მიკროსაფინანსოში შეჭრის საქმეზე ადვოკატის შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ბრალდებული პატიმრობაში რჩება. როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოს სხვადასხვა შუამდგომლობა, მათ შორის, გირაო შესთავაზეს, თუმცა არცერთი არ დაკმაყოფილდა.

"არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ ბატონი ზურაბაშვილი დაეტოვებინა პატიმრობაში. ჩვენ შევთავაზეთ გირაო, ასევე, შევთავაზეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლიდან გამომდინარე სხვადასხვა შეზღუდვა. მაგალითად, პირადობის ჩამორთმევა, ყოველდღე პოლიციაში სიარული, რომ დანაშაულს არ ჩავდივარო, მაგრამ, სასამართლომ მაინც არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და პატიმრობაში დატოვა", — განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სხდომაზე ნაფიცმსაჯულების არჩევის საკითხის განიხილეს, თუმცა ბრალდებულმა მათ ჩართვაზე უარი განაცხადა. ადვოკატის ცნობით, არსებითი სხდომა 25 იანვარს 3 საათზე გაიმართება.

20 ნოემბერს ერთი პირი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.

შენობიდან კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა. სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნებოდა, რომ პირდაპირი ეთერი ჩაერთოთ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეკრებილიყვნენ და 3 კანონი მიეღოთ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებდა, რა შემთხვევაში გაათავისუფლებდა მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვდა.

თავდაპირველად გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო. რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს მიკროსაფინანსოში ყუმბარა ჰქონდა შეტანილი. თუმცა ადვოკატის თქმით, ეს ყუმბარის ფორმის სანთებელა იყო.