"გროსმაისტერი" და სხვა — ყველა ეპითეტი, რომლითაც ივანიშვილი "ოცნებაში" შეამკეს
ბიძინა ივანიშვილმა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი, თავად პარტია და საერთოდ, პოლიტიკა დღეს უკვე მეორედ დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქპოსტით გვამცნო. ის მიიჩნევს, რომ მისია შესრულებულია.
"მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.
ბუნებრივია, ლიდერის ეს გადაწყვეტილება მისი, აწ უკვე ყოფილი გუნდის წევრების გამოხმაურების გარეშე ვერ ჩაივლიდა. პრემიერმინისტრით დაწყებული, რიგითი დეპუტატით დამთავრებული, უკლებლივ ყველამ აღნიშნა ივანიშვილის ღვაწლი, თავდადება და პოლიტიკური თუ ადამიანური ქველმოქმედება.
დავიწყოთ პრემიერმინისტრით, რომელმაც ლიდერს ბოლო წლების ქართული პოლიტიკის "შემქმნელი და განმსაზღვრელი" უწოდა.
"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს, აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს, მართოს ქვეყანა", — აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც მალე ივანიშვილის ადგილს დაიკავებს, ის ჭადრაკის ტრენდს არ ჩამორჩა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი "2011 წელს პოლიტიკაში მოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი".
"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა.
პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ხოლო, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, გარდა პოლიტიკური შეფასებისა, ივანიშვილს "ადამიანურად მადლობა გადაუხადა" ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მას აქვს გაკეთებული.
"სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართულმა ოცნებამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, ამ წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე კი ბედნიერია, რომ მისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისიდან ამ დრომდე ივანიშვილის მხარდამხარ მოუწია სვლა და "დემოკრატიის განვითარებაშიც" მასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
"დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად", — დაწერა კალაძემ ფეისბუქზე.
გადავიდეთ მინისტრებზე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრით, ნათია თურნავათი დავიწყოთ, რომელმაც ივანიშვილს დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედი უწოდა. მეტიც, მისი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაც და წასვლაც პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო.
"დღევანდელი მისი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, იმიტომ, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლისა და პოლიტიკიდან წასვლის პროცესიც იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი — ის მოვიდა პოლიტიკაში იმ დროს, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები. მან და ქართულმა ოცნებამ მოიტანა ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მართვით სადავეებს", — განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას შემდეგ უნდა აღინიშნოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ივანიშვილის ღვაწლზე საუბრის ერთ კომენტარში ჩატევა გაუჭირდა, ამიტომ ვრცლად ისაუბრა და ხაზი გაუსვა ივანიშვილის სახელწმიფოებრივ ქცევას.
"ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცენდენტო ნაბიჯი, კიდევ ერთხელ გვაჩვენა და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევის, საჭიროებს მადლიერების გამოხატვას. მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი, რომ შევაფასოთ და დავაფასოთ მისი ეს საქმიანობა", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის და ამ განცხადების შემდეგ ღარიბაშვილმა შალვა რამიშვიშვილის POSTV-ში ეს განცხადება გააკეთა:
"რომელი მმართველი ყოფილა ბიძინა ივანიშვილზე უფრო დემოკრატი? არცერთი!".
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მიაჩნია, რომ ივანიშვილმა, თავისი ხედვისამებრ, პოლიტიკა დატოვა მაშინ, როცა ქვეყნის განვითარება და პოლიტიკური გუნდი სწორ გზაზე დააყენა.
"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომფორტიც არის, მინდა ვთქვა, როდესაც ასეთი ლიდერი გყავს გუნდში, რომელსაც აქვს ასეთი უზომო ავტორიტეტი და რომელიც ატარებს ასევე ამ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის განვითარება და შენება ჰქვია. მაგრამ, მისი ხედვა ყოველთვის იყო ის, რომ მაშინ, როდესაც ის ჩათვლიდა, რომ ამ სწორ გზაზე დააყენებდა ზოგადად, ქვეყნის განვითარებას და მათ შორის, გუნდის განვითარების გარკვეულ ეტაპზეც, ის დატოვებდა პოლიტიკას", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ივანიშვილის მაღალ სტანდარტებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილმა მართვის სადავეები ჯანსაღ და შეკრულ გუნდს დაუტოვა.
"ბატონმა ბიძინამ, რა თქმა უნდა, დაამკვიდრა საოცრად მაღალი სტანდარტი იმ თვალსაზრისით, რომ მან, იმის შემდეგ, რაც ქართულ ოცნებას მესამედ გადასცა ქართველმა ხალხმა არჩევნების შედეგად მანდატი, მართვის სადავეები გადასცა ქართული ოცნების ჯანსაღ, შეკრულ გუნდს, რომელიც მზად არის და რომელსაც აქვს მზაობა მართოს ეს ქვეყანა", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რიგი დავუთმოთ დეპუტატებსა და მათ მოსაზრებებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზციის განცხადებების შესახებ პროგნოზი შემოგვთავზა და გვამცნო, რომ ივანიშვილის ნაბიჯს ოპოზიციის მხრიდან "აბსურდული მესიჯები" მოჰყვება.
"ჩვენ დღეს, ხვალ, ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრ აბსურდულ ნარატივს და მესიჯს ვნახავთ ოპოზიციის მხრიდან. ისინი ეცდებიან, რომ ეს ძალიან, ერთი მხრივ, თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტებისა და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულონ. მოდი, ეს მათ ილაპარაკონ", — განაცხადა მდინარაძემ.
ერთპარტიული პარლამენტის უმრავლესობის ე.წ. მესიჯბოქსი მსგავსია — ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მიზანი ძალაუფლება არ ყოფილა და ამას თავისი ნებით პოლიტიკიდან წასვლაც მოწმობს.
ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კუჭავა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასავლელ პარტნიორებს უმტკიცებდა, რომ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წარმომადგენლების სახით პროევროპული ოპოზიცია შევიდა, მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში "გაძლიერდა პროდასავლური კურსი".
"ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას არასდროს არ ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკაში მოსვლა და ის დაპირებები, რომ დაასრულებდა ძალადობრივ რეჟიმს და ეს მან განახორციელა", — აღნიშნა კუჭავამ.
თითქმის იმავეს იმეორებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და ამბობს, რომ ძალაუფლების ნებაყოფლობით დათმობა სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტია.
"ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ. ეს არის ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მიმართული, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში", — განაცხადა ოხანაშვილმა.
კოლეგებს არ ჩამორჩა პარლამენტის ახალბედა წევრი, ბექა დავითულიანი და განაცხადა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში გამარჯვებით შემოვიდა და გამარჯვებული მიდის.
"შემოვიდა [პოლიტიკაში] მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მის გარდა პრაქტიკულად იმედი აღარ არსებობდა, დაალაგა ისე, როგორც მას მიაჩნია, რომ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და ინსტიტუტები. როცა ქვეყანა დადგა დემოკრატიის შეუქცევად რელსებზე, ის გადის ამ პოლიტიკიდან", — აღნიშნა დავითულიანმა.
ლადო კახაძე კი გვარწმუნებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება "ძალიან უახლოვდება საზოგადო ქონებას".
"ამ კაცის ქონება ძალიან უახლოვდება საზოგადო ქონებას, რადგან რაც მას აქვს გაკეთებული თითოეული ადამიანისათვის ქველმოქმედების კუთხით, მხარდაჭერის კუთხით, იდეების აღსრულების კუთხით, ეს მარტო მისასალმებელია", — აღნიშნა დეპუტატმა.
ვერ გამოვტოვებთ შოთა ხაბარელსაც, რომელიც ივანიშვილს წერილის წაუკითხავად ეთანხმება.
"ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ გადაწყვეტილებები რაც ვნახე მის წერილში, ყველაფერს ვეთანხმები", — განაცხადა ხაბარელმა TV პირველთან.
მაია მენაღარიშვილმა კი მედიასთან ივანიშვილის წერილი სიღრმისეულად განიხილა და გვამცნო, რომ პარტიის ლიდერს და აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს "ტექსტის კარგი აღქმა აქვს".
"ვერ წარმოიდგენთ, როგორი ტექსტის აღქმა აქვს, შეიძლება გაოცდეთ, საოცრად, კი, თვითონ წერს. თვითონ არის მთავარი ორგანიზატორი ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, შემდეგ სარედაქციო ცვლილებები შედის, რა თქმა უნდა", — განაცხადა დეპუტატმა TV პირველის ეთერში.
და ბოლოს, უმრავლესობის დეპუტატი, დავით სერგეენკო ვარაუდს გამოთქვამს, რომ ივანიშვილის წასვლა საბოლოოა და პოლიტიკაში მესამედ აღარ დაბრუნდება.
"თეორიული ნათქვამია — არასოდეს თქვა, არასოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ეს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება", — განაცხადა დავით სერგეენკომ.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შს-ს მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.
ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.
პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები