როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში სმარტფონს თითქმის ყველა ადამიანი იყენებს, ჩვენი პერსონალური ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მოწყობილობაშია თავმოყრილი. თუკი, მაგალითად, ძალისმიერი დაკავებისას ის ხელში უცხო პირებს ჩაუვარდებათ, შესაძლებელია, მათ თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა მარტივად მოიპოვონ.
შესაბამისად, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, აქციაზე წასვლამდე მობილური ტელეფონების სხვადასხვა ფუნქცია გავთიშოთ, ზოგიც კი გავააქტიუროთ. ამ სტატიაში სწორედ ისეთ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებიც პროტესტისას ციფრული უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
1. გამორთეთ ბიომეტრიული განბლოკვის ფუნქცია
iOS და Android სმარტფონების განსაბლოკად ბევრი მომხმარებელი ბიომეტრიულ მონაცემებს იყენებს, როგორიცაა თითის ანაბეჭდი და სახის ამოცნობის სისტემა. მართალია, ჩვეულებრივ პირობებში ამ გზით პირადი ინფორმაციის დაცულობას უზრუნველვყოფთ, მაგრამ პროტესტში მონაწილეობისას ყველაფერი სხვაგვარადაა.
არაა გამორიცხული, ძალოვნებმა მობილურის განბლოკვა ფიზიკურად გაიძულონ და იქიდან მოპოვებული ფაილები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, რომ მოწყობილობის შიგთავსზე წვდომისთვის დროებით რამდენიმე ციფრისგან შედგენილი პინი ან პაროლი დააყენოთ, რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.
iOS-ში ბიომეტრიული განბლოკვის დეაქტივაციისთვის მიჰყევით ინსტრუქციას: Settings -> Touch ID & Passcode, შემდეგ კი წაშალეთ დამახსოვრებული ანაბეჭდები.
Android-ის შემთხვევაში, ინსტრუქციები მწარმოებელზეა დამოკიდებული. მაგალითად: Settings > Biometrics and security > Samsung Pass თუ Samsung-ის მობილური გაქვთ; Settings -> Security -> Nexus Imprint თუ Nexus-ის ტელეფონი გაქვთ; Settings -> Passwords and Security თუ Xiaomi გაქვთ.
2. გამოიყენეთ VPN სერვისი
თუ აქციაზე ინტერნეტით სარგებლობას აპირებთ, ავტომატურად ხდებით ციფრული თვალთვალის სამიზნეც. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, რომ ტელეფონში საჯაროდ ხელმისაწვდომი Wi-Fi არ გააქტიურდეს, იქნება ეს Tbilisi Loves You თუ სხვა, თუნდაც კვების რომელიმე ობიექტის ქსელი.
თავის დასაზღვევად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება VPN სერვისის, იგივე Virtual Private Network-ის, დაყენებაა (Mullvad VPN, NordVPN, ProtonVPN). ის სანდო და დაცულ კერძო ინტერნეტ ქსელს ქმნის და თქვენს მისამართს (IP-ს) მალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნაბიჯები ინტერნეტში თვალთვალის სამიზნე ვერ გახდება. ეს იმიტომ, რომ VPN შიფრავს იმ ინფორმაციას, რომელსაც Wi-Fi-ს გავლით იღებთ ან გზავნით, შიფრი კი მას წაუკითხვადს ხდის.
3. დაშიფრეთ მოწყობილობის მეხსიერება
თუ VPN-ის მეშვეობით იმ მონაცემების უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ, რომლებსაც სმარტფონში ვიღებთ ან ვგზავნით, მთლიანი დისკის (მეხსიერების) დაშიფვრით უკვე მოწყობილობაში არსებულ ფაილებს ვიცავთ. ეს ეხება როგორც ფოტოებსა და ვიდეოებს, ისე ტექსტურ შეტყობინებებსა და ბრაუზერის პაროლებს.
Android და iOS მობილურების დიდ ნაწილში ეს ფუნქცია ჩაშენებულია. კარგი იქნება, თუ მონაცემებს 8-12-სიმბოლოიანი პაროლით დაიცავთ, რომელიც მეტ-ნაკლებად მარტივად დასამახსოვრებელი იქნება.
4. კამერა სმარტფონის განბლოკვის გარეშე გამოიყენეთ
საპროტესტო აქციებზე მრავალი ემოციური და მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, რომელთა დაფიქსირებაც გვსურს. ამგვარი ფოტოები და ვიდეოები ხშირად მოსახლეობაში მუხტს ზრდის და ისტორიულ მომენტებს კადრებში ინახავს.
ამის მიუხედავად, აღნიშნული მიზნით მობილურის კამერის გამოყენებისასაც ფრთხილად უნდა იყოთ. შესაძლოა, განბლოკილი სმარტფონი გადაღების პროცესში ხელიდან გამოგტაცონ ან ის დაგივარდეთ და დაკარგოთ, შედეგად კი თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა სხვამ მოიპოვოს.
მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, რომ ფოტოები და ვიდეოები მოწყობილობის განბლოკვის გარეშე გადაიღოთ. ეს შესაძლებელია როგორ iOS, ისე Android მობილურებში.
5. გადადით უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებზე
ისეთი ფართო გამოყენების სოციალური ქსელები, როგორიც Facebook ან Twitter-ია, უსაფრთხოების მხრივ არც ისე დაცულია. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ იქიდან პირადმა მონაცემებმა გაჟონოს. მაგალითად, ჯგუფებსა თუ ღონისძიებების გვერდებზე თქვენს აქტივობებს დააკვირდნენ.
ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა Signal-ია. ესაა დაცულობაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებს. დასარეგისტრირებლად კი ტელეფონის ნომერია საჭირო. მასში ინფორმაცია end-to-end-ითაა დაშიფრული, რაც ნიშნავს, რომ შეტყობინების შიგთავსი მხოლოდ კომუნიკაციაში ჩართული ადამიანებისთვისაა ხილული (წაიკითხეთ ვრცლად: რატომაა სიგნალი ყველაზე დაცული საკომუნიკაციო საშუალება მსოფლიოში?).
კომენტარები