უცნობი სექსმუშაკი ქალები — მე-19 საუკუნის ეროტიკული ფოტოები
დიტა ვონ ტიზი ცნობილი ამერიკელი ბურლესკის მოცეკვავე, მოდელი და მწერალია. მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია ნაწყვეტები წინასიტყვაობიდან, რომელიც რობერტ ფლინ ჯონსონის წიგნისთის – სექსმუშაკი გოგოები: ამერიკული საროსკიპო, დაახლოებით 1882 წელი – დაწერა. წიგნი 2018 წელს გამოქვეყნდა და ფოტოგრაფ უილიამ გოლდმენის ეროტიკული ფოტოების ისტორიას მოგვითხრობს. ამ სტატიაში გამოყენებული ყველა ფოტო, რომლებიც შედარებით ნაკლებად "თამამი" ხასიათის გამოა შერჩეული, სწორედ ამ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი ფოტოსერიიდანაა.
სექსუალობასთან დაკავშირებული პროფესიის მქონე ქალები განსხვავებული სტილით თავიანთ თავებს ყოველთვის გამოარჩევდნენ სხვა ქალებისგან და მათი თანამედროვეობისთვის მიღებული წეს-ჩვეულებებისგან. ისტორია გვამცნობს, რომ სამეფო კარზე მოდის ტრენდებს სწორედ სახელგანთქმული ხარჭები და კურტიზანი ქალები ქმნიდნენ. ბურლესკის დიდებული მოცეკვავე ქალები, იქნება ეს სალი რენდი თუ ჯიფსი როუზ ლი, თავიანთი სახასიათო სტილით გამოირჩეოდნენ, რაც მათ საინტერესო და განსაკუთრებული ინდივიდუალობის მქონე პიროვნებებად აქცევდა.
პენსილვანიის შტატის ქალაქ რიდინგში მდებარე საროსკიპოში სექსმუშაკი გოგოები უილიამ გოლდმენისთვის 1890-იან წლებში პოზირებდნენ. იმ დროისთვის ფოტოგრაფია ჯერ კიდევ განვითარებად ტექნოლოგიად და ხელოვნების ახალ სფეროდ ითვლებოდა: მომენტალური ფოტოგადაღების იდეა კიდევ რამდენიმე ათწლეულით შორს იყო. შესაბამისად, ეს ფოტოები მეტია, ვიდრე უბრალოდ მათზე აღბეჭდილი ადამიანების საქმიანობის ამსახველი კადრები. კამერის წინ პოზირება საკმაოდ რთული საქმე იყო: ეს მშვიდად, გაუნძრევლად ყოფნას მოითხოვდა. როგორც ჩანს, ამ გოგოებმა ძალიან მოხიბლეს უილიამ გოლდმენი — ყველას როდი სთავაზობენ, ხელოვნების ნიმუშის მთავარ მოქმედ პირად იქცეს.
სილამაზე და მშვენიერება ყველაზე ყოფით პროცესებშიც კი შეგვიძლია დავინახოთ. ადგილობრივმა ფოტოგრაფმა და მისმა ანონიმურმა მუზებმა შეძლეს, მოხერხებულად გაეერთიანებინათ იმ დროს აქტუალური ედგარ დეგას მხატვრობისთვის დამახასიათებელი შიშველი ფიგურები და ეროტიკული შინაარსის ფოტოგრაფია.
გოლდმენის მოდელებს შორის ჩემი მზერა მიიპყრო გოგოების ზოლიანმა მაღალყელიანმა წინდებმა და მუქი ფერის სექსუალურმა ბიუსტჰალტერებმა. ეს პენსილვანიელი ქალბატონები არ გამოირჩეოდნენ ისეთი სიმდიდრით, როგორიც მადამ დიუ ბარის (საფრანგეთის მეფის, ლუი მე-15-ის ცნობილი კურტიზანი) სახელთან ასოცირდება, ან ისეთი თავისუფლებითა და დიდებით, როგორიც, მაგალითად, მე-20 საუკუნის კინოვარსკვლავსა და სექსსიმბოლოს მეი უესტს ჰქონდა. თუმცა, ისინი თავისებური ხერხებით ცდილობდნენ, თავიანთი მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ − გამომწვევი საცვლებითა და თამამი ჩაცმის სტილით თავი უფრო მოხდენილად და მოდურად ეგრძნოთ.
ადამიანისათვის რჩეულობის განცდა ფუნდამენტურია. ცოტა შემთხვევა თუ მოიძებნება ისეთი, იმ განსაკუთრებულობის გრძნობას რომ დაჩრდილავს, რომელიც მაშინ გეუფლება, როდესაც ხელოვანი გთხოვს, შენი გარეგნობა და სილამაზე ხელოვნების ნიმუშში აღბეჭდოს. შესაფერის გარემოებაში, როცა აღტაცებისა და დაუოკებელი სურვილის ობიექტი ხარ და ამას შესაბამისი გრძნობით გამოხატავენ, არა მარტო გულს ედება მალამოდ, არამედ ეს თავდაჯერების, სიმტკიცის, ძალაუფლებისა და თავისუფლების შეგრძნებასაც კი გმატებს. თუმცაღა, ასეთი მომენტები ხშირად ძალიან ხანმოკლეა.
ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს ქარხნის მუშისა თუ მოახლის გაუსაძლისად მძიმე შრომაზე და პატრიარქალურ სამყაროში გადარჩენას თავიანთი გამჭრიახობითა და სექსუალობით ცდილობდნენ, ფოტოგრაფის კამერის წინ პოზირება არა მხოლოდ ამაღელევებელი იქნებოდა, არამედ ეს მათ თავდაჯერებასაც შეჰმატებდა. მხოლოდ წარმოდგენა თუ შეგვიძლია იმ საერთო თავბრუხვევისა, რომელსაც ერთ შუადღეს გადაღების დასრულების შემდეგ ყველანი გრძნობდნენ.
ამ კოლექციის ერთ-ერთ ფოტოში უილიამ გოლდმენსაც ვაწყდებით, რომელიც ფარშევანგივით მედიდურად პოზირებს. მისი პოზა, კლასიკური პორტრეტული მხატვრობის წესების შესაბამისად, მასკულინურია, თუმცა ამავდროულად მისი მუზების მსგავსად ფოტოზე სრულიად შიშველია. ფოტოგრაფმა სცადა, იმ განსაკუთრებულობის შეგრძნებით დამტკბარიყო, რასაც მისი მოდელები განიცდიდნენ. აქ გოლდმენის ფოტოსესიის პროცესის ობიექტურობა შეგვიძლია დავინახოთ: ასე, ფოტოაპარატის წინ საკუთარი სხეულის გაშიშვლებით, გოლდმენი ბოლომდე გახდა ამ გაბედული ფოტოპროექტის თანამონაწილე.
მართალია, დაფარულად და ფარდის მიღმა, თუმცა ეს ფოტოსესია მაინც ახერხებს, ხელოვანსა და მუზას შორის, ქალსა და კაცს შორის ძალთა ბალანსი დაგვანახოს. ამ ქალების კოლექტიური გადაწყვეტილება, რომ კამერის წინ გაშიშვლებულიყვნენ, თავიანთი სხეულების მიმართ მიმღებლურ დამოკიდებულებას ააშკარავებს და ამავდროულად, მიუხედავად ფოტოსესიის გასაიდუმლოებული ხასიათისა, კულტურულ ნორმებსაც უპირისპირდება.
სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმის კურატორ რობერტ ფლინ ჯონსონის სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ამ ერთ დროს დაკარგულ ფოტოკოლექციას მიუძღვნა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გოლდმენს ეს ფოტოები საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული, როგორც პირადი საუნჯე. გოლდმენი წარმატებული ფოტოგრაფი იყო: ის ძირითადად ქორწილებსა და სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებას იღებდა. შესაბამისად, ფოტოგრაფს ნამდვილად არ სურდა, საზოგადოებას მისი ამ პირადი შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ სცოდნოდა.
როგორც წესი, ქალაქის საროსკიპო აუცილებელ ბოროტებას წარმოადგენდა, სადაც კაცები კონკრეტული ვნებების დასაკმაყოფილებლად სტუმრობდნენ ქალებს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, მათ დამორჩილებოდნენ. ამ შემთხვევაში კი, ვხვდებით კაცის არა სექსუალურ წადილს, არამედ სურვილს, მეგობრულად განწყობილი ქალების სილამაზე და ვნება მოიხელთოს. ამ აღმოჩენით ერთდროულად ძალიან ბევრი რამის სწავლა და სიამოვნების მიღება შეიძლება.
ეს ფოტოკოლექცია საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთი პერიოდის "სოციალური პრობლემა" სხვა ეპოქისთვის კულტურული აღმოჩენა იყოს.
კომენტარები