რა კავშირი აქვს ტექნოლოგიებს პოლიტიკასთან? — სფეროს მომავალი ცენზურასა და იზოლაციაში
ნანა დიხამინჯია ტექნოლოგიებისა და პოლიტიკის კავშირზე, ასევე ტექნოლოგიური განვითარების მომავალზე გვესაუბრება.

ფოტო: Drooker.com / NEXT.On.ge
საქართველოში 20 ივნისს სამდღიანი ტექნოლოგიური კონფერენცია, Global Tech Weekend, დაიწყო. ლარისა პატარაიას პოსტის მიხედვით, 19 ივნისის ღამით ღონისძიებაზე გამომსვლელებმა მეილით მკაცრი გაფრთხილება მიიღეს: მათ "პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს შენარჩუნების მიზნით" პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი აეკრძალათ — როგორც პოლიტიკურ მოძრაობებზე, ასევე სამთავრობო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკურ კონფლიქტებზე საუბარიც.
Global Tech Weekend-ის ვებგვერდის მიხედვით, ღონისძიება ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ არაერთ თემას მოიცავს, მათ შორის: ხელოვნურ ინტელექტს (AI), ფინტექს, აგროტექნოლოგიებს, სტარტაპებს, მედიასა და ციფრულ მარკეტინგს.
მაინც რამდენადაა შესაძლებელი, ტექნოლოგიურ განვითარებაზე პოლიტიკის ხსენების გარეშე ვისაუბროთ? ზოგადად, რამდენად უკავშირდება ტექნოლოგიები პოლიტიკას და არის თუ არა ეს სფეროები განცალკევებული?
"ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ბიზნეს გარემოს სიმარტივეზე და დაცულობაზე, კორუფციის მასშტაბზე, კანონმდებლობაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე და განათლების სისტემაზე", — ამბობს ნანა დიხამინჯია, ტექნოლოგიური მრჩეველი, NEXT.On.ge-სთან საუბრისას — "ყველა ეს სფერო მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმასთან, პოლიტიკურ კონტექსტთან და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან".
ნანას ვთხოვეთ, ეს ყველაფერი საქართველოს კონტექსტში უფრო დეტალურად აეხსნა.
როგორ აისახება საქართველოს პოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო კავშირები ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, მაგალითად AI-ის განვითარებაზე?
საქართველოს მსგავსი პატარა და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში ამას ემატება განვითარებულ ქვეყნებთან თანამშრომლობის აუცილებლობა, რაც დამატებით კავშირებს ქმნის პოლიტიკასთან.
შეიძლება მასშტაბურ კონფერენციაზე ვილაპარაკოთ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ისე, რომ ევროინტეგრაციის შეჩერება და ამით გამოწვეული საზიანო შედეგები არ ვახსენოთ?"
მაგალითად, ამჟამად ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის ქარხნების, ანუ ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე მორგებული სუპერგამოთვლითი ცენტრების, შექმნა — უკვე ოცი ცენტრია დაგეგმილი NVIDIA-სთან თანამშრომლობით, რომლებიც განხორციელდება EuroHPC JU პროგრამის ფარგლებში სხვა პროგრამების დახმარებით, როგორიცაა Horizont Europe, Invest AI. შემდეგი ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება კერძო-საჯარო პარტნიორობებით.
ამ პროცესებს რომ არ ჩამორჩენილიყო, სომხეთმა თავად დაიწყო თანამშრომლობა NVIDIA-თან და პირველ ეტაპზე სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ერთობლივი 500 მილიონიანი ინვესტიციით გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ქარხნის შექმნას, რომელიც დაეხმარება, რომ სწრაფად გახდეს ევროპული ქსელის ნაწილი.
მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის გამო საქართველო საერთოდ ამოვარდნილია ამ განხილვებიდან და შესაძლო თანამშრომლობებიდან.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიებისა და პოლიტიკის გამიჯვნამ?
ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგია, რომლის ადაპტირება უნდა მოახდინოს ყოველ წელს. როგორ ვილაპარაკოთ პოლიტიკის გარეშე იმაზე, რომ მეცნიერებათა აკადემიას, განათლების სამინისტროს თუ პარლამენტის განათლების კომიტეტს უკიდურესად დაბალი კომპეტენცია აქვს ამ თვალსაზრისით? ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, პატარა ჯგუფების მიერ სპონტანური პროცესებით ვითარდება ეს სფერო საქართველოში, რაც შემდეგ წლებში სწრაფ ჩამორჩენას გამოიწვევს.
იმავე დროს, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნა მარტივად ხელმისაწვდომია, მისი ინტეგრირება სხვადასხვა სფეროში შედარებით მარტივად ხდება. გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს იმ მიმართულებებში, რომლებიც ინჟინერიასთან იკვეთება: აგროტექნოლოგიები, ბიო- და სამედიცინო ინჟინერია, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერია. ამ მიმართულებებში პირველ ეტაპზე აუცილებელია სახელმწიფოს ინვესტიცია და უნივერსიტეტებში თანამედროვე კვლევითი ცენტრების შექმნა, რასაც სჭირდება აქტიური თანამშრომლობა ევროპულ და ამერიკულ კვლევით ცენტრებთან. ამის გარეშე მხოლოდ სხვების მიერ შექმნილი პროდუქტების გამომყენებლები დავრჩებით და არც სიღრმისეული ცოდნა შეიქმნება.
ეს ნიშნავს, რომ შემდეგი 50 წლის განმავლობაში, როცა ტექნოლოგიები და ინჟინერია ხდება სახელმწიფოების მთავარი სიმდიდრე, ჩვენ დაგვჭირდება როგორც მოწყობილობების, ისე ტექნოლოგიური სერვისებისა და ცოდნის იმპორტი, რაც კიდევ უფრო გაგვაღარიბებს.
საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში ასეთი ინვესტიციები და თანამშრომლობები ძირითადად ამერიკული და ევროპული გრანტებით ხორციელდებოდა, რაც მეტწილად შეჩერებულია ახლა და უფრო შემცირდება, რადგან ჩვენთვის განკუთვნილი თანხები გადადის პროევროპულ ქვეყნებზე — მოლდოვასა და სომხეთზე.
თქვენი აზრით, როგორ აისახება კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები სამეცნიერო-ტექნოლოგიურ განვითარებაზე?
"არცერთი მაღალტექნოლოგიური კომპანია არ გარისკავს ფილიალის შექმნას ისეთ ქვეყანაში, სადაც დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლება და პერსონალური მონაცემები არ არის დაცული..."
თუ ჩავხედავთ ახალ კანონს გრანტების შესახებ, ნებისმიერი დახმარება უცხოეთიდან, თუნდაც ცოდნის გაზიარების სახით, ითვლება გრანტად და მოითხოვება, რომ წინასწარ შეთანხმდეს ანტიკორუფციულ საბჭოსთან. მხოლოდ Erasmus და Horizont Europe პროგრამები შევიდა გამონაკლისებში. ეს არის იმდენად მძიმე ბიუროკრატიული მოთხოვნა, რომ ბევრი დონორი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე და ქართულ უნივერსიტეტებსაც ძალიან გაუჭირდებათ კოლაბორაციულ გრანტებში შესვლა სხვა ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად.
ამას ემატება ის, რომ ბევრი კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც მოსწავლეების და სტუდენტების განვითარებაზე იყო მიმართული, ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთაც ახლა მოეთხოვებათ დარეგისტრირება უცხოურ აგენტად. ჩემი ორგანიზაციის ჩათვლით რამდენიმე ორგანიზაცია დაიხურა, რომელიც წელიწადში ასობით მოსწავლისთვის ქმნიდა უფასო ტექნოლოგიურ პროგრამებს და ავითარებდა მოხალისეობრივად ცოდნის გადაცემის კულტურას ქვეყანაში.
ამჟამინდელი ფორმით ეს კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა და ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება მიეცა, უცხოურ აგენტად დარეგისტრირება მოსთხოვოს ნებისმიერ არაპოლიტიკურ ორგანიზაციას ან პირს, რომელიც უცხოეთთან თანამშრომლობს, თუკი ის პოლიტიკურ მოსაზრებას გამოხატავს. ზუსტად მსგავსი კანონების და მიდგომების გამო დატოვეს საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა რუსეთი და ბელარუსი და გადავიდნენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
ახლა იგივე საფრთხე საქართველოს ემუქრება. არცერთი მაღალტექნოლოგიური კომპანია არ გარისკავს ფილიალის შექმნას ისეთ ქვეყანაში, სადაც დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლება და პერსონალური მონაცემები არ არის დაცული და საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო შესაძლებელია მოქალაქეს სახლში შეუვარდნენ და სამსახურის ლეპტოპიც ჩამოართვან, რომელზეც კორპორაციული საიდუმლო ინახება.
როგორ გესმით ტექნოლოგიურ კონფერენციაზე პოლიტიკური ცენზურის დაწესება და რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ამან?
მხოლოდ საკუთარი ძალებით ტექნოლოგიურ და საინჟინრო განვითარებას ძალიან მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ."
როგორც წესი, ზემოთ აღნიშნულ პრობლემებზე საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ თავად დააფინანსებს ამ მიმართულებებს და მართლაც გამოყოფს ხოლმე მცირე დაფინანსებებს ძირითადად მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში, მაგრამ ეს განცხადებაც მათი არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალებით ტექნოლოგიურ და საინჟინრო განვითარებას ძალიან მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ.
შესაბამისად, როცა ტექნოლოგიურ კონფერენციაზე ვაცხადებთ, რომ სპიკერებს აკრძალული აქვთ პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ იზღუდება სახელმწიფოს მომავალი ტექნოლოგიური განვითარების შესახებ საუბარი. ეს აკრძალვა კიდევ უფრო პარადოქსულია, როცა კონფერენციას ჰქვია "მომავლის ფორმირება".
საქართველომ 70 წელი იცხოვრა საბჭოთა ცენზურის ქვეშ, რომელმაც სრულად შეაფერხა მისი განვითარება. ის, რომ ახლა ტექნოლოგიების ექსპერტები იწყებენ პროფესიულ ცენზურასთან შეგუებას, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს.
ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებს, სხვა სფეროებთან შედარებით, სახელმწიფოსგან ბევრად მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა აქვთ. თუკი მათ გაჩუმებას მოახერხებს ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რესურსებზე დამოკიდებული მასწავლებლები თუ საჯარო მოხელეები ვერასდროს აიმაღლებენ კრიტიკულ ხმას.
ვილაპარაკებთ ამაზე თუ არა, ნათელია, რომ ტექნოლოგიური სფერო და მისი განვითარება პოლიტიკურ პროცესებთან მჭიდრო კავშირშია. ინოვაციები, საერთაშორისო თანამშრომლობები თუ ხარისხიანი განათლება არა ცალკეული ინდივიდების შემართებაზე, არამედ სახელმწიფოს ღიაობასა და პოლიტიკურ კონტექსტზეც არის დამოკიდებული.
ტექნოლოგიურ პროგრესი არამხოლოდ ტექნიკურ ინოვაციებს, არამედ ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსაც მოითხოვს, ამის უგულებელყოფა კი ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს.
კომენტარები