22 ივნისს, გამთენიისას, აშშ ისრაელი-ირანის კონფლიქტში ჩაერია და ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა. კერძოდ, დაბომბილია სამი ბირთვული ობიექტი ფორდოში, ნატანზსა და ისფაჰანში. საზოგადოებაში ამან რადიაციულ საფრთხესთან დაკავშირებული ეჭვები გააჩინა.

აღნიშნულ დაწესებულებებს ირანი კვლევითი მიზნებით და ბირთვული მასალის, ურანის, გადამუშავებისა და გამდიდრებისთვის იყენებს. ეს ყველაფერი და, ზოგადად, ირანის ბირთვული პროგრამა ატომური ენერგიის წარმოებას უნდა ემსახურებოდეს. მეორე მხრივ, არსებობს ეჭვი, რომ ირანი შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდეს. ამის გამო ქვეყნის ბირთვული ობიექტები 13 ივნისს ისრაელის, 22-ში კი — უკვე აშშ-ის სამიზნე გახდა.

აშშ-ის თავდასხმას სოციალურ ქსელში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) დილის 9 საათისთვის გამოეხმაურა. მათი განცხადებით, იმ დროისთვის ქარხნებს გარეთ რადიაციის დონის მატება არ შეინიშნებოდა. თქვეს ისიც, რომ "IAEA ირანში არსებული სიტუაციის შესახებ დამატებით შეფასებებს გამოაქვეყნებს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი". IAEA-ს, დღის 3 საათის მონაცემებით, ახალი განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, რადიაციის დონის მატება არ შეინიშნებოდა არც 13 ივნისს, როცა ბირთვულ ობიექტებს თავს ისრაელი დაესხა.

ირანის ბირთვული ობიექტები, რომლებიც აშშ-მა დაბომბა

ფოტო: Lou Robinson and Annette Choi, CNN

ზოგიერთი ბირთვული ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ მიწისქვეშაა აშენებული საჰაერო იერიშებისგან თავდასაცავად. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება: ისფაჰანის მიწისზედა ქარხანა ნედლ ურანს გადაამუშავებს და გამდიდრებისთვის ამზადებს; ნატანზის ქარხანა, რომელიც ნაწილობრივ მიწისქვეშაა, ურანის გამდიდრებაზე მუშაობს ცენტრიფუგების გამოყენებით; ფორდოს მიწისქვეშა დაწესებულება, რომელიც მთის ქვეშაა აგებული, ასევე ურანის გამდიდრებაზე მუშაობს, თუმცა ამას უფრო მაღალი კონცენტრაციებით აკეთებს.

ცნობისთვის, ურანის გამდიდრება პროცესია, რომლის დროსაც ამ ნივთიერებას კონკრეტული კომპონენტის, 235U-ის, კონცენტრაციას უზრდიან. 235U ურანის, ქიმიური ელემენტის, კონკრეტული იზოტოპია (იზოტოპები ერთი ელემენტის სხვადასხვა ვარიანტია, რომლებსაც სხვადასხვა მასა აქვს). იგი ბირთვული ენერგიის ან იარაღის მისაღებად დანარჩენ იზოტოპებზე ეფექტიანია.

მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის მიხედვით, ნივთიერება ურანში 235U დაახლოებით 0.7% რაოდენობით გვხვდება (დანარჩენი წილი 238U-ს უკავია), ეს კი გამოსაყენებლად საკმარისი არ არის ხოლმე. ბირთვული ენერგიის მისაღებად ურანი ზემოხსენებული იზოტოპით 3–5%-ამდე უნდა იყოს გამდიდრებული, ბირთვული იარაღის შექმნისთვის კი 90% ან მეტია საჭირო.

როგორც აღვნიშნეთ, ირანმა 60%-ამდე მიაღწია, ეს კი მშვიდობიანი მიზნებისთვის საჭირო ზღვარს სცდება და ბევრად ახლოა იარაღის შესაქმნელად საჭირო კონცენტრაციასთან. IAEA-ს შეფასებით, თუკი ურანის გამდიდრებას განაგრძობენ, ეს მარაგი 6 ბომბის შესაქმნელად საკმარისი იქნება.

რა საფრთხეს შეგვიქმნიდა ქარხნებიდან ურანის გაჟონვა?

