რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
საპროტესტო აქციების დასარბევად წიწაკის სპრეის არცთუ ისე იშვიათად იყენებენ. როგორც წესი, მას ცრემლსადენ გაზთან შედარებით ახლო მანძილზე ისვრიან კონკრეტული ადამიანების მისამართით.
რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოქმედებს
წიწაკის სპრეის აქტიური ინგრედიენტი წიწაკის ზეთოვანი ექსტრაქტია, იგივე Oleoresin Capsicum, რომელიც კაპსაიცინოიდების ნარევია. სწორედ ზეთოვანი ბუნების გამოა იგი საკმაოდ რთულად ჩამოსაბანი და არც წყალში იხსნება.
კაპსაიცინოიდები ნაერთთა ჯგუფია, რომელიც ცხარე წიწაკაში შემავალ ნივთიერებებს აერთიანებს. მათ წიწაკის აეროზოლებსა თუ სხვა ქიმიურ გამღიზიანებლებში იყენებენ. ისინი სხეულში კონკრეტულ რეცეპტორებს, TRPV1-ებს, უკავშირდება, რომლებიც სიცხისა და ტკივილის დაფიქსირებაზე აგებს პასუხს. შესაბამისად, მათი გააქტიურების შემდეგ დაზიანებულ ადგილას ძლიერი წვა და ტკივილი წარმოიქმნება.
Oleoresin Capsicum-ის მოხვედრა ლორწოვან გარსებსა და ზედა სასუნთქ სისტემას აღიზიანებს. შედეგად იწვევს ძლიერ ცრემლიანობას, წვის შეგრძნებას, მხედველობის დროებით დაკარგვას, ხველასა და სუნთქვის გაძნელებას. როგორც წესი, მისი ზემოქმედება სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათში ქრება.
როგორ მოვიქცეთ, თუ წიწაკის სპრეი შეგვასხეს
მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი საფრთხის არსებობის შემთხვევაში სახე დაიცვათ — თან იქონიეთ დამცავი სათვალე, აირწინაღი, სახის ფარი ანდა მინიმუმ ნიღაბი. დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ეს საშუალება სახეზე კარგად გერგებათ.
წიწაკის აეროზოლისათვის ეფექტიანი ანტიდოტი არ არსებობს, თუმცა მისი მოხვედრის შემთხვევაში რამდენიმე ზომის მიღება მაინც შეგვიძლია:
- მოიშორეთ ტანისამოსი, რომელსაც სპრეი მოეცხო ისე, რომ ნივთიერება კანზე არ მოგხვდეთ;
- ეცადეთ, თვალები არ დახუჭოთ და ცრემლი მოიდინეთ, რომ ნივთიერება მალე ჩამოირეცხოს; შეგიძლიათ, იმავე მიზნით თვალები სწრაფ-სწრაფად ახამხამოთ;
- სპრეი წყლით მოიბანეთ: თვალები ისე ამოირეცხეთ, რომ ნივთიერება ხელახლა არ ჩავიდეს თვალში; ჩამობანა არ დაიწყოთ შუბლიდან;
- სპრეის მოხვედრის ადგილი სუფრის ძმარში (2-6%) დასველებული ბამბით ან ხელსახოცით დაიმუშავეთ; ასე იგი მარტივად ჩამოირეცხება წყლით;
- საპნის გამოყენების შემთხვევაში იგი თვალებში არ მოიხვედროთ;
- არ მოისრისოთ თვალები — შესაძლოა, ამან გაღიზიანება გაამძაფროს;
- წვის ოდნავ შესამსუბუქებლად რამე დაინიავეთ.
დაიმახსოვრეთ, რომ მწვავე დისკომფორტი დროებითია. უმეტესად იგი დაახლოებით ერთ საათში გაივლის ხოლმე.
კომენტარები