენკენ ნაკლებად წამოვა. ამასთანავე, აღნიშნული ნაწილაკები ჰაერისაზე მძიმეა, ამიტომ ისინი, ჩვეულებრივ, მიწასთან ახლოს გროვდება.
- სახე დაიცავით — თან იქონიეთ ნიღაბი, დამცავი სათვალე ან აირწინაღი. შეიძლება გამოდგეს სახის ფარიც. ფილტრიანი აირწინაღი ცრემლსადენი გაზის ნაწილაკებისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიანია. დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ეს საშუალება სახეზე კარგად გერგებათ.
- დაიფარეთ კანი — ცრემლსადენი გაზის მოხვედრამ კანის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. უმჯობესია, გრძელმკლავიანი ზედა და შარვალი ჩაიცვათ, ასევე ხელთათმანები და ყელიანი ფეხსაცმელი. უმჯობესია ქუდით ან სხვა საშუალებებით დაიფაროთ თმა და სკალპიც.
- თან იქონიეთ წყალი ან მარილის ხსნარი — იმ შემთხვევაში, თუკი გარშემო ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, თვალების, ცხვირისა და პირის გამოსარეცხად წყალი ან მარილის ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუკი ხსნარი არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ თითო ლიტრზე ორი ჩაის კოვზი მარილის გარევით თავად დაამზადოთ იგი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს წყალზე უკეთ მარილის ხსნარი დაგვეხმარება. იგი სიწითლისა თუ შესივების შესამსუბუქებლადაც გამოდგება.
- საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებას — თუკი სუნთქვა ძალიან გიჭირთ, მკერდის არეში ტკივილს გრძნობთ და თვალებიც ძალიან გაგიღიზიანდათ, უმჯობესია, ადგილზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართოთ.
დაბოლოს, დაიმახსოვრეთ, რომ ცრემლსადენი გაზისგან გამოწვეული დისკომფორტი დროებითია. მისი ზემოქმედება დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გაივლის.
კომენტარები