Associated Press-ის მიხედვით, ამ დაწესებულებებიდან რადიაციას რომც გაეჟონა, ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნებოდა, რომ ადგილობრივად ან რეგიონში ადამიანებისთვის საფრთხე შეექმნა — ამისათვის დიდი რაოდენობით ურანის შესუნთქვა იქნებოდა საჭირო. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ეს რაიმე საფრთხეს შეგვიქმნიდა.

"ამ ტიპის თავდასხმებისას ძალიან მცირე რაოდენობის ურანი გაჟონავს", — განაცხადა დევიდ ოლბრაითმა, ფიზიკოსმა და ბირთვული იარაღების ექსპერტმა.

მისი თქმით, თავად ურანი განსაკუთრებით ტოქსიკური არ არის და ზოგიერთ გარემოში შედარებით ხშირია, მათ შორის დიდ სიმაღლეებზე. ოლბრაითის აზრით, ურანის მჟონავ ქარხანასთან დგომისას იმაზე მეტ დასხივებას არ მივიღებდით, რამდენსაც — ატლანტის ოკეანეზე რამდენჯერმე გადაფრენისას.

ამის მიუხედავად, საფრთხე შეიძლება არა რადიაციამ, არამედ ფთორმა შექმნას — სხვა ქიმიკატმა, რომელიც ურანის გამდიდრებისას გამოიყენება. ამ ნივთიერებას ურანის გამდიდრებულ ფორმას ურევენ. ასე ურანის ჰექსაფთორიდს იღებენ და ცენტრიფუგებში უშვებენ. ფთორი ძალიან რეაქტიული ელემენტია. იგი რეაქციებში მარტივად შედის, ძალიან სწრაფად იჟანგება და კანის დაწვაც შეუძლია, ხოლო შესუნთქვის შემთხვევაში განსაკუთრებით მომაკვდინებელია.

საზოგადოებისთვის რადიაციის რისკი იმ შემთხვევაში შეიქმნებოდა, თუ თავდასხმა ბუშერის ქარხანაზე, ირანის ერთადერთ კომერციულ ატომურ ელექტროსადგურზე, განხორციელდებოდა. აქ რეაქტორის აქტიური ზონა და გახარჯული ბირთვული საწვავი ყველაზე რადიოაქტიური კომპონენტებია, ზოგი მასალა კი ათასობით წლის განმავლობაში იქნება სახიფათო.

ამის მიუხედავად, ბუშერის ქარხანაზე თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იგი ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილად არ მიიჩნევა.

რა არის ირანის ბირთვული პროგრამა?

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანახმად, ირანის ბირთვული პროგრამა 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს. იგი ურანის გამოყენებისთვის საჭირო ყველა პროცესს აერთიანებს. ამ პროგრამის ფარგლებში ირანში არაერთი დაწესებულება ფუნქციონირებს:

  • ბონაბში, თეირანსა და ფორდოში კვლევითი დაწესებულებებია;
  • ბუშერში ბირთვული ელექტროსადგურია;
  • საგანდსა და ბანდარ აბასში ურანის საბადოებია;
  • არაქსა და ისფაჰანში ურანის გადამუშავების ქარხნებია;
  • ნატანზშია ურანის გამდიდრების ქარხანა, რომელსაც ისრაელი თავს დაესხა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.

BBC-ს მიხედვით, ირანი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება. ამის მიუხედავად, ბევრი ქვეყანა თუ ორგანო ამაში დარწმუნებული არ არის, მათ შორის არც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), რომელიც ბირთვული პროგრამების მეთვალყურე ორგანიზაციაა.

ახლახან IAEA-ს საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT) დაარღვია. ირანის მიმართ ეს ბოლო 20 წელში პირველი მსგავსი დეკლარაციაა.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ირანმა "არაერთი კრახი" განიცადა, რომ არადეკლარირებულ ბირთვულ მასალებზე, ასევე იზოტოპით გამდიდრებული ურანის მარაგზე სრული ინფორმაცია მიეწოდებინა. მანამდე IAEA-მ მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ურანი 60%-ით იყო გამდიდრებული — თითქმის იმდენით, რამდენიც ბირთვული იარაღის შესაქმნელადაა საჭირო. .

ეს მშვიდობიანი მიზნებისთვის საჭირო ზღვარს სცდება და ბევრად ახლოა იარაღის შესაქმნელად საჭირო კონცენტრაციასთან. IAEA-მ წინა თვეებში განაცხადა, რომ, თუკი ურანის გამდიდრებას განაგრძობდნენ, ეს მარაგი 6 ბომბის შესაქმნელად საკმარისი იქნებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